დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინვალიდის ეტლიდან დანახული სამყარო
2010/06/21 12:47:35

14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით ქუთაისის ლადო მესხიშვილის აკადემიურმა თეატრმა ფოტო-პროექტს „მე-ანია“-ს უმასპინძლა. პროექტის ავტორი ახალგაზრდა ხელოვანი ანი გოგუაძეა, რომელმაც თავისი იდეა ჯერ თბილისში, შემდეგ კი ქუთაისში ფართო საზოგადოებას გააცნო. „მე-ანია“ მალე გაიხსნება ბათუმშიც და იმედი მაქვს, რომ ამ მოგზაურობის შემდეგ საზოგადოება ამ ადამიანებს სხვა სახით დაინახავს.

 

აქ გადაღებულია ლამაზი ქალბატონები, რომლებიც სხედან ინვალიდის სავარძლებში. ეს არის გლამურულ სტილში გადაწყვეტილი ფოტოსესიის შედეგი. ქალბატონებს ავთანდილ ცქვიტინიძის კაბები აცვიათ, რაც ამ პროექტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. „იდეა გაჩნდა სახელწოდებიდან გამომდინარე. მინდოდა მეჩვენებინა ქალი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, რომ ზის ეტლში, მაინც არის ქალი. ეს იყო იდეის დონეზე, სადაც ლამაზი ქალბატონები ისხდებოდნენ ეტლში, ლამაზ სამოსში გამოწყობილები, განსხვავება მხოლოდ ერთი დეტალი იქნებოდა - ინვალიდის ეტლი. მოხდა ისე, რომ ეს ყველაფერი თემატურად ძალიან კარგად ჩაჯდა ერთმანეთში და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა აქცია და ფოტოგამოფენა. მე ძალიან მინდა, რომ ბათუმში, ქუთაისში და ყველგან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნახონ „მე-ანია“ და გაითვალისწინონ, რომ ამ ადამიანებისთვის თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მათთვის რაც უფრო მალე გაკეთდება საჭირო პანდუსები, მით უფრო მალე გამოვლენ ეს ადამიანები გარეთ.“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში იდეის ავტორმა ანი გოგუაძემ.

ფოტო-პროექტი 21 ფოტოსგან შედგება და ქუთაისში ამ სერიის ყველა ნიმუშის ნახვა შეეძლო დამთვალიერებელს მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე.

ლადო მესხივილის თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე: „ეს არის ყველაზე კეთილშობილური საქმე, რაც ამ მხრივ შეიძლება ადამიანმა გააკეთოს და ამ ადამიანებს გვერდით დაუდგეს. მესხიშვილის თეატრი მხარს უჭერს ამ არაჩვეულებრივ პროექტს, რომელსაც „მე-ანია“ ჰქვია, და რომელიც თბილისში ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო. ჩვენ დღეს სცენას პანდუსიც მივადგით, რათა შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებს შეეძლოთ, აბრძანდნენ სცენაზე და დაათვალიერონ გამოფენა. მომავალში თეატრის რემონტსაც ვგეგმავთ და, ბუნებრივია, ამ ადამიანებისთვის გათვალისწინებული იქნება შესაბამისი პირობები. მე მოხარული ვარ, რომ მესხიშვილის თეატრი უწევს დღეს მასპინძლობას ამ არაჩვეულებრივ პროექტს.“

პროექტის პარტნიორი ჯეოსელია, სადაც 4 სმენადაქვეითებული ადამიანი მუშაობს. „ეს არის გზავნილი საზოგადოებისთვის, რათა ამ ადამიანების ინტეგრაცია მოვახდინოთ, მათ თავი გარიყულად არ უნდა იგრძნონ,“ - განაცხადა „ჯეოსელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თაკო როდონაიამ.

მესხიშვილის თეატრის სცენაზე ფოტო გამოფენის დასათვალიერებლად შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებიც მოვიდნენ. ისინი ამ პროექტით კმაყოფილები ჩანდნენ, თუმცა შესაბამისი გადასასვლელების და შესასვლელების მოწყობა ეს ის პრობლემაა, რაც არამარტო ქუთაისში, არამედ დედაქალაქშიც მოსაგვარებელია. ისინი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და იმ კერძო მეწარმეებისგან ელიან, რომლებიც კონკრეტული მაღაზიების თუ დაწესებულებების მფლობელები არიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1839
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია