დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წესები წესების გარეშე
2009/09/07 13:38:56

პარადოქსულია, მაგრამ ნამდვილად არსებობს „წესები წესების გარეშე“- ანუ შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ ფორმალობისთვის წესდება, პრაქტიკაში კი არავინ ითვალისწინებს.

„ნუ ეწევით“, „მოწევა აკრძალულია“, „ნაგავს ნუ დაყრით“, „ნუ დაანაგვიანებთ“, - ეს წარწერები ქართულ ქუჩებსა თუ შენობებში ინტერიერის ყველასთვის შეუმჩნეველ ნაწილად იქცნენ. ისევე, როგორც შუქნიშნები, გზაზე გადასვლისა თუ პარკირების ნიშნები.

რა საჭიროა ეს წესები, რატომ არ ითვალისწინებენ ადამიანები მათ ზუსტად იქ, სადაც გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული? ამ აბსურდს ფსიქოლოგები საინტერესოდ ხსნიან. თავად წესების „დამრღვევებს“ კი არაერთგვაროვანი და საინტერესო პასუხები აქვთ.

 

გიო, 20 წლის სტუდენტი: „რა მნიშვნელობა აქვს, სად მოვწევ, დერეფნის ამ კუთხეში თუ მეორე ბოლოში?! თუ ეს წარწერები იმისთვისაა, რომ ჩემს ფილტვებს უფრთხილდებიან, აზრი არ აქვს: აქ თუ არა, სხვაგან მოვწევ და ეგ იქნება.“

თამარი, 25 წლის, მუსიკოსი: „იმიტომ ვეწევი, რომ ამ წარწერის გარდა, არავინ მიშლის. ამასაც არ მივაქცევდი ყურადღებას, ამ კაფეს მუდმივი სტუმარი რომ არ ვიყო. აქ რომ იყოს ისეთი აპარატურა, რაც სიგარეტის კვამლით ფუჭდება, ან ბავშვები იყვნენ, ან სრულიად არამწეველთა საზოგადოება - კი, ბატონო, შევიზღუდავ თავს“.

იქნებ, მართლაც, ბუნდოვანია, რა დაშავდება კონკრეტული წესის დარღვევით. იმისათვის, რომ წესები დავიცვათ, ალბათ, კარგად უნდა განმარტონ, რისთვისაა ისინი საჭირო.

„ნუ დაყრით ნაგავს!“ - მას შემდეგ, რაც ამ „სლოგანის“ ავტორები მიხვდნენ, რომ ეფექტს ვერ მიაღწიეს, თბილისის და არამარტო თბილისის ქუჩებში, უფრო დეტალური ახნის შემცველი წარწერა გაჩნდა: „ნაგავი ჩაყარეთ სანაგვეში“. ერთი შეხედვით, სასაცილოა და არაადეკვატური: აბა სად უნდა ჩაყარონო, ასეთი რეაქცია ჰქონდა ჩემს უცხოელ მეგობარს, როცა ერთ-ერთი ასეთი წარწერა გადავუთარგმნე. დევიდ მარტოსი ესპანელი სტუდენტია, მალაგადან და მთელ კვირას არკვევდა, რატომ გვჭირდება ქართველებს დღესავით ნათელ წესზე მითითება.

მართლაც, რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

ლალი: „ბუნკერი სადარბაზოშივე გვქონდა და მოსახერხებელი იყო. გამოხვიდოდი და იქვე ჩაყრიდი, აბა, ახლა ეზოში უნდა ირბინო, თავსახური ახადო და ჩაყარო. როცა მაგვიანდება, იქვე დავყრი ხოლმე, მოვა მანქანა და აიღებს, რა ვქნა“.

ნინო: „მე, პირადად, აუცილებლად ურნაში ვყრი, მაგრამ ბევრისგან მსმენია, რომ სახელური არ აქვს ურნას, ან ბინძურია და არ უნდათ ხელისმოკიდება, მაგრამ უფრო მეტად - თავის შეწუხება. მარტივად შეიძლება ერთჯერადი ცელოფნით მოვხსნათ ეს პრობლემა, მაგრამ ქართველებს ხომ არ გვიყვარს სიმარტივე.“

ფსიქოლოგი თეონა: „აკრძალვების მიმართ უკურეაქცია მხოლოდ ქართული არ არის, ეს, ზოგადად, ადამიანის ბუნებაა. „ნუ“-სა და „არა“-ზე ეფექტურად, თხოვნის თხრობით ფორმაში გადაყვანა სჯობს, მაგალითად, „ნაგავი აქ ჩაყარეთ“, „მოწიეთ სხვაგან“ და ა.შ. ფორმულირება მარკეტოლოგების საქმეა, თუმცა ამ პრობლემებში ქართული მენტალობის გავლენაც იგრძნობა: მაინცდამაინც ჯარიმა სჭირდებათ, რომ არ მოწიონ, არ გადაჭრან ქუჩა უადგილო ადგილას, არ დაიყარონ ნაგავი ცხვირწინ მაშინ, როცა საკმარისია, მისი მეზობლის ნათესავის დეიდაშვილის ქმარი შევიდეს იმავე კაფეში, რომ მაშინვე დამალონ სიგარეტი.“  

არსებობს წესები ეტიკეტის გამო. მაგალითად, მაღაზიების მფლობელები თავს მოვალედ თვლიან, კლიენტები ხშირი ფასდაკლებებით გაანებივრონ. შეთავაზებული „სეილები“ ხშირად მხოლოდ კლიენტის მაღაზიაში შესატყუებელი მახეა. თბილისში, როგორც წესი,  ფასდაკლებები დაბალხარისხიან და ძალიან პატარა, ან ძალიან დიდი ზომის ტანსაცმელზე ვრცელდება. ხშირი „სეილების“ მიზეზს მენეჯერები კლიენტების მოზიდვის სურვილით ხსნიან.

ნინო გრძელიძე (კონსულტანტი): როდესაც ვაკრავთ წარწერა SALE, კლიენტების რაოდენობა აშკარად მატულობს, თუმცა ხშირად მათ ფასდაკლებების მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი აქვთ და მაღალი ფასების გამო უკმაყოფილებასაც გამოთქვამენ. არის შემთხვევებიც, როცა მუდმივი კლიენტები გვთხოვენ ფასდაკლების გამოცხადებას.

 მიუხედავად იმისა, რომ გზაზე გადასვლის წესებს სკოლის ასაკიდან გვასწავლიან და ყველამ ვიცით, რომ უნდა ვისარგებლოთ მიწისქვეშა გადასასვლელით, გზა გადავჭრათ იმ ადგილას, სადაც დახაზულია და, რომ წითელზე გავლა გვეკრძალება, ბევრი ვერ დავიტრაბახებთ, რომ ამ წესებს ვემორჩილებით. ფეხით მოსიარულეთა წესებიც „წესებია წესების გარეშე,“ მიუხედავად იმისა, რომ მათი გაუთვალისწინებლობა სიცოცხლისათვის სახიფათოა. დაახლოებით ერთი წლის წინ გზაზე გადასასვლელებთან პატრულის თანამშრომლები გაჩნდნენ. გზის არასწორად გადაკვეთა ფეხით მოსიარულეთათვის 3 ლარის ჯარიმას ითვალისწინებდა. ამ სიახლემ არ გაამართლა და რატომ?

ანა: „მიწისქვეშა გადასასვლელი, ხშირ შემთხვევაში, ისეთი მოუვლელია, ისეთი სიბინძურეა, რომ არაფერი ვთქვათ მათ „ბინადარ“ საშიშ ადამიანებზე, რომ იქ ჩასვლას გზაზე გადასვლით თავის საფრთხეში ჩაგდება მირჩევნია“.

თუმცა არიან ექსტრემალებიც:

თიკო: „ვსარგებლობ მიწისქვეშა გადასასვლელით, თუმცა, სადაც მოძრაობა არც ისე სწრაფია, უცებ გადავირბენ ხოლმე.“

ლევანი: „სანამ მიწისქვეშაში ჩავალ... უცბათ გადაჭრი, რა“.

შეიძლება, სხვაგან ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყოს, მაგრამ ჩვენთან მანქანას, ტრადიციულად, იქ ვაჩერებთ, სადაც პარკირება იკრძალება. პარკირების ამკრძალავი ნიშნებიც რომ „წესებს წესების გარეშე“ მიეკუთვნება, ქართველი მძღოლები იმით ხსნიან, რომ, იმ ადგილებში, სადაც მანქანის გაჩერება იკრძალება, არ არსებობს ალტერნატიული ავტოსადგომი.

ხვიჩა: ვიცი, რომ აქ დგომა აკრძალულია, კარგად ვცნობ ამ ნიშანს, მაგრამ რა ვქნა, აბა, სად გავჩერდე?!“

გია: „აქ იმიტომ გავჩერდი, რომ ყოველთვის აქ ვაყენებ ხოლმე მანქანას. არასდროს მოსულა ვინმე და დავუჯარიმებივარ, არავის ვუშლი ხელს აქ დგომით და იმიტომ, თუ მოვა ვინმე, გავწევ და ეგაა, რა.“

ის, რომ გჭირდება ჯარიმა იმისთვის, რომ კანონს დავემორჩილოთ, მაშინ, როცა ეს კანონი, ჩვენივე კომფორტისა და უსაფრთხოებისთვისაა, გარდა ადამიანის ფსიქოლოგიისა და კულტურისა, სამოქალაქო თვითშეგნების დონეზეც მიანიშნებს. პრობლემა, ალბათ, ისაა, რომ ქართველებისთვის ძნელი დასაჯერებელია, ვინმე მათზე ზრუნავდეს, მითუმეტეს, სახელმწიფო და კანონი.    „კანონი ხალხისთვის“ - აქ ჯერ კიდევ ფარსია, და „კანონი კანონისთვის“ - მწარე რეალობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1789
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია