დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიზნესთან ჩასაფრებული სახელმწიფო
2013/04/01 12:29:25

სწორი საგადასახადო, ფისკალური, საინვესტიციო პოლიტიკა - ეს არის ის, რაც აუცილებელია დღეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის

 

 

საერთაშორისო ფინანსური და საინვესტიციო კონსულტანტი აზია-აფრიკისა და ამერიკის ქვეყნებში ირაკლი ბერძენაძე ეკონომიკისა და ინვესტირების საკითხებზე ესაუბრა გაზეთ „პოსტსკრიპტუმს“.

 

- ბატონო ირაკლი, თქვენ ძირითადად არაბულენოვან სამყაროში მუშაობთ ეკონომიკის საკითხებზე. თვისობრივად განსხვავდება ეს ქვეყნები დანარჩენისაგან?

   - ძირითადად 15 ქვეყანაში ვმუშაობ, როგორც არაბულ ქვეყნებში, ასევე აზიის, აფრიკის და ამერიკის კონტინენტზე. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ მათ შორის განსხვავება საკმაოდ დიდია - როგორც ქვეყნის ეკონომიკის თვალსაზრისით,  ასევე ყურადღებას გავამახვილებდი ბიზნესის კუთხით. ეს არის სრულიად ერთმანეთისგან განსხვავებული სამყარო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიო ეკონომიკა დაფუძნებულია დიდ რვიანზე, სადაც აშშ არის წამყვანი რგოლი (გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ფინანსური ბაზრის 25%-ზე მეტს სწორედ აშშ ფლობს), მაინც შეიძლება ითქვას, რომ დღეს არაბულ სამყაროს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება რესურსების კუთხით.

ამასთანავე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დღეს მსოფლიოში არაბული ინვესტიციის ჯამური ოდენობა 7 ტრილიონ დოლარზე მეტია, აქედან 1/3 აშშ-ზე მოდის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის 2 ტრილიონი დოლარით გაიზარდა არაბული ქვეყნების ინვესტიციის ოდენობა მსოფლიოში, რაც გვაჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს არაბული სამყარო მსოფლიო ეკონომიკაში. მიუხედავად ამისა, სწორედ აღნიშნული ინვესტიციების გარეშე მსოფლიოს ეკონომიკის ზრდა თითქმის შეუძლებელია, რადგანაც ნავთობი არის ის რესურსი, რაზეც არის დამოკიდებული მსოფლიო ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრება. დიახ, არსებობს ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირები, მაგრამ განსხვავებაც საკმაოდ დიდია. უპირველესად, მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ დღეს მსოფლიო ხშირად განიცდის მწვავე ეკონომიკურ კრიზისებს, რომელიც უკანასკნელ წლებში უფრო მასობრივ ხასიათს იღებს. ამ კუთხით არაბული სამყარო დაზღვეული არის ყოველგვარი რისკისგან და თითქმის არც აისახება ეკონომიკური კრიზისები აღნიშნულზე (თუ არ ჩავთვლით კრიზისს უძრავი ქონების ბაზარზე დუბაიში), ამის მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ თუ აშშ-ს ვალუტა გამყარებული არის ოქროთი, არაბული სამყაროს სავალუტო სისტემა გამყარებული არის ბუნებრივი რესურსით(ნავთობით), და გამომდინარე იქიდან, რომ ნავთობის მწარმოებლები არიან თვით არაბული ქვეყნები და ეს ბიზნესი არის სახელმწიფოს ხელში, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ყოველგვარ კრიზისს თავისუფლად ლახავენ, არ აისახება მათ ეკონომიკაზე და განსაკუთრებით მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

დღეს მსოფლიო უკვე ბიზნესზეა დამყარებული, იგი განსაზღვრავს უკვე ქვეყნებს შორის ურთიერთობას და ამიტომაც, მიუხედავად განსხვავებისა, მაინც ვთვლი, რომ ბიზნესის კუთხით არაბული სამყაროსა და დანარჩენი მსოფლიო ქვეყნების ინტეგრაციის პროცესი დაწყებულია. ეს გამოიხატება კაპიტალის სწრაფი გადადინებით სხვადასხვა კონტინენტზე.

- ქართული ეკონომიკის ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გამოჩნდეს ხარვეზები და მათი გადაჭრის გზები. რას გვეტყოდით ამ საკითხზე?

- დღეს ჩვენი ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია. ეკონომიკა რომ გვქონდეს, უნდა იყოს წარმოება, უნდა იქმნებოდეს პროდუქცია, უნდა იზრდებოდეს მშპ და ყოველივე ეს უნდა აისახებოდეს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, უპირველეს ყოვლისა - დასაქმებაზე. ამ კუთხით საქართველოში სავალალო მდგომარეობაა.

სამწუხარო არის ის, რომ საქართველოში თვითდასაქმებასაც დასაქმებად აღრიცხავენ, რაც არასწორი მიდგომაა. ხარვეზები ძალიან ბევრია თითოეულ სექტორში, მიდგომა საკმაოდ ცუდი იყო წლების განმავლობაში და, სამწუხაროდ, დღესაც აქტიურად გრძელდება ასე, უბრალოდ, რაღაც კუთხით სახე იცვალა და ისეთივე დაუნდობელი არ არის სისტემა, როგორიც იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში.

ზოგადად ეკონომიკის ხარვეზებზე თუ დავიწყებთ საუბარს, მაშინ დავიწყოთ ფინანსური სისტემით, რაზეც დგას ქვეყნის ეკონომიკა. ამ კუთხით შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ საქართველოს მყარ ფინანსურ სისტემაზე, ამას არ ვეთანხმები, რადგან მე არ ვიცი, რა კუთხით განსაზღვრავენ ფინანსური სისტემის მდგრადობას? როდესაც საბანკო სექტორი ტვირთად აწევს ბიზნესს და მოსახლეობას და ორიენტირებული არის ბიზნესის გაკოტრებაზე, ამის შემდგომ შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური სისტემა არის მყარი? არანაირად არ შეიძლება ამის თქმა, ეს არ არის სიმყარე, ეს არის ქმედება, რომელიც სცილდება ბიზნესკულტურას და ბიზნესის განვითარებას, შეიძლება ითქვას, საბანკო სფეროს განვითარებასაც კი, რადგან ბანკის ზურგზე დგას ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის ყოველივე საწყისი იმ პრობლემებისა, რომლის მოგვარება, სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფლებამ მოახერხა. იმედია, დღევანდელი ხელისუფლება შეეცდება მის მოგვარებას, მაგრამ ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს. ალბათ, მიზეზი შეიძლება იყოს შიში იმისა, რომ აღნიშნული ქმედება არ ჩაითვალოს, როგორც საბანკო სექტორზე ზეწოლა. მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან სახელმწიფოს ეროვნული ბანკის მეშვეობით აქვს ყველა ბერკეტი, რომ მოახდინონ ირიბად, კანონის სრული დაცვით ამ ყველაფრის რეგულირება, და მიეცეს ბანკებს ის ფუნქცია, რაც ცივილიზებულ ქვეყნებში აკისრიათ და ყოველივე ეს არ დააწვეს მოსახლეობას კისერზე. დღეს არ არის ოჯახი, რომელსაც არ აქვს ბანკის ვალი. ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს და ვამბობთ, რომ იქ ყველა ბანკის ვალებშია, მაგრამ რატომ არ კითხულობს არავინ, იქ როგორი საბანკო სისტემაა? რა ვადაზეა გათვლილი? ასევე რატომ არავინ კითხულობს, თუ როგორ ხდება აშშ-ში საბანკო დავალიანების ამოღება? იმ მეთოდებით ხდება, როგორი მეთოდებითაც საქართველოში ახორციელებს აღსრულების ბიურო? არანაირად.

არასწორი საგადასახადო პოლიტიკა, არანაირი საინვესტიციო და ეკონომიკური მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია, არანაირი პრიორიტეტული დარგები, რომლებიც იყო და არის ქართული ეკონომიკის ის ძირითადი ხარვეზები, რომელიც, საერთო ჯამში, ქმნის პრობლემებს ქვეყნისთვის. თითოეულის დახასიათება საკმაოდ შორს წაგვიყვანს, მაგრამ, მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ესაა არასწორი საგადასახადო პოლიტიკა.

დღეს პროგრესული საგადასახადო სისტემა თითქმის უმრავლეს ქვეყანაში არის, ამ კუთხით კი საქართველოში ძვრა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი შეიძლება, ჯამში, აზიისა და ევროპის ბევრ ქვეყანაზე დაბალია, ინდივიდუალურად თუ მივუდგებით, საკმაოდ მაღალია, რადგან არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც წელიწადში 5-6 ათასი ლარი აქვს შემოსავალი, იმას იხდიდეს, რასაც იხდის ადამიანი, რომელიც 10-20 ათასი ან მეტი აქვს შემოსავალი. საჭიროა, საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს პროგრესული საგადასახადო სისტემის მოდელი (საშემოსავლო გადასახადის კუთხით), რაც შვება იქნება მოქალაქეებისთვის. ასეთი სისტემა თითქმის ყველა ქვეყანაშია და დაყოფილია პროცენტული მაჩვენებლებით.

ამასთანავე მინდა შევეხო ყველაზე დიდ და ჩემთვის, უბრალოდ, გაუგებარ სიტუაციას, რომელიც არის დღეს - ეს არის მოგების გადასახადი. მე მაინტერესებს პირადად, როგორც საერთაშორისო კონსულტანტს, მოგების გადასახადის ფუნქცია რა არის? ეს გადასახადი თითქმის არსად აღარ არის, სადაც შედის ინვესტიციები, სადაც ბიზნესი ფართოვდება და ვითარდება ეკონომიკა. ამ კუთხით, სამწუხაროდ, არც დღევანდელმა ხელისუფლებამ არაფერი მოიმოქმედა ჯერჯერობით. მოგების გადასახადი არის ზედმეტი ტვირთი ბიზნესზე, იგი აძლევს სტიმულს ბიზნესკომპანიას, რომ აწარმოოს შავი ბუღალტერია და პირდაპირ უარყოფით ზეგავლენას ახდენს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ამიტომ ამ კუთხით სახელმწიფო ჩასაფრებულია ბიზნესთან და თავისი ხელით აძლევს შანსს, რომ კომპანიამ  შავი ბუღალტერია აწარმოოს. ეს განსაკუთრებით ეხება მცირე-საშუალო ბიზნესს, სადაც წლიური ბრუნვა და მარჟა, საკმაოდ დაბალია განსხვავებით დიდი ბიზნესისგან. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი საგადასახადო სისტემის მთავარი პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, არის არაჰუმანური საგადასახადო სისტემა, რომელიც არ არის მორგებული მოსახლეობის, ბიზნესისა და, უმთავრესად, ქვეყნის ინტერესებზე. ასევე მინდა აღვნიშნო არაპროფესიონალიზმი საგადასახადო სისტემაში, ძირითადად სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით არიან დაკავებულები. ამით ხდება მათი, როგორც საგადასახადო მუშაკის, როლის დაკნინება. ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისა და თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, მაშინ ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ, არათუ ვინმე არ დაინტერესდება საქართველოში საქმის წარმოებით, არამედ მეტიც - ქვეყნის განვითარების შანსსაც დავკარგავთ.

- ქართული მენტალიტეტი, რომელიც ჯერ ისევ საბჭოურია (ხშირად - პროლეტარულიც), რამდენად უშლის ხელს ეკონომიკურ წინსვლას?

- მენტალიტეტი ყველა ერს აქვს თავისი დამახასიათებელი თვისებებით, მაგრამ როდესაც ქვეყანაში არის ჩამოყალიბებული ბიზნესკულტურა და, უმთავრესად, კანონსა და სამართლიანობაზე დამყარებული სისტემა, ამ შემთხვევაში მის ეკონომიკურ წინსვლას არანაირი წინაღობა არ ექმნება. უმთავრესი რაც არის, ესაა კერძო საკუთრება, რომელიც საქართველოში უკანასკნელ პერიოდში უბრალო ტერმინად გამოიყენება.

რაც შეეხება კერძო საკუთრების დაცულობას, საუბარი ზედმეტია. წარსულმა რამდენიმე წელში წარმოშობილ პრობლემას ამ კუთხით დღევანდელმა რეალობამაც ვერაფერი უშველა, რადგან, სამწუხაროდ, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამ კუთხით თუ არ გადაიდგა რაიმე ქმედითი ნაბიჯი, საეჭვოა, რომ საქართველოს იმიჯზე ეს ყველაფერი კარგად აისახოს.

ზოგადად, ჩვენი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია და შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად შეიძლება საქართველოს გარდაქმნა ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნად, მაგრამ მთავარია, მოხდეს კონკრეტული ორიენტირის მიცემა ამ ყველაფრისთვის. დღეს რა ეკონომიკური სისტემაც გვაქვს, ეს, სამწუხაროდ, არც სოციალისტურია და არც კაპიტალისტური, ეს არის რაღაც წარმოუდგენელი სისტემა, რომელიც ქვეყანას პრობლემის მეტს არაფერს მოუტანს. ამიტომ იმის თქმა, რომ მენტალიტეტი შეუშლის ხელს ეკონომიკურ განვითარებას, ეს არის გაზვიადებული. ხალხს საუკეთესო სისტემას რასაც შესთავაზებს ხელისუფლება, სადაც დაცული იქნება მათი საკუთრება და უფლებები, იმ სისტემის განვითარებისა და წინსვლაზე იგი თავდაუზოგავად იმუშავებს, მაგრამ მთავარი არის, კანონი იყოს უზენაესი და არ იყოს კანონი მხოლოდ ხალხისთვის - როგორც ხდებოდა და, ზოგიერთ შემთხვევაში, დღესაც ხდება, სამწუხაროდ.

- მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოლიტიკა. რა დადებითი ან უარყოფითი მხარეები აქვს საქართველოში საინვესტიციო მხარეს?

- ნამდვილად, ინვესტიცია არის ის, რაც დღეს საქართველოს ეკონომიკას გამოიყვანს იმ კრიზისიდან, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ კოლაფსში ჩააგდოს ეკონომიკა. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტიცია აქ უნდა განვიხილოთ წმინდა ინვესტიციად და არა - იმ ინვესტიციებად, რაც დღეს ქვეყანაში აქვთ. რეალურად, დღეს ქვეყანას არანაირი საინვესტიციო პოლიტიკა არ გააჩნია, არ არის ის, რითაც ქვეყანა დაუმტკიცებს ინვესტორს, თუ რატომ უნდა მოახდინოს ინვესტიცია ქვეყანაში და რამდენად იქნება დაცული მისი ინვესტიცია. ბიზნესზე ზეწოლასა და კერძო საკუთრების ხელყოფაზე ბოლო წლების მაგალითებმა საერთოდ აღნიშნული საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დასვა. როგორ ფიქრობთ, ვინ შემოვა საქართველოში, როდესაც ქვეყანა არის საკმაოდ მცირე ბაზრის მქონე? როდესაც მოუქნელი საგადასახადო სისტემა და სახელმწიფო წარმოდგენილი იყო წლების მანძილზე მოძალადედ? და ამ ძალადობის შემსრულებელი კადრები ისევ მუშაობენ თავიანთ ადგილას? როგორ ფიქრობთ, ამ პირობებში ინვესტორი დაინტერესდება საქართველოთი? არანაირად. ვინ შემოდის დღეს საქართველოში და ვინ დებს ინვესტიციებს? მითხარით რომელიმე ამერიკული კომპანია, რომელიც საქართველოში აწარმოებს ბიზნესს და ქმნის პროდუქციას. ასეთს, ფაქტობრივად, ვერ ნახავთ. საინვესტიციო პოლიტიკა არ არის მარტივი საქმე, ამას წლების მუშაობა სჭირდება და ერთმანეთზე გადაჯაჭვულია როგორც ეკონომიკური, ასევე სამართლებრივი საკითხები. აღნიშნულს უნდა ქმნიდნენ პროფესიონალი ადამიანები და უნდა ხდებოდეს ყველა ნიუანსის გათვლა, ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომელიც ინვესტორებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს ამ კუთხით არანაირი ძვრა არ არის. ის რომ 1 საათში შეიძლება კომპანიის დარეგისტრირება, არანაირი წინსვლა არ არის ქვეყნისთვის, ეს ვერ მისცემს ინვესტორს გარანტიას, რომ მისი ბიზნესი იქნება ქვეყანაში დაცული. ამიტომ პრობლემა არის ზოგადად საინვესტიციო პოლიტიკაში, რომელიც ხელისუფლებას არც დღეს გააჩნია, მასში მე, პირადად, გავაერთიანებდი საგადასახადო, ფისკალურ და სხვა ძირითად ფაქტორებს, რომელთა გათვალისწინებით უნდა მოხდეს სწორი და მსხვილ ინვესტიციებზე გათვლილი პოლიტიკის შემუშავება.

- როგორც პროფესიონალი, რა რეკომენდაციებს მისცემდით საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში?

- ჩემი ერთადერთი რეკომენდაცია იქნება, მაქსიმალურად მოახდინონ შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის წარმოება, მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოკლე პერიოდში ეკონომიკური რეფორმების გატარება და მისი სრული ლიბერალიზაცია. უნდა მოხდეს ანტომონოპოლიური საქმიანობის ეფექტური წარმოება და მონოპოლიების დაშლა. სამწუხაროდ, დღეს მონოპოლიები ისევ განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას, არანაირი ნიშან-წყალი არ არსებობს, რომ მონოპოლიების დაშლის პროცესი  დაიწყო. აუცილებლად უნდა მოხდეს მცირე-საშუალო ბიზნესის სტიმულირება სახელმწიფოს მხრიდან და, რაც მთავარია, სტარტაპ ბიზნესის ხელშეწყობა, რომელმაც უნდა წარმოშვას ახალი ბიზნესი და ახალი დასაქმება. სწორი საგადასახადო, ფისკალური, საინვესტიციო პოლიტიკა - ეს არის ის, რაც აუცილებელია დღეს და, უპირველესად, ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ორიენტირის აღება აღნიშნულ საკითხზე, რათაც უნდა შემცირდეს უმუშევრობა და გაიზარდოს ქვეყანაში რეალური ინვესტიციების შემოდინება და არა იმ ინვესტიციების შემოდინება, როგორიც არის ინდური, ჩინური, თურქული ინვესტიციების კუთხით, რომელმაც არანაირი სარგებელი ქვეყნისთვის არ შეიძლება მოიტანოს.

პირადად შემიძლია ვურჩიო ხელისუფლებას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ვეცადოთ, შემოვიყვანოთ იაპონური და ამერიკული კაპიტალი ქვეყანაში და, დამერწმუნეთ, ერთ წელიწადში ჩვენ ვიხილავთ საინვესტიციო ბუმს საქართველოში.

 

ესაუბრა როლანდ ხოჯანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1838
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია