დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მალხაზ ჭრელაშვილი: „ისევ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაცოცხლოთ ეს ქალაქი“
მალხაზ ჭრელაშვილი: „ისევ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაცოცხლოთ ეს ქალაქი“
ავტორი: ნატო გუბელაძე
სულ ნანახია 3049
ავტორი:
ნატო გუბელაძე

ძველებმა ინდუსტრიის ფუნქცია მიანიჭეს ქუთაისს და ამან იმუშავა გარკვეული პერიოდი,  წინა ხელისუფლებამ - საპარლამენტო  და ამანაც ვერ მოგვცა ჩვენთვის სასურველი შედეგი...

 

რა უარყოფით გავლენას მოახდენს ქუთაისის ეკონომიკაზე შემოვლითი გზის გაკეთება, რეალურად რა საფრთხეები არსებობს ამ მხრივ და თავად ქუთაისის ხელისუფლებას თუ შეუძლია ამ საფრთხეების თავიდან აცილება? - ამ საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ მალხაზ ჭრელაშვილს.

 

მალხაზ  ჭრელაშვილი:

 

რა თქმა უნდა, მარტივი მიდგომითაც შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური გზის ავლა ამ ეტაპზე და ის გარემოებაც, რომ რკინიგზაც არ შემოდის ქალაქში, როცა ჯერ კიდევ ეკონომიკურად არ ვართ ძლიერი სახელმწიფო, არის დასაქმების, წარმოების განვითარების და სოფლად თუ  ქალაქად წარმოებული პროდუქციის არათანაფარდობა, ასეთი სიტუაცია ვერ ქმნის სახარბიელო პოზიციას ჩვენი ქალაქისათვის.

 

რა თქმა უნდა, რაც მეტადაა ინფრასტრუქტურა განვითარებული და ეს ერგება ქალაქს, მით მეტია ერთიან ეკონომიკაში ჩართვის მარტივი და პირდაპირი გზები რიგითი მოსახლისათვის. ამაზე თავის დროზე არ იფიქრა ძველმა ხელისუფლებამ საბჭოთა წლებში და არც უახლოესმა წინა ხელისუფლებამ, რათა კომპლექსურად განეხილათ ეს საკითხი. ძველებმა ინდუსტრიის ფუნქცია მიანიჭეს ქალაქს და ამან იმუშავა გარკვეული პერიოდი. წინა ხელისუფლებამ - საპარლამენტო და ამანაც ვერ მოგვცა ჩვენთვის სასურველი შედეგი. ამიტომაა საჭირო, ისევ ჩვენ ვიფიქროთ, როგორ გავაცოცხლოთ ეს ქალაქი, თუნდაც ასეთი პატარა სტრატეგიების თუ გრძელვადიანი გეგმების შესრულებით...

 

- ამ პრობლემაზე ქუთაისის ხელისუფლების (ან თუნდაც ეკონომიკის სამსახურის) მიერ თუ ყოფილა საკითხის განხილვა ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, თუნდაც რეგიონული განვითარების სამინისტროსთან და როგორია მათი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?

 

ჩვენ რაც შევძელით, იყო ის, რომ  ვიმუშავეთ და დავდეთ ქუთაისის განვითარების სტრატეგია 2013-2017 წლამდე. მისი ინიციატორი იყო ეკონომიკური სამსახური, ამისათვის შეიქმნა სტრატეგიული საბჭო და შემდგომ USAID-იც ჩაერთო ამ მიმართულებით. ეს სტრატეგია  გასული წლის თებერვალში დაამტკიცა ქუთაისის საკრებულომ. თუმცა, როგორც მოვლენებმა აჩვენა, ამისათვის არ ეცალა არავის ამ ქალაქში, სხვა პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე. და თაროზე დარჩა... აქ მინდა, მადლობა ვუთხრა თავის დროზე ჩართულობის კუთხით ახალგაზრდა იურისტებს და ახალგაზრდა ეკონომისტებს, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ამ სტრატეგიის მომზადებაში.

 

ამ სტრატეგიაში არის ძირითადი პრიორიტეტები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქალაქი გეგმიურად 2017 წლამდე და რაა ძირითადი პრიორიტეტები... აქ ესაა მთავარი, რომ თუ დოკუმენტი მივიღეთ გარკვეული გეგმით, საჭიროა მისი შესრულებაც. თუ რაიმე განსხვავებაა, არც ესაა პრობლემა, შეიძლება გადახედვაც და ცვლილებებიც, მაგრამ ამასაც, ალბათ, სწორად განხილვა და მიდგომა უნდა.

 

დოკუმენტის მიხედვით, მთავარი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურა, ეკოლოგია, ქალაქის გამწვანება, რომელიც 3-ჯერ ნაკლებია დასაშვებ სტანდარტებზე; ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - ავტოსადგური, ქალაქის ახალი სატრანსპორტო პარკი, პარკირების ახალი სისტემა. თანამედროვე კომპლექსური სპორტის სასახლის მშენებლობა, ტყე-პარკის გაშენება, ძველი ხეების შეცვლა ახალი ნარგავებით. ქალაქის განათების სისტემის შეცვლა, ურბანული დაგეგმარების დასრულება, ქალაქის ქონების ინვენტარიზაცია.

 

თუმცა, ვფიქრობ, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ურთიერთობა რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, კიდევ უფრო მეტი ჩართულობით. იმედია, იქნება მეტი საშუალება ამ კუთხით. უამრავი პროექტის გაკეთება შეიძლება მათთან ერთად  ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე... არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ისეთი პროექტებით დაკავებული, რომელიც, მართალია, ყოველდღიური და პრობლემურია (მაგ. კანალიზაცია, წყალი, ღვარსადენი...), არამედ ისეთი პროექტებიც უნდა გაკეთდეს, უფრო გრძელვადიანი, რომელიც უკეთეს  პერსპექტივას შეუქმნის ქალაქს...

 

დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი შოთა მურღულია დაინტერესებულია ამ გეგმის დახვეწითა და განხორციელებით და იმედია, არჩევნების შემდეგ უფრო ეფექტურად შესაძლებელი იქნება სწრაფი ნაბიჯების გადადგმა ქუთაისის განვითარებისათვის.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია