დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი - ეროვნულ უშიშროების საბჭოს რეფორმირება არსებული საკონსტიტუციო მოდელის ჩარჩოში განხორციელდება
ავტორი:
2014/სექტემბერი/28 16:30:02
ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა შესაძლოა, გაფართოვდეს. გარდა ამისა, პრეზიდენტთან არსებული სათათბირო ორგანოს რეფორმირების პროცესში, სავარაუდოდ, გათვალისწინებული იქნება ისიც, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტები უშიშროების საბჭოს მონაწილეობით მომზადდება.
"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, მუშაობის პროცესში მან შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანთან, სხვა უწყებების წარმომადგენლებთან და პროექტში ახლა ბოლო შენიშვნები შედის.
სესიაშვილის ცნობით, ცვლილებები ეროვნულ უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით არსებული საკონსტიტუციო მოდელის ფარგლებში განხორციელდება.
"ერთგვარი გაუგებრობა "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" კანონის სრულყოფასთან დაკავშირებით გამოწვეულია იმ კონსტიტუციური მოდელით, რომელიც 2010 წელს მიიღეს. საკითხს პრემიერი და პრეზიდენტი ძალიან გონივრულად მიუდგნენ. დღევანდელი კონსტიტუციური მოდელი გარკვეულ ჩარჩოს გვაძლევს და ყველაფერი ამ ჩარჩოში უნდა მოექცეს. ეს ძალიან კარგად ესმის პრეზიდენტს და ძალიან კარგად ესმის პრემიერს. არ გეტყვით, რომ მოგვწონს კონსტიტუციის არსებული მოდელი უშიშროებისა და უსაფრთოების საკითხებთან დაკავშირებით - არ მოგვწონს ყველას ერთად: არც პრემიერს, არც პრეზიდენტს, არც პირადად მე, მაგრამ გამოვდივართ არსებული მოცემულობიდან. უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები იქნებიან ყველანი ის, ვინც აქამდე იყო, თუმცა პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან საინტერესო ინიციატივა საბჭოს შემადგენლობის გაფართოების შესახებ, რასაც მეც ვიზიარებ და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭრს, რომ უშიშროების საბჭოში შევიდნენ სხვა სამინისტროების და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი სესიაშვილმა.
რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტების (ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, ეროვნული სამხედრო სტრატეგია) შემუშავებასა და დამტკიცებას, როგორც სესიაშვილი განმარტავს, მათ დამტკიცებასთან, განხილვასთან და ანალიზთან დაკავშირებულ საკითხებს შინაარსიდან გამომდინარე უდგებიან.
"როცა საქმე ეხება ისეთ საკითხებს, რაც კოლეგიალურ მსჯელობას მოითხოვს, მოიცავს საფრთხეების ფართო სპექტრს, რა თქმა უნდა, ეს მთავრობის განსახილველი და დასამტკიცებელია. მაგალითად, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომლიც მოიცავს სამხედრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ საფრთხეებს. ამასთან, ჩემი, როგორც კანონპროექტის ავტორის, პირადი მიდგომა არის, რომ პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს, მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს და მაქსიმალურად იყოს ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება ქვეყნის თავდაცვას და გარკველ ნაწილში, უსაფრთხოების საკითხებს. ამიტომ ვთვლი, რომ ამ დოკუმენტების შემუშავების პროცესში ეროვნული უშიშროების საბჭო ჩართული უნდა იყოს. რა ფორმით, რა სახით, ეს უკვე მსჯელობის საგანია", – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, "როცა საუბარია ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ეს არის ეროვნული ინტერესის საგანი, სადაც პოლიტიკური ნიშანი და ინსტიტუციონალური ნიშა არ არსებობს".
"აქ არსებობს მხოლოდ საერთო ეროვნული ინტერესი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ როგორც პარლამენტი, ისე პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი საკითხს უდგება, როგორც საერთო ეროვნულ ინტერესს", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
პარლამენტში ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში შევიდა "უშიშროების საბჭოს შესახებ" ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც დეპუტატების: ვახტანგ ხმალაძის, ირინა იმერლიშვილისა და ირაკლი სესიაშვილის ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა იყო. პროექტი ეროვნული უშიშროების საბჭოს და მასთან ერთად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს არსებულ უფლებამოსილებებს უზღუდავდა – ცვლილებების განხორციელება ახალი კონსტიტუციური მოდელის შესაბამისად დაიგეგმა. პარლამენტმა ეს ინიციატივა შარშან პირველი მოსმენით მიიღო და მას შემდეგ განხილვის პროცესი გაჩერდა.
ერთი თვის წინ კი, საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ საზოგადოებას საკუთარი ხედვები გააცნო. პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უშიშროების საბჭო "პოლიტიკური შეთანხმებების" მიღების ორგანო უნდა იყოს. მისი აზრით, გონივრული იქნება უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში მუდმივ წევრებად დაემატონ პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები, აგრეთვე - გენერალური შტაბის უფროსი. გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტები ეროვნული უშიშროების საბჭოზე განხილვით და მასთან პოზიციების შეჯერებით უნდა მომზადდეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 954
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია