დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფელ ატოცში მავთულხლართების გაბმის საკითხს ქართული მხარე დღეს ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე დააყენებს
ავტორი:
2014/თებერვალი/27 09:00:02
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში მავთულხლართების გაბმის საკითხს ქართული მხარე დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე დააყენებს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გოჩა რატიანმა განუცხადა.
"შეხვედრაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა იმ საკითხებსა და ინციდენტებზე, რომლებიც IPRM-ის ბოლო შეხვედრიდან დღემდე განხორციელდა. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მკაცრად დაისმება მავთულხლართების გაბმის პრობლემატიკა და ის ახალი მდგომარეობა, რომელიც დღეს მივიღეთ ატოცში. ზოგიერთი ამას გამყოფი ხაზის გადმოწევას უწოდებს. გადმოწევის ფაქტს ჩვენ ჯერ ვერ ვადასტურებთ, უბრალოდ მავთულხლართების გავლების პროცესი მიმდინარეობს", - აღნიშნა რატიანმა.
რაც შეეხება შეხვედრაზე განსახილველ სხვა საკითხებს, მათ შორისაა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ახალგორში გადაადგილების ახალი ნორმები და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
"ახალგორში გასვლა-შემოსვლის ახალი სარეგულაციო ნორმები მიიღეს და ჩვენი ინფორმაციით, გაამკაცრეს მიმოსვლა და ამ საკითხსაც დავსვამთ დღის წესრიგში. გარდა ამისა ვიმსჯელებთ იმაზე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხო პირობები შევუქმნათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, რომელიც გაზაფხულზე იწყება", - განაცხადა გოჩა რატიანმა.
რაც შეეხება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს, სააგენტო "რესის" ინფორმაციით, ისინი შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენებენ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეების საკითხს, რომლებიც საქართველოს ციხეებში იმყოფებიან".
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი, რიგით 41-ე შეხვედრა იმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია