დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას მორატორიუმი?
რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას მორატორიუმი?
ავტორი: ცოტნე კეთილაძე
სულ ნანახია 2064
ავტორი:
ცოტნე კეთილაძე
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ ორგანოებს მორატორიუმისკენ მოუწოდა. ამას საზოგადოებაში სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მოჰყვა და ირაკლი ღარიბაშვილს თავისივე ნათქვამის განმარტება მოუხდა. მისი თქმით, საზოგადოებაში მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მორატორიუმზე ინიციატივა მთავრობის სხდომაზე გაახმოვანა და  სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა, მომავალში მაქსიმალურად შეიკავონ თავი იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისგან, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ. პრემიერმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ყველას თანაბრად უნდა მიეცეს შესაძლებლობა საარჩევნო კამპანია სრულფასოვნად ჩაატაროს, რის საშუალებასაც საზოგადოებაში დაგროვებული აგრესიული მუხტი არ იძლევა.

 

„ბოლო დღეების განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. ვხედავ, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაგროვილი აგრესია პერიოდულად არის გამოხატული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ თითოეულ მოქალაქეს მინდა მივმართო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გახდეს კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოში რეალური ცვლილებები მოხდა და რომ ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომელიც მტკიცედ ადგას დემოკრატიის გზას და არის იმის გარანტი, რომ ჩატარდება ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ყველა პარტიას სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება მიეცეს.

 

„სწორედ ამიტომ მინდა, გამოვაცხადო მორატორიუმი და მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, წინასააარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკავონ თავი იმ პირთა კანონიერი შეზღუდვისგან და იმ პირების დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში. ეს უნდა იყოს უკიდურესი ზომა და თან იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მკაფიოდ დასაბუთებული გადაუდებელი და გარდაუვალი აუცილებლობა,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

პრემიერის ინიციატივას მორატორიუმზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მორატორიუმი შარშან საპრეზიდენტო არჩევნებამდეც იყო გამოცხადებული და მან საკუთარი ეფექტურობაც აჩვენა.

 

რამდენადაც მახსოვს, ანალოგიური მორატორიუმი საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც გამოცხადდა. ის ზომები, რომლებიც მაშინ იყო მიღებული, ეფექტურად მუშაობდა და შარშან ჩვენ ღია და კონკურენტულ გარემოში, საქართველოსთვის უპრეცენდენტო არჩევნები ჩავატარეთ. შესაბამისად, ამ ნაბიჯის გადადგმა, ვფიქრობ, გამართლებულია,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი  ამბობს, მორატორიუმის გამოცხადება უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია იყო.

 

„მორატორიუმის გამოცხადება არჩევნების წინ ვფიქრობ, რომ ადეკვატურია, იმის გათვალისწინებით, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო და პირველი რეკომენდაცია, რომელიც მან ძალოვანებს მისცა იყო ის, რომ მორატორიუმი გამოცხადებულიყო. თუმცა პრემიერმა იქვე დასძინა, რომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა იქნება, მაშინ, ცხადია, სამართალდამცავი სტრუქტურის მუშაობა ვერ შეფერხდება,“ - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

 

მორატორიუმი - კლასიკური ფარსი?!

 

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პრემიერის მხრიდან  მორატორიუმის გამოცხადებას მთავრობის მხრიდან კლასიკურ ფარისევლობად აფასებს.

„ახლა მივხვდი რატომ დამდევდა ფინანსური პოლიცია ბათუმში და სხვა ქალაქებში. ისინი გაშლეგებული ცდილობდნენ უწყისის ჩაბარებას 11 საათზე. ჯერ ფინანსურ პოლიციაში დამიბარეს და მერე ღამე დამკითხეს. როგორ ჩანს, დავალება იყო მიცემული, რომ ორშაბათამდე ყველა საქმე მოითავეთ, იმიტომ, რომ ორშაბათს ღარიბაშვილმა განცხადება უნდა გააკეთოს, რომ მორატორიუმის გამოცხადებას აპირებს. ეს კლასიკური ფარისევლობაა მთავრობის მხრიდან,“ - განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი კი ამბობს, ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს და მათი აქტივისტები გაათავისუფლოს.

 

„ეს განცხადება აჩვენებს, რომ თურმე მართლები ვყოფილვართ, როდესაც წინასაარჩევნო გარემოს არანორმალურობაზე ვსაუბრობდით, მაგრამ თუკი ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს იმ აქტივისტების, ადგილობრივ თვითმმართველობებში ჩვენი სავარაუდო კანდიდატების გათავისუფლებით, ან საქმეების დასრულებით, ხონსა და დუშეთში დაპატიმრებების კონკრეტულ საქმეებზე უნდა იყოს მყისიერი რეაგირება,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

უნდა ითქვას, რომ ამ „კლასიკურმა ფარსმა“ - მორატორიუმზე პრემიერის ინიციატივამ საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია და ხელისუფლება დანაშაულებრივი რეჟიმის მფარველობაშიც კი დაადანაშაულეს. ამიტომ პრემიერს განმარტებების გაკეთება მოუხდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას სურს, საარჩევნო კამპანია მაქსიმალურად მშვიდ გარემოში წარიმართოს და არავის უნდა მიეცეს  ამ პროცესით სპეკულირების საშუალება.

 

„არავის უნდა მივცეთ საშუალება თქვას, რომ საარჩევნო კამპანიის წარმართვა არათანაბარ, არაკონკურენტუნარიან გარემოში მოუწია, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით, გამოვაცხადეთ მორატორიუმი და მოვუწოდეთ სამართალდამცველ ორგანოებს, თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ იქნება, თავი შეიკავონ საარჩევნო კამპანიაში ჩართული ადამიანების დაკავებისგან. მგონი, აქ ყველაფერი ცხადად ითქვა და დამატებითი კითხვები წესით, არ უნდა არსებობდეს. გუშინ მოვისმინეთ სხვადასხვა წუხილი იმაზე, თუ რატომ გამოვაცხადეთ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლებზე მორატორიუმი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. რაც შეეხება მორატორიუმის გავრცელებას სასამართლო პროცესებზე, პრემიერის განმარტებით, მისთვის უცნობია, მოხერხდება თუ არა ეს.

 

„არ ვიცი, როგორ შეეხება ეს სასამართლო პროცესებს, თუკი ის დაწყებულია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მძიმე დანაშაულს აღნიშნული მორატორიუმი არ შეეხება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია