დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა შეიცვლება შრომის კოდექსში?
2013/01/28 18:25:17

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციების წარსადგენად სამოქალაქო სექტორს კიდევ რამდენიმე კვირა აქვს

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შრომის კოდექსში დაპირებულ ცვლილებეზე მუშაობა დაიწყო. ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობს.

ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს მოქმედი შრომის კანონმდებლობა წინააღმდეგობაშია არა მარტო საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, არამედ კონკრეტულ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებთან, რომლებიც საქართველომ აიღო. უფრო მეტიც, ბარამიძის თქმით, შრომის მოქმედი კოდექსი ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულ სტრატეგიულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირს - საქართველოს ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამის მაგალითად მას ევროკავშირის მოთხოვნა მოჰყავს, რომელიც სწორედ შრომის კანონმდებლობის დახვეწას ეხება. 

რას ითვალისწინებს ცვლილებების პროექტი?

შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, იზღუდება ე.წ. მოკლევადიანი ხელშეკრულებების დადება, თუკი დამსაქმებელს მომსახურების ხანგრძლივად მიღება სჭირდება. განსაზღვრული ვადით ხელშეკრულების დადება მიზანშეწონილი ისეთ შემთხვევებშია, როდესაც დამსაქმებელს სამუშაოს მოცულობის დროებითი ზრდა წარმოეშობა, ჩასანაცვლებელია შვებულებაში გასული თანამშრომელი ან სულაც თავად სამუშაოს მოცულობაა ამოწურვადი, მაგალითად, სეზონური და ა.შ.

გარდა ამისა, შრომის კოდექსში შესატანი ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, ზეგანაკვეთურად სამუშაო დრო ისევ კვირაში 41 საათის შემდეგ აითვლება, თუმცა 41-დან 48 საათამდე მუშაობის შემთხვევაში, დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებულს ზეგანაკვეთური ანაზღაურება არ გასცეს. 48 საათის შემდეგ კი ყოველი დამატებითი საათისთვის დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს გადაუხადოს ანაზღაურება ხელფასის 1.25 %-ის ოდენობით. 

კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელს დასაქმებულის გათავისუფლება შესაბამისი განმარტებების გარეშე აღარ შეეძლება. 

გარდა ამისა, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი დამსაქმებელზე გადავა. სწორედ მან უნდა ამტკიცოს, რომ შრომითი ურთიერთობის გაწყვეტა დასაქმებულთან სამართლიანი იყო და ის დისკრიმინაციული ნიშნით არ გაუთავისუფლებია. 

დღეს მოქმედი რედაქციით, კონფლიქტურ სიტუაციაში დასაქმებულმა უნდა დაამტკიცოს სასამართლოს წინაშე, რომ მისი გათავისუფლება დისკრიმინაციული ნიშნით მოხდა. 

ცვლილებები შეეხება სხვა მუხლებსაც, მაგალითად, დასაქმებულებს უფლება ექნებათ დამსაქმებლის ნებართვის გარეშე შექმნან გაერთიანებები და ამ გაერთიანებაში წევრობის გამო მათი სამსახურიდან დათხოვნა დისკრიმინაციად ჩაითვლება, თუმცა სამუშაო დროს გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა მხოლოდ დამსაქმებლის თანხმობის შემთხვევაში შეუძლიათ. 

ბარამიძე აცხადებს, რომ შრომით კანონმდებლობაში დასაქმებულების უფლებების დაცვა დამსაქმებელთა ინტერესების შელახვით არ მოხდება. 

"დამსაქმებელთა უფლებები შეზღუდული არ იქნება, რადგან გონივრულ ბალანსს ვიცავთ", - აღნიშნა ბარამიძემ. 

შეთავაზებული ცვლილებების მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს პროფკავშირებსაც.
"მოსაწონია, რომ განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, ახალი მთავრობა კანონპროექტს საზოგადოებასთან ერთად განიხილავს და მარტო არ წერს კაბინეტებში, შემდეგ კი საზოგადოებას თავს არ ახვევს. შემოთავაზებული კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა პროფკავშირმაც მიიღო. ცვლილებების 80% არის იმ კანონპროქტშიც, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს. მართალია, ყველაფერი არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არის ბევრი რამ, რაც მისასალმებელია”, - განაცხადა საქართველოს პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა. 

პროფკავშირები მიიჩნევს, რომ შეთავაზებული ცვლილება დაბალანსებულია და ის დამსაქმებლის ინტერესებს არ ლახავს. 

საკუთარი შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარსადგენად როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს  კიდევ რამდენიმე კვირა აქვთ. 

ცვლილებების პროექტი პარლამენტს სავარუდოდ, 15-20 თებერვლისთვის გადაეგზავნება, გაზაფხულისთვის კი საქართველოში შრომით ურთიერთობებს ახალი შრომის კოდექსი დაარეგულირებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია