დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კულაშელების პრიორიტეტი - საბავშვო ბაღი
2010/07/26 12:41:54

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშს სახელმწიფოსგან 29 834 ლარი ერგო. რაც გასულ წელთან შედარებით, გაორმაგებული თანხაა. გასულ წელს  ამ პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური გზის გარე განათება დაფინანსდა.

მიმდინარე წლის დაფინანსების შესახებ დაბის  რწმუნებულისთვის იანვარშივე იყო ცნობილი და, შესაბამისად, ამ პროექტის შინაარსის და მიზნის გაცნობა მოსახლეობისთვის მაშინვე  დაიგეგმა.

იმ პერიოდში დაბა კულაშის რწმუნებული მამუკა მინაშვილი იყო, რომელიც დღეს დაბა კულაშის მაჟორიტარი დეპუტატია სამტრედიის საკრებულოში.

პირველი სხდომა დაბის მოსახლეობასთან სწორედ მამუკა მინაშვილის ინიციატივით ჩატარდა, რომელსაც კულაშის 200-მდე მკვიდრი ესწრებოდა. ამ კრებაზე შეიქმნა კომისია, რომელმაც მოსახლეობასთან აქტიური მუშაობა დაიწყო. „პრეზიდენტის საჩუქრის“ შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მამუკა მინაშვილმა გააცნო. სხდომაზე, როგორც ოქმიდან ირკვევა, თავისი აზრი მარინა მამალაძემ, ლელა ლეჟავამ, ვახტანგ გეგეშიძემ, პორფილე უღრელიძემ და სხვებმა გამოთქვეს. სხდომაზე მოსახლეობის ნაწილი ცენტრალურ ქუჩაზე გარე განათების გაკეთებას ითხოვდა.

დაბა კულაშში გარე განათება ჯერ კიდევ გასულ წელს, სოფლის განვითარების პროგრამით დაიწყო. თუმცა, მაშინ თანხის სიმცირის გამო, სრულად გაკეთება ვერ მოხერხდა. 2009 წელს მხოლოდ 80 ბოძი გაკეთდა, შედეგად კი დაახლოებით კილომეტრამდე გზის მონაკვეთი განათდა. ამჯერად მოსახლეობა დარჩენილი 30 ბოძის დადგმას და გზის სრულად განათებას ითხოვდა.

ლეილა ვ. ამბობს: „მე პირადად მინდოდა, რომ ეს  გზა  სრულად  განათებულიყო.  ეს  გზა  ცენტრალურად  ითვლება, რადგან სამტრედიას  ხონთან აკავშირებს. მაგრამ არ უნდოდათ და არ გააკეთეს. ასე თქვეს, მომავალ წელს კიდევ მოგვცემენ ფულს და მაშინ დავასრულებთო.“ ანალოგიურ აზრს გამოთქვამს ელგუჯა გ. რომელიც ფიქრობს, რომ გზების მოხრეშვაში ფულის გადაყრას 10 განათების ბოძის დადგმა ჯობდა.

მიუხედავად განსხვავებული აზრისა, დაბა კულაშის მოსახლეობამ პრიორიტეტად საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოების ჩატარება აირჩია. გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებელიც ესწრებოდა. შეხვედრა გასარემონტებელი საბავშვო ბაღის შენობაში შედგა, რომელშიც 150-მდე მოსახლე მონაწილეობდა.

დაბა კულაშის საბავშვო ბაღის დირექტორის, ეკა ბელთაძის, თქმით: „ჩვენ ბაღის ტიპიური შენობა არ გვქონდა. წლების მანძილზე ვიყავით შეხიზნული ებრაელის სახლში, რომელმაც შენობა გვათხოვა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. უბრალოდ, გვქონდა პირობა, რომ სანამ დაბას არ ექნებოდა საბავშვო ბაღის ტიპიური შენობა, მანამდე ჩვენ მის სახლში ვიქნებოდით. შემდეგ, რადგან სოფლის პროგრამით კულაშსაც რაღაც თანხა ერგო, ამიტომ მოსახლეობამ ბაღის შენობის გარემონტება მოითხოვა, რომელშიც წლების წინ საბავშვო ბაღი იყო განთავსებული.“

თუმცა, ამ ეტაპზე საბავშვო ბაღის მთლიანი შენობის მესამედი გაკეთდა, რადგან შენობის სრულად გარემონტებისთვის გამოყოფილი 28 334 ლარი არასაკმარისი იყო. ბაღის სარემონტო სამუშაოები ინდმეწარმე ვაჟა კვანტალიანმა შეასრულა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმა. ამ თანხით მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრები ჩაისვა, გაკეთდა კოსმეტიკური რემონტი და მოეწყო სველი წერტილები. კულაშის საბავშვო ბაღში გასულ წელს 45 ბავშვი დადიოდა, როგორც ბაღის დირექტორი ეკა ბელთაძე იმედოვნებს, ახალი წლის დაწყებისთანავე ეს ციფრი კიდევ გაიზრდება, რადგან შენობის არარსებობის გამო, დაბა კულაშის ბევრ მცხოვრებს ბავშვი ან სამტრედიის საბავშვო ბაღში დაჰყავდა, ან უბრალოდ სახლში ჰყავდათ.

 დაბა კულაშის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საბავშვო ბაღის შენობა სრულად უნდა გარემონტდეს. მარინა კ. ამბობს: „მე ორი პატარა ბავშვი მყავს სახლში, თუმცა, ამ დრომდე ერთი საბავშვო ბაღის ასაკის არ იყო, მაგრამ რადგან ეს შენობა მოეწყო და გარემონტდა, კულაშის მცხოვრებლებისთვის ძალიან კარგია. მე სექტემბრიდან ორივე ბავშვის ბაღში მიყვანას ვაპირებ, რადგან ეს ჩემთვისაც კარგი იქნება და ბავშვიც რეჟიმს მიეჩვევა ბაღში.“

პორფილე უ.-ის თქმით: „მთელი საქართველო აღმშენებლობაშია და მინდა, ჩემს კულაშსაც რაიმე დაეტყოს. მე ჩემი შვილიშვილები სახლში მყავს, იმიტომ, რომ კულაშში ბაღი არ იყო. სწორედ ამიტომ მე თვითონ გავხდი ინიციატორი, რომ აქ საბავშვო ბაღი გაკეთებულიყო. აბა, ის ჯობდა, სადღაც სახლში რომ იყვნენ შეხიზნულები? მაგრამ აქაც პრობლემები გვაქვს და მინდა, ამაზეც გითხრათ. რამდენი წელია, გაზიფიცირებას გვპირდებიან და არ დაადგა საშველი! ასევე, გამრიცხველიანებაც პრობლემაა. არ შეიძლება, ელექტრო მრიცხველები   დაიდგას?   მაგრამ  ამ „სოფლის  პროგრამით“  ამის  გაკეთება არ შეიძლებაო, ამიტომაც გადაწყვიტეს კულაშელებმა ბაღის რემონტი.“

გარდა საბავშვო ბაღის გარემონტებისა, დაბა კულაშს კიდევ 1 500 ლარი დარჩა. ამ თანხით  რამდენიმე ქუჩაზე მოხრეშვითი სამუშაოები ჩატარდა. ისიც, მოსახლეობის მოთხოვნით. წერეთლის და რაზმაძის ქუჩაზე სულ 15 მანქანა ხრეში დაიყარა, რომელსაც დარჩენილი 1 500 ლარი სრულად მოხმარდა. სამუშაო შ.პ.ს „გილომ“ შეასრულა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმა.

კულაშელები ამჯერად ცენტრალური გზის სრულად განათებას ითხოვენ. არადა, ამ საქმიანობის განსახორციელებლად, დაბის გამგეობას თანხის საშუალება არ აქვს. ისინი მომავალი წლის „სოფლის განვითარების“ პროექტის იმედად რჩებიან და იმედოვნებენ, რომ გარდა გარე განათებისა, დაბისთვის სხვა პრობლემებიც მოგვარდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2825
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია