დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სად დახარჯავს სამინისტრო 901 მილიონ ლარს?
2013/02/05 13:30:22

როგორ განვითარდება ქუთაისში ინფრასტრუქტურა

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2013 წელს 901 მილიონ ლარს დახარჯავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, ამ თანხიდან 501 მილიონი დაიხარჯება სხვადასხვა მიმართულებით, საავტომობილო გზების და საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე; 182 მილიონ ლარამდე  განსაზღვრულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ პროექტებსა და პროგრამებზე; 141 მილიონი ლარი განსაზღვრული არის წყალმომარაგების ღონისძიებებზე, 81 მილიონი - დევნილთა საცხოვრებელი სახლების და პირობების მოწესრიგების სამუშაოებზე.  

 

მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას აუცილებლად ყურადღება გამახვილდება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.

დავით ნარმანია: ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი და გამოწვევა ჩვენთვის  არის სერვისის ხარისხის გაუმჯობესება. სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც ხორციელდებოდა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ სიჩქარესა და სტანდარტების არარსებობის პირობებში, ბევრგან არის ცუდი ხარისხით გაკეთებული. ამიტომ ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება. ამისთვის რამდენიმე მუნიციპალურ სტანდარტს შევიმუშავებთ, რომელიც იქნება მინიმალურად აუცილებელი იმისათვის, რომ  უფრო მოწესრიგებული და ხარისხიანი ინფრასტრუქტურა მივიღოთ. მეორე - სატენდერო პირობებში უფრო მკაფიოდ და მკაცრად იქნება გაწერილი ხარისხთან დაკავშირებული საკითხები, და სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული იქნება სამუშაოების შესრულების შუალედური გეგმები; ასევე, აქტიურად ვითანამშრომლებთ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, რათა მათ გადაამოწმონ ცალკეული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხი. ჩვენი სამინისტროს ცენტრალური აპარატი გასულ წელს, ჩვენი ინიციატივით, მოსაკრებლიდანაც კი გათავისუფლდა, როცა ის მიმართავს ექსპერტიზის ბიუროს ხარისხის შემოწმებასთან დაკავშირებით.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, წელს პირველად   იწყება  რეგიონული  ნაგავსაყრელების მართვა და ადრე მსგავსი რამ არ ხორციელდებოდა.

2012 წელს ჩამოყალიბდა გაერთიანებული კომპანია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა იმუშაოს ამ ნაგავსაყრელების მართვის საკითხებზე.

„ადრე ეს მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება იყო და წინა ხელისუფლების პირობებში ის ამოტანილ იქნა ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. ჩვენ გამოყოფილი გვაქვს ე.წ პირველი რიგის ნაგავსაყრელები, რომელიც მსხვილ მუნიციპალიტეტებში ან მხარის ცენტრებშია. გარდა ამისა, სახელმძღვანელო დოკუმენტები უნდა მომზადდეს, კადრების პროფესიული სწავლება უნდა მოხდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით შემუშავდება, ხარჯების ამოღების მექანიზმი და მომზადდეს საინვესტიციო პროექტები. 2013 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით ჩაჯდა 12 მილიონი ლარი პირველი რიგის ამოცანების შესასრულებლად,“ - აცხადებს მინისტრი დავით ნარმანია.

მინისტრის მოადგილის, შოთა მურღულიას თქმით, რომელიც ამ მიმართულებას კურირებს, ეს თემა ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი არის არსებული ნაგავსაყრელი - მას რა შეიძლება ეშველოს და მინიმალურ დონეზე მაინც უნდა გაუმჯობესდეს და მეორე:  პრობლემის გადაჭრა - ახალი ნაგავსაყრელის აშენება და ძველის დახურვა, მაგრამ ეს უკანასკნელი  არის წლების პრობლემა და ერთ-ორ წელიწადში ვერ დასრულდება ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაც კი.

„ზოგადად პრობლემა, რასაც ნაგავსაყრელების მოწესრიგება ჰქვია, ეს არის ძალიან მასშტაბური და ჩვენ ამის გადაჭრის  ილუზია არ გვაქვს.  სამი-ოთხი წლის განმავლობაშიც  სრულად ჩვენ ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ ამას  დასჭირდება სრულ ბიუჯეტზე მეტი, რაც სახელმწიფოს აქვს, ამიტომ ჩვენი მიდგომაა, პირველი რიგის ამოცანები მოწესრიგდეს. ყველა რეგიონში თითო ნაგავსაყრელზე განხორციელდეს შემოღობითი სამუშაოები, ანუ იყოს მინიმალური სტანდარტები უზრუნველყოფილი, თუმცა ამ სტანდარტებში ჩვენ არ ვგულისხმობთ ევროპულ სტანდარტებს. ამ მიმართულებით წელს 12 მილიონია გამოყოფილი, შარშან იყო მილიონი, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ზრდა მოხდა, ეს თანხა ეყოფა მხოლოდ რამდენიმე ნაგავსაყრელის შემოღობვას. დიდ ქალაქებზეა ძირითადად საუბარი - ქუთაისი, თელავი და ა.შ. დანარჩენ ნაგავსაყრელებზე გათვალისწინებულია მინიმალური სამუშაოები,“ - ამბობს შოთა მურღულია. 

როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, მათ არ უნდათ, რომ ძველი ნაგავსაყრელი მოიშალოს და ისევ უკანონო ნაგავსაყრელი წარმოიქმნას სხვაგან. თუ არ მოხდება ახალი და მასშტაბური მშენებლობა, მაშინ აზრი არა აქვს ძველის გაუქმებას, იმიტომ, რომ მაინც იგივე ტერიტორიაზე წარმოიქმნება.

„ჩვენ წელს ვიწყებთ რამდენიმე ნაგავსაყრელის  შემოღობვის სამუშაოებს - იქ რომ ცხოველის დაშვება არ მოხდეს; ადამიანები ცხოვრობენ იქ და არის ძალიან დიდი ანტისანიტარია. აი, ამის მოგვარებას ვიწყბთ. ეს არის 9 ნაგავსაყრელი. აქცენტი არის აღებული, რომ ყველა რეგიონში თითო ნაგავსაყრელი მოწესრიგდეს, რომ რაღაც სამართლიანობა იყოს. ამით ჩვენ პრობლემას ვერ ვაგვარებთ, თუმცა გაცილებით წინ წავიწევთ. პრობლემა დარჩება და ამ პრობლემას სჭირდება მასშტაბური გადაჭრა. ვთქვათ, ქუთაისში საუბარი არის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე, ეს არ იქნება მარტო ქუთაისის ნაგავსაყრელი, ეს იქნება, ფაქტიურად, იმერეთის ნაგავსაყრელი, რომ იქ მოხდეს ნარჩენების შეტანა და რაღაც დონის დახარისხება,“ - ამბობს მინისტრის  მოადგილე.

რაც შეეხება ქუთაისში ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამინისტროს ამ კუთხით რამდენიმე მიმართულებით აქვს თანხები გამოყოფილი. მაგალითად: ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დევნილთა დასახლების მისასვლელი და შიდა გზების რეაბილიტაცია, ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის გზის მშენებლობა და ა.შ. თუმცა, წინა ხელისუფლებამ ქუთაისის ინფრასტრუქტურული განვითარება საქართველოს პარლამენტის შენობის ქუთაისში ყოფნა-არყოფნას დაუკავშირა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ამბობს, ეს მოლოდინი იყო არაადეკვატური.

თენგიზ შერგელაშვილი: „აბსოლუტურად არაადეკვატური იყო, რომ თითქოს ქუთაისში პარლამენტის არსებობა გააუმჯობესებდა ქუთაისის მდგომარეობას. ეს არის აბსოლუტური ფარსი, იმიტომ, რომ ქუთაისის ეკონომიკას სჭირდება ადგილობრივი შესაძლებლობები, ინვესტიციები, ადგილობრივი ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურა, ბიზნესის მხრიდან დაინტერესება. ქუთაისის პარლამენტი დღეს არა მარტო არაფერს  მატებს ქუთაისს, არამედ ქმნის პრობლემას მთელი საქართველოსთვის. ჩვენ დღეს გვიჭირს ყოველდღიური ურთიერთობა პარლამენტის წევრებთან, დღეს, როდესაც ყველა სამინისტროში დაგეგმილია გლობალური რეფორმები, ყველა მიმართულებით, იმას, რაც შეიძლება გაკეთდეს სამ დღეში, სამწუხაროდ, სჭირდება ერთი და ორი კვირა. ყველაფერს ტელეფონით და სკაიპით ვერ მოაგვარებ. განხილვებია საჭირო, შეჯერებაა საჭირო.“

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, სახელმწიფოს დღეს შეუძლია  სამშენებლო კომპანია დააჯარიმოს, იმიტომ, რომ ის შენობა არ არის  ექსპლოატაციაში მიღებული და დამცავი ჩაფხუტების გარეშე იქ მოქალაქეების შეშვება მშენებელი კომპანიის დაჯარიმების საფუძველია.

„ანუ კანონს რომ ბუკვალურად მივუდგეთ, იქ უნდა ისხდნენ ჩაფხუტებით. შესაბამისად, მშენებლობის პრობლემებზე საუბარი არ არის. პრობლემა იყო ელექტროენერგიისა და წყლის აბონენტად დარეგისტრირებაზეც კი, ანუ ნაჩქარევად გაკეთდა. რაც შეეხება ქუთაისს, სამინისტრო გეგმავს ძალიან ბევრ რეფორმას, რომელიც კარდინალურად შეცვლის რეგიონებში მდგომარეობას. რასაკვირველია, ერთ და ორ თვეში ამის შედეგები არ გამოჩნდება, ამის შედეგები გამოჩნდება მომდევნო წლებში და ეს იქნება ნამდვილი დეცენტრალიზაცია. შენობების გადატანით დეცენტრალიზაცია არ ხდება. მაშინ,  21 სამინისტრო გვაქვს, თუ არ ვცდები, და გადავანაწილებდით  სხვადასხვა ქალაქში და აშენებული იქნებოდა ქვეყანა,“ - აცადებს თენგიზ შერგელაშვილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია