დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გრიგოლ რობაქიძის სკვერს ბენზინგასამართი სადგური დაეპატრონა?
2011/03/07 12:34:37

რა აღარ შეუძლია სამთავრობო წრეებთან ახლო ურთიერთობას?! მითუმეტეს, თუ თავად ქვეყნის პირველი პირის ოჯახის წარმომადგენელს ეხება საქმე. როგორც ამბობენ, კომპანია        „ვისოლი“ პრეზიდენტის ერთ-ერთი ძმის შემოსავლის წყარო ყოფილა. - ამაზე დიდი „ალიაქოთი“ შექმნა ჩვენმა ოპოზიციამ. როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო და, ალბათ, ამ ამბავშიც უნდა ვეძებოთ სიმართლის მარცვალი. 

ჰოდა, ახლა სამთავრობო წრეებთან ასე დაახლოებული კომპანიისთვის რა პრობლემაა ბენზინგასამართი სადგურის ქალაქის ცენტრში „წამოჭიმვა“ (რასაც, თურმე,  ადგილობრივი თვითმმართველობის „ქუთაისელი წარმომადგენლები“ დიდად ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ მთავარი ხომ მაინც ის არის, რას იტყვის „თბილისი“?) და მიმდებარე ტერიტორიის „მეურვეობაზე“ პრეტენზიის გამოცხადება?

გთავაზობთ ამონარიდს „კვირის ქრონიკის“ უკანასკნელ ნომერში გამოქვეყნებული სარეკლამო  მასალიდან (ამავე გაზეთის რედაქციის სარეკლამო სამსახურის ცნობით, ტექსტზე კომპანია    „ვისოლი“ არის პასუხისმგებელი):

„22 თებერვალს „ვისოლმა“ ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე, 90-ე ავტოგასამართი სადგურის გარდა, ლეგენდარული საფეხბურთო კლუბის, „ტორპედო ქუთაისის“ სახელობის სკვერი გახსნა, აქვე გუნდის ახალი შემადგენლობის პრეზენტაციაც მოაწყო.“

არადა, ეს სკვერი 2009 წლის 25 თებერვლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობისაა.

ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანი (?2 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი და იოსებ ოცხელის საზოგადოების ხელმძღვანელი), რომელიც მთელი 15 წლის განმავლობაში მერიის აპარატს განცხადებით მიმართავდა და ითხოვდა ამ ადგილისთვის ქართველი მწერლის სახელის მინიჭებას, ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. ბოლო განცხადებაზე კი, რომელიც დათარიღებულია 2011 წლის 28 იანვრით, სულ სხვა პიროვნებისთვის განკუთვნილი პასუხი მიიღო.

„დაახლოებით 15 წელია, ვითხოვ საკითხის განხილვას. ამ ნაბიჯით ჩვენი ისტორიისა და კულტურის წინაშე ვალს მოვიხდიდით. რა მოხდებოდა, ქუთაისის  მიწის  პატარა  ნაგლეჯი  ყოფილიყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის, რომელიც ამვლელ-ჩამვლელს გაახსენებდა, რომ ამ ქალაქში თავის დროზე გენიალური მწერალი ცხოვრობდა? მაგრამ, როგორც ამბობენ, გიყვარს ის, რაც იცი... ხომ შეიძლებოდა ფეხბურთელების სახელობის სკვერი სპორტის სასახლესთან, ან სადმე, უფრო შესაფერის ადგილზე გაეკეთებინათ? ქალაქის ცენტრში მოირბენენ ფეხბურთელები, თუ რა ფუნქცია აქვს ამ ადგილს, არ მესმის,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქალბატონმა ნანულიმ.

მრავალი ათეული წლის მანძილზე ეს სკვერი საბჭოთა კავშირის გმირის, გერმანელების მიერ ჩამოგდებული ახალგაზრდა რუსი მფრინავი ბოგდანოვის სახელს ატარებდა, აქვე იყო დაკრძალული თავადაც და იდგა პატივგების გამომსახველი საბჭოთა სიმბოლიკა - ობელისკი. სტუდენტობისას იქვე მდებარე სახლში დროებით ცხოვრობდა გრიგოლ რობაქიძე, სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით მიენიჭა სკვერს მისი სახელი.

„გეოგრაფიული ერთეულების სახელდებას ქვეყანაში არეგულირებს სპეციალური კანონი, რომელიც პარლამენტის მიერ არის დამტკიცებული. ქვედა დონეზე კი ამას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობა. კონკრეტული ადგილის, იქნება ეს სკვერი თუ ქუჩა, სახელის შერჩევა ხდება ინდივიდის, რომელიმე ჯგუფის ან არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივის საფუძველზე. პატივგების კომისია, რომელიც ფუნქციონირებს ქალაქის მერთან, განიხილავს ამ ინიციატივას და ქმნის სარეკომენდაციო დასკვნას, რომელიც განსახილველად ეგზავნება საკრებულოს და ამის შემდეგ გამოაქვს ადგილობრივ მმართველობას ესა თუ ის გადაწყვეტილება. რაც შეეხება გრიშაშვილისა და რობაქიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერს, 2009 წლის 25 თებერვლის ?196 განკარგულების საფუძველზე, ქუთაისის საკრებულომ მიანიჭა გრიგოლ რობაქიძის სახელი და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა ამ კუთხით. გავრცელებულ ჭორებზე ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ. ოფიციალური მონაცემებით ასეთი მდგომარეობაა,“ - ესეც საკრებულოს აპარატის უფროსის ვანო ჟორჟოლიანის კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მაგრამ, როგორც ფაქტები გვამცნობენ, ადგილობრივი ხელისუფლების „ზემდგომი და ქვემდგომი“ პირები ერთმანეთს ვერ ეთანხმებიან და საპირისპიროს აცხადებენ. იმერეთის გუბერნატორი, რომელიც „ვისოლის“ ახალი ბენზინგასამართი სადგურის გახსნის პომპეზურ ცერემონიას ესწრებოდა „გულითადად“ ულოცავდა „გათანაქალაქელებულებს“:

„ქუთაისელებისთვის მნიშვნელოვანი დღეა, გარდა იმისა, რომ შეიქმნა ობიექტი, სადაც დასაქმებულია 30 მოქალაქე, ამავე დროს ეს ობიექტი გაკეთდა ისეთ ადგილას, სადაც აქამდე ნაგვის მეტი არაფერი მინახავს და ეს ადგილი იყო პრობლემური  ამ თვალსაზრისით, შეიქმნა თანამედროვე დასასვენებელი პარკი, რომელსაც მივანიჭეთ „ტორპედოს“ სახელი,“ - ესეც ამონარიდი ლაშა მაქაცარიას განცხადებიდან, რომელიც          „კვირის ქრონიკაში“ გამოქვეყნებული სარეკლამო ტექსტის დამაგვირგვინებელი აკორდია. „თანამედროვე დასასვენებელი პარკის“ სკამები კი ყვითელსა და მწვანე ფერებში შეიღება („ვისოლის“ პატივსაცემად) და ფეხბურთელების გამოსახულებიანი ბანერებიც დაიდგა.

არ გაიხსნებოდა ახალი ბენზინგასამართი სადგური და ჩვენი აჯობებდა, ჩვენი რა, უფრო სწორად - ბატონი ლაშასი. ბატონი ლაშა კი ქუთაისში დროებითაა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო და, შესაბამისად, ღრმად ჩახედულიც შეიძლება არ იყოს ადგილობრივი კულტურის ტრადიციებსა თუ ისტორიაში.

ვინაიდან  ინფორმაციის  წყარო „ვისოლის“  წარმომადგენლობაა,  ჩვენც საკითხის გასარკვევად კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს თორნიკე გურულს დავუკავშირდით. დასმულ კითხვაზე, თუ საიდან გაჩნდა მსგავსი ინფორმაცია და რის საფუძველზე  განაცხადა „ვისოლმა“ სკვერის სახელწოდების შეცვლაზე პრეტენზია, პასუხად „პირველი არხის“ ეთერით გადაცემული სიუჟეტი მივიღე, რომელშიც იმავე ინფორმაციაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რაზეც სარეკლამო სტატიაში იყო საუბარი. რეალურად გამოვიდა, რომ პასუხი ვერ მივიღეთ. ბოლოს ბატონი თორნიკე ტელეფონის ზარსაც აღარ პასუხობდა. მანამ კი სანამ მის „განრისხებას დავიმსახურებდით,“ „ტორპედო ქუთაისის“ პრეს-ატაშესთან, რამაზ ჩხიკვაძესთან გადმოგვამისამართა. ბატონი რამაზის განცხადებით კი კომპანიას სკვერის სახელწოდების შეცვლა არც უფიქრია და ეს შეიძლება კონკრეტული ინდივიდების სურვილია, ან უბრალო ჭორი.    „დადგენილება,  რომელიც  ამ ფაქტს იურიდიულ ძალას მისცემს, არ არსებობს. „ვისოლმა“ კეთილმოაწყო სკვერი, სახელის შეცვლა კი ჩვენი კომპეტენცია არ არის.“ სულ ამ ინფორმაციის მოპოვება შევძელით მისგან.

სკვერს სახელი კანონდარღვევით მიანიჭეს, თვითნებურად, თუმცა, რა პრობლემაა, საკრებულოს დადგენილებაც, ალბათ, მალე „გაშანშალდება.“

თუმცა, წვალებადაც არ ღირს, - ისედაც „განსახილველ საკითხთა ნუსხით თავმობეზრებული“ დეპუტატების ამ წვრილმანით შეწუხება იქნება? რას გვიქვიან საკრებულოს ერთი დადგენილება იქ, სადაც ქვეყნის მესვეურთა ინტერესები უნდა დაკმაყოფილდეს?

 

P.S. ვცადეთ კომენტარისთვის გუბერნატორთან დაკავშირება, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ისქალაქში არ იმყოფებოდა. სამხარეო ადმინისტრაციაში კი, ტრადიციულად, „არაფერი იციან.“  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია