დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - ფილიპ ლეფორის განცხადებაზე ევროკავშირის ხელმძღვანელობა დეტალურად იქნება ინფორმირებული
ავტორი:
2014/იანვარი/22 14:00:03
ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს,  ფილიპ ლეფორს საკუთარი განცხადების მკვეთრი უარყოფა არ გაუკეთებია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ  დავით ზალკალიანმა   ჟურნალისტებს დღეს  განუცხადა.
"ჩვენ მოვისმინეთ ფილიპ ლეფორის გუშინდელი განცხადება. გარდა ამისა, ვნახეთ ვიდეომასალა რომელიც ასახავდა ამ შეხვედრას ცხინვალის წარმომადგენლებთან. ყოველივე ამის შემდეგ მინდა განვაცხადო, რომ ბუნდოვანება კვლავ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ფილიპ ლეფორმა განაცხადა და ფაქტობრივად გააჟღერა ევროკავშირის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ურყევობის შესახებ, თუმცა მკაფიო უარყოფა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჩვენ ვერ მოვისმინეთ", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, საგარეო უწყებამ ინსტრუქცია მისცა საქართველოს წარმომადგენლობას ევროკავშირში, რათა მათ მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის ხელმძღვანელობას ლეფორის განცხადებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დღეს მოგვიანებით დავით ზალკალიანს შეხვედრა ექნება ევროკავშირის ელჩ ფილიპ დიმიტროვთან და თავად ფილიპ ლეფორთან.
"მათ ძალიან კატეგორიულად მოვთხოვ, რომ გააკეთონ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რამდენად ასახავს ლეფორის განცხადება ევროკავშირის პოზიციას და მართლა ხომ არ აქვს ადგილი მისი განცხადების ინტერპრეტაციას", - განაცხადა ზალკალიანმა.
ამასთან, როგორც ოსური მედია გუშინ წერდა, ფილიპ ლეფორმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია. "ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რეალობაა, რომელთან ერთად ცხოვრება და მუშაობა უნდა ვისწავლოთ", - დასძინა ლეფორმა.
ოსური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ლეფორმა გუშინ უკვე უპასუხა და აღნიშნა, რომ "არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში".
"არავინ უნდა შეეცადოს ამ პოზიციის არასწორ ინტერპრეტაციას. ევროკავშირის პოზიცია ემყარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი და შეეცადოს ამის არასწორ ინტერპრეტაციას", - განაცხადა ფილიპ ლეფორმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია