დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" განადგურების საფრთხეზე საუბრობს
ავტორი:
2013/დეკემბერი/23 15:00:02
გიგი უგულავა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და "ნაციონალური მოძრაობის" განადგურების საფრთხეზე საუბრობს.
"მინდა განვიხილო ბოლო 10 დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები: ხდება მერაბიშვილის გაყვანა, მთავარი პროკურორი მას პირდაპირი მნიშვნელობით "აკაჩავებს", სთხოვს ჟვანიას საქმეში დახმარებას, ოღონდ დახმარებას ბრჭყალებში. მათ კარგად იციან, რომ მერაბიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ჩათვალეს, რომ ის უკვე იმ კონდიციაშია, რომ შესაძლებელია მისი ადვილად გატეხვა. პარალელურად ხდება ის, რომ კობა ხარშილაძეს აკავებენ. ოღონდ დაკავება ხდება რაღაც ბუჩქების დარგვა-არდარგვასთან დაკავშირებით, ძალიან სათუო ბრალდებით, იმიტომ, რომ 18 აპრილის მერე, საერთოდ ეს ხალხი არ დაუბარებიათ, არც დაუკითხავთ, არც გახსენებიათ. მეტიც, პრემიერ-მინისტრს უსწრებს ენა წინ და ამბობს, რომ ეს კაცი, რომელიც ბუჩქების დარგვა-არდარგვაზეა თურმე დაკავებული, სინამდვილეში ჟვანიას საქმეზეა დაკავებული. აიღებდნენ მერაბიშვილისგან მათთვის სასურველ ჩვენებას, შემდეგ ამას ანახებდნენ კობა ხარშილაძეს, მას კიდევ უფრო მეტს ათქმევინებდნენ, ამას მერე გამოამზეურებდნენ, როგორც დიდ მიღწევას, რომ საქმე გახსნეს, რომელსაც ერთი წელია ტკეპნიან და ამ ადამიანის სახელს არ ასვენებენ საფლავში. ამის მერე წარმოიდგინეთ თქვენ რამხელა დეტონატორი, რამხელა ბომბა აფეთქდებოდა ქვეყანაში. პარალელურად ხდება ჩემი საქმის შეთითხვნა და ფორსირებული ვითომ გამოძიება, სინამდვილეში- ბრალის წაყენება. საკითხი კი არ იდგებოდა, რომ მე თანამდებობიდან ჩამომაშორონ და გირაო მომცენ, არამედ იქნებოდა დაპატიმრებასა და "დახვრეტას" შორის არჩევანი. შესაბამისად, ამის მერე შეიქმნებოდა ემოციური ფონი და ახალ წლამდე წაუყენებდნენ სააკაშვილს ბრალს, წაგვიყენებდნენ ჩვენ და პრაქტიკულად მოხდებოდა მთლიანად პოლიტიკური ველის მოცარიელება და მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის" განადგურება. ამის ფაქტობრივი დასაბუთება არის ის, რომ კაცი, რომელიც ბუჩქების დარგვაზე დაიჭირეს და გავეშებული იყო პროკურატურა ისე ითხოვდა წინასწარ პატიმრობას, მისთვის უბრალოდ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო წინასწარი პატიმრობის შეფარდება. პრემიერ-მინისტრი გამოდის და იძახის, რომ ხარშილაძე დაჭერილი იმაზე კი არ არის რაზეც დავიჭირეთ, არამედ სხვა რამეზეა დაჭერილი და ამაზე საერთოდ რეაქცია არ ხდება. აი, ეს იყო ის მზაკრული გეგმა, რომელიც შეიმუშავა მთავრობამ. მნიშვნელოვანია თუ რატომ ჩქარობდნენ და რატომ არის ამდენი შეცდომა დაშვებული. ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო ახალ წლამდე, სანამ ყველა ელჩი წასულია, სანამ საერთაშორისო საზოგადოება შობას აღნიშნავს და სანამ ჩვენი საზოგადოება გადართულია სადღესასწაულო განწყობაზე. ამ ბინძური, იაფფასიანი გამოძიებებიდან კარგად ჩანს, რომ ეს ყველაფერი არ ემსახურება სიმართლის დადგენას, არამედ მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპონენტის განადგურებას და მეტს არაფერს. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფაქტია", - განაცხადა გიგი უგულავამ. აღნიშნულ კომენტარს დედაქალაქის მერია ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია