დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ვაპირებ, მუდმივად ჩავერიო მოსახლეობისთვის სასიცოცხლო საკითხების გადაჭრაში“
2012/10/29 12:33:35

ინტერვიუ ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატ ელისო ჩაფიძესთან

 

- ქალბატონო ელისო, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის სიტყვას, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვას და, ზოგადად, ახალი პარლამენტის პირველ დღეს? 

- პირველ რიგში, მე ძალიან ბედნიერი ვარ: მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გავხდი. გარდა იმისა, რომ ზურგს უკან მედგა ძალიან სერიოზული ძალა - „ქართული ოცნება“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მინდა მადლობა გადავუხადო ტყიბულელებს და მინდა, რომ მათ 4 წლის შემდეგაც ასე ვუყვარდე და მენდობოდნენ, როგორც დღეს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  მოვახერხო დასწრება საპარლამენტო სხდომებზე და უშუალო კონტაქტი მქონდეს ჩემს ამომრჩეველთან.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვას,  ჩემთვის იყო ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან გაწონასწორებული. მე წინა პარლამენტის თავმჯდომარეებს არ შევადარებ, ყველას მიმართ ძალიან დიდ პატივისცემას გამოვხატავ,  მაგრამ შემიძლია დათო უსუფაშვილზე ვთქვა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს გაცილებით მაღლა დააყენებს ყოველთვის, ვიდრე პირად ან საკუთარი პარტიის ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ვიამაყებ იმით, რომ ხმა მივეცი მის კანდიდატურას.

როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის მიმართვას?

- პრეზიდენტის სიტყვა მისთვის არაჩვეულებრივად მოკლე იყო და, ამავე დროს, ძალიან მომეწონა იმ თვალსაზრისით, რომ მან ახლა დაიწყო  საუბარი  მონტესკიეზე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე. მე მგონი,  სააკაშვილს ეს პრინციპები 2004 წელს რომ გახსენებოდა, დღეს საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და, ზოგადად, ქვეყანა  იქნებოდა გაცილებით კარგ მდგომარეობაში. ერთადერთი, რაშიც ძალიან ვერ დავეთანხმები მას, ეს არის, რომ ნაციონალური მოძრაობა ისევ დაბრუნდება ოდესმე ხელისუფლებაში. ნაციონალური მოძრაობის მიმართ ხალხმა საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა და, რომ არა ის ძალიან დიდი ძალადობა, შიში, ტერორი და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომელსაც ახორციელებდა ეს პოლიტიკური ძალა, მე დარწმუნებული ვარ, ის რაოდენობაც ვერ ეყოლებოდათ დღეს პარლამენტში, რომელიც ჰყავთ. ეს ადამიანები ისე თავისუფლად საუბრობენ, რომ ოპოზიციაში გადავიდნენ და ჩვენს ქმედებებს მონიტორინგს გაუწევენ, თითქოს მათ რაც ჩაიდინეს, ეს არაფერს ნიშნავს და მათ არავინ მოიკითხავს, რას საქმიანობდნენ 8 წლის განმავლობაში! მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც, კანონმდებლობის სრული დაცვით, ყველა დანაშაულს, რაც ამ წლების განმავლობაში იყო ჩადენილი, დაწყებული სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან, გამოიძიებს; ამ დანაშაულებს მიეცემა ადეკვატური შეფასება და საზოგადოება საბოლოოდ გაარკვევს დამნაშავეების ვინაობას. ჩემთვის, ასევე, განსაკუთრებით საინტერესოა კორუფციული ფაქტების შესახებ ინფორმაცია იმიტომ, რომ აქ, მათ შორის პარლამენტშიც, ბევრი ისეთი ადამიანი ზის, რომლის ბიზნესიც ჩემთვის ძალიან საეჭვო წარმომავლობისაა და მათ წარმომავლობასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიებები.

საპარლამენტო კომისიის მიერ უნდა მოხდეს გამოძიება, თუ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას...

- რა თქმა უნდა, ორივე! მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა საზოგადოებისა და სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესია, საპარლამენტო კომისია გამოიძიებს და მოხდება ღია, საჯარო განხილვები ამ საქმეების. მე დარწმუნებული ვარ, ქალბატონი თინა ხიდაშელი ამ საქმეს არაჩვეულებრივად გაართმევს თავს.

- რას ჰპირდებით ტყიბულელ ამომრჩეველს, როგორც მათი მაჟორიტარი და რის გაკეთებას გეგმავთ?

- ჩემი თანაგუნდელები უკვე დამცინიან, რომ, როგორც კი სიტყვა „ბიუჯეტს“ ახსენებენ და ნოდარ ხადურს დავინახავ, იმ წამსვე ვახსენებ რეგრესის პენსიებს. თუმცა, ამ მხრივ, არ ვდარდობ ნამდვილად, რადგან  ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი რამდენიმე ვიზიტის დროს ჭიათურასა და ტყიბულში, რეგრესის პენსიონრებს მისცა მკაფიო დაპირება, რომ მათი შრომა დაფასდება და მათი პენსიები გასტუმრებული იქნება. ეს პენსიები სახელმწიფოს შიდა ვალად აქვს აღიარებული და ამდენი წლის განმავლობაში მათ ატყუებდნენ. 

მე ზუსტად მაქვს დაანგარიშებული, ტყიბულში ეს არის, დაახლოებით, 2  მილიონნახევარი ლარი, რაც სახელმწიფოს ბიუჯეტისათვის არ არის დიდი თანხა და, როგორც მე ვიცი, პრეზიდენტის ერთ ვოიაჟსაც კი ხმარდებოდა ამდენივე რაოდენობის თანხა. გარდა ამისა,  ჩვენ გვაქვს სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები. მე, ბუნებრივია, არ ვარ ტყიბულის გამგებელი, მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, მაგრამ ვაპირებ, რომ მუდმივად ჩავერიო მათთვის სასიცოცხლო საკითხების გადაჭრაში.

- რა პრობლემებს გამოყოფდით პირველ რიგში?

- მიუხედავად ძალიან დიდი ბაქი-ბუქისა, დღეს ტყიბულს არც გაზი აქვს და არც ნორმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წყალი; ელექტროენერგია ძალიან ძვირ ფასად მიეწოდება მოსახლეობას და ძალიან მძიმე სოციალური ფონია ქალაქში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე - საქართველოში, იმიტომ, რომ აქ არ არის სოფლის მეურნეობა იმდენად განვითარებული, მისით შეძლონ ადამიანებმა თავის რჩენა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ზოგადი დაპირებები, როგორიც არის პენსიების გაზრდა, უფასო ჯანდაცვა, შესრულდება. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ტყიბულისათვის - წელს ზამთარში  რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა იმის გამო, რომ საავადმყოფოში შესაბამისი სპეციალისტი არ ჰყავდათ, ან, გზები რომ არ იყო გათოვლილი, ამის გამო ადამიანები ვერ მიიყვანეს საავადმყოფომდე და ვერ აღმოუჩინეს მათ სასწრაფო დახმარება. მე ვაპირებ, რომ ყველა პრობლემის მოგვარებაში მივიღო  მონაწილეობა შეძლებისდაგვარად.  ძალიან კარგად ვიცნობ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის რეგლამენტს და უფლება-მოვალეობებს, მაგრამ ვაპირებ, ხანდახან მათ სასარგებლოდ გადავაჭარბო და ყველა ჩემს ხელთ არსებული საშუალება - ეს იქნება მედიით გამოსვლა, საპარლამენტო ტრიბუნა თუ ასე შემდეგ - გამოვიყენო იმისათვის, რომ მათ პრობლემებზე საზოგადოება დავაფიქრო.

კიდევ ერთი  დიდი პრობლემა, ასევე, არის ის, რომ წინა მთავრობამ ერთ-ერთ კომპანიაზე გასცა წაბლის ხეების ჩეხვის ლიცენზია. ეს არის უდიდესი პრობლემა, იმიტომ, რომ რამდენიმე სოფელში მთლიანად  არის გაჩეხილი წაბლის ტყე. სიერა ლეონეშიც კი მიხვდნენ, რომ მათ ბუნება არ უნდა გაეჩანაგებინათ...

- რომელ კომპანიას აქვს ასეთი ლიცენზია აღებული?

- ეს არის კომპანია „ვუდი პექსი,“ რომელსაც  გილაურმა თავისი  გადაწყვეტილებით მიანიჭა ეს უფლება. ამ კომპანიის უკან სერიოზული სახელისუფლებო ძალები დგანან. დღეს მთელი ტყიბული აღშფოთებული არის იმით, რომ მიმდინარეობს  წაბლის მასალის გატანა. თუმცა, ჩვენ, კომპანიის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, ერთი თვეა უკვე, შეჩერებული გვაქვს ჭრის პროცესი და, იმედი მაქვს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი და მთავრობა, გარემოს დაცვის მინისტრი ამ პირობებს გადახედავს. რამდენიმე სოფელში - ცუცხვათში, გურნაში დაწყებულია სერიოზული ეროზიული პროცესები და სახლები დამსკდარია. მე ამას, რა თქმა უნდა,  მხოლოდ  წაბლის  ხეების  მოჩეხვას არ ვაბრალებ, მაგრამ ეს არის თანმდევი პროცესი ბუნების განადგურებისა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1741
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია