დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვასილ ციბენკო - ომი, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარეობს, უკვე გასცდა უკრაინის ტერიტორიას
ავტორი:
2014/ივლისი/18 16:00:03
საქართველოში უკრაინის ელჩის ვასილ ციბენკოს განცხადებით, ომი, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარეობს და რუსეთისგან არის მხარდაჭერილი , უკვე გასცდა უკრაინის ტერიტორიას და რეალურ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო თანამეგობრობას.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ელჩმა განაცხადა, ის დღეს მიწვეული იყო ქუთაისში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე, თუმცა იმის გამო, რაც გუშინ უკრაინაში მოხდა, საშუალება არ მიეცა ამ ღონისძიებას დასწრებოდა. ელჩმა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა.
რაც შეეხება მალაიზიური ავიახაზების "ბოინგ 777"-ის კატასტროფას, ელჩის განცხადებით, დონეცკის რაიონს გუშინ ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, რადგან პრორუსმა ტერორისტებმა თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
"დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდათ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან. უკრაინას დიდი უბედურება დაატყდა თავს, ამჯერად ბევრი ქვეყნის ოჯახს შეეხო, ჰოლანდიის, ავსტრალიის, ინდონეზიის, გერმანიის და სხვა ქვეყნებს", - განაცხადა ციბენკომ.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა და განკარგულება გასცა შეიქმნას საერთაშორისო კომისია, რომელიც ავიაკატასტროფის მიზეზებს გამოძიებს. თუმცა, ელჩმა აღნიშნა, რომ გამოძიების შედეგებამდე შესაძლებელია დასკვნების გაკეთება, კერძოდ, ის, რომ რაც უკრაინაში ხდება, ეს არის სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ მისი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ელჩი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რუსეთის ქმედებებზე უნდა იყოს ადეკვატური. კერძოდ, უნდა განხორციელდეს გარკვეული ზომები, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლაც.
"ის სანქციები რაც დღემდე მიიღეს, ეფექტური არ იყო. დღეს ზოგიერთი ევროპული ქვეყანა უკრაინის მოვლენებს ლოკალურ კონფლიქტად აღიქვამს. ვიდრე ასე ფიქრობენ, რაიმე დადებითის მოლოდინი რთულია. ვფიქრობ, ტრაგედია, რომელიც გუშინ მოხდა, შექმნის საფუძველს რადიკალური ზომები მიიღონ აგრესორის წინააღმდეგ", - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, იგი გამორიცხავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას, რადგან მიიჩნევს, რომ ყველა რესური ჯერ ამოწრული არ არის. ციბენკო აცხადებს, რომ საჭიროა სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორს შეეხოს, რომელსაც ჯერ არ შეხებია. ელჩის განცხადებით, ბევრი დამამტკიცებელი საბუთია იმის რომ "ბოინგ 777" საზენიტო კომპლექსით ჩამოაგდეს, რომლის შეძენა მხოლოდ რუსეთშია შეასძლებელი.
"დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო კომისია კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს მოსაზრებებს და ეს იქნება სტიმული იმისათვის, რომ გადამწყვეტი ზომები იქნას რუსეთის წინააღმდეგ მიღებული", - განაცხადა ციბენკომ და აქვე აღნიშნა, რომ დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბიბება, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 860
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია