დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატომ ვერ გახდება ყირიმი აფხაზეთი?
რატომ ვერ გახდება ყირიმი აფხაზეთი?
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1909
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

მოახერხებს თუ არა რუსეთი უკრაინის  სუვერენიტეტს შეუქმნას ისეთი საფრთხეები, როგორც ეს მან გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით?!  ეს არის მთავარი კითხვა დღეს, რომელიც აშფოთებს პოლიტიკურ ლიდერებს თუ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსებს. გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია, თუ რატომ ვერ გახდება ყირიმი აფხაზეთი.

 

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე  ტურჩინოვი ბრალს დებს რუსეთის მხარდაჭერილ ძალებს ყირიმში, რომ ისინი „აფხაზეთის ანალოგიური სცენარით მოქმედებენ.“ მოსაზრება, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზეთის „მოდელი“ შეიძლება გამოდგეს ყირიმში რუსეთის მოქმედების ასახსნელად, ფართოდ გავრცელებულია ასევე ბევრ მედია ექსპერტს შორის.

 

კიმბერლი მარტენის სტატიაში „4 მიზეზი, რის გამოც ყირიმი აფხაზეთი არ არის“ არის აღნიშნული, რუსეთის მოტივაცია ამ ორ რეგიონში განსხვავებულია. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ „მოდელებზე“ დაყრდნობით გაკეთებული პროგნოზებიდან გამომდინარე, საბოლოო რეზულტატი (რუსეთის მიერ ყირიმის ჩაყლაპვა) არ მოხდება, თუკი უკრაინა თავის კარტებს სწორად გაითამაშებს. სტატიის ავტორი ასახელებს ოთხ ფაქტორს, რომელიც გამორიცხავს აფხაზეთის სცენარის განვითარებას ყირიმში.

 

 

პირველი ფაქტორი - არ არის დაგროვილი ემოციური მოგონებები და ბრაზი

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ავტორიტეტული Human Rights Watch-ის  ანგარიშის თანახმად, აფხაზეთმა 1992-93 წლებში საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ სასტიკი სამოქალაქო ომი, მასშტაბური ეთნიკური წმენდის კამპანიები და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სხვა უამრავი სისასტიკე გადაიტანა. ორგანიზაცია international Crisis Group-ის თანახმად, 8 000 ადამიანი დაიღუპა, 18 000 დაიჭრა,  და 240000 ადამიანი (დიდ წილად ეთნიკური ქართველები) სახლებიდან გააძევეს. იძულებით გადაადგილებულთა უმრავლესობა დღემდე საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა ადგილებში, ცალკეულ თემებად ცხოვრობს. ეს არის კონტექსტი, რომელმაც შექმნა შესაბამისი პირობები 2008 წლის რუსული ინტერვენციისთვის აფხაზეთში.

 

ამის საპირისპიროდ, ყირიმმა პოსტსაბჭოთა ეპოქაში მშვიდობიანად შეაბიჯა. მაშინ, როდესაც ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით ახლად გათავისუფლებული სუვერენული უკრაინის ფარგლებში სერიოზული იურიდიული დავა მიმდინარეობდა, როგორც ეს მეცნიერმა რომან სოლჩანიკმა აღწერა იმ დროს, ყირიმმა შეძლო და სამოქალაქო ომს თავი აარიდა (ყირიმი 1954 წელს, საბჭოთა პრემიერის ნიკიტა ხრიუშჩოვის თვითნებური გადაწყვეტილებით გახდა უკრაინის ტერიტორიის ნაწილი). მაშინ, როდესაც ყირიმელების უმრავლესობა ეთნიკურად რუსების სოლიდარულია, რესპუბლიკას არ აქვს ის ემოციური მოგონებები და ბრაზი, რაც აფხაზეთის სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდის საზოგადოებას გააჩნია. რაც იმას ნიშნავს, რომ ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, შეიძლება მიღებულ იქნას მშვიდობიანად და მოლაპარაკებების გზით, ვიდრე ეს ოდესმე იყო შესაძლებელი აფხაზეთის შემთხვევაში.

 

 

მეორე ფაქტორი - რუსეთის  გავლენის მაღალი ხარისხი

 

„რუსეთს არ სჭირდება ყირიმის ძვირადღირებული და სარისკო ოკუპაცია“ - მიაჩნია სტატიის ავტორს.

 

აფხაზეთის მოსახლეობაში ეთნიკური რუსები არ დომინირებენ. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების თანახმად, 10%-ზე ნაკლები ადამიანი იდენტიფიცირებულია, როგორც ეთნიკური რუსი; საბჭოთა პერიოდშიც კი ეს მაჩვენებელი 20%-ზე მაღალი არ ყოფილა. ამის საპირისპიროდ, ბოლო უკრაინული აღწერით (2001) ყირიმელების 58% საკუთარ თავს ეთნიკურ რუსად მიიჩნევს.

სტატიის ავტორის აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ირიბი გავლენის ხარისხი ყირიმზე არის ისეთი, როგორიც არასდროს ჰქონია აფხაზეთზე - ის სარგებლობს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სიმპათიით, რაც შეიძლება აისახოს ამ ავტონომიურ რესპუბლიკაში მაისში დაგეგმილ რეფერენდუმზე. ასევე,  რუსული ეთნიკური ჯგუფები საკმაოდ მძლავრად არიან წარმოდგენილი უკრაინის კიდევ სხვა რამდენიმე პროვინციაში. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინა თავისი ბუნებრივი აირის 70%-ით რუსეთზეა დამოკიდებული, რუსეთს არ სჭირდება ყირიმის ძვირადღირებული და სარისკო ოკუპაცია იმისთვის, რომ მისი ხმა გარანტირებულად გათვალისწინებული იყოს უკრაინის მომავალში.

 

 

მესამე ფაქტორი - უკრაინის არმია

 

მაშინ, როდესაც 2008 წლის ომი სისხლიანი იყო, ის იყო ხანმოკლე, დიდწილად იმის გამო, რომ ქართული არმია უმალ დამარცხდა - ნაწილობრივ ქართული არმიის მოცულობის სიმცირის და შეზღუდული აღჭურვილობის გამო, მაგრამ პრობლემა კიდევ უფრო ღრმა აღმოჩნდა. პენტაგონის ომისშემდგომ ანგარიშში ნათქვამია, რომ პრობლემას წარმოადგენდა „ცუდი მენეჯმენტი და არაკვალიფიციური ხელმძღვანელობა“, რის გამოც ქართულმა არმიამ ვერ იბრძოლა, როგორც თანამედროვე ძალამ. ამ ფაქტორმა ადგილზე რუსი მშვიდობისმყოფელების ყოფნასთან ერთად, რუსეთს აფხაზეთის ხელში ჩაგდება გაუადვილა.

 

ამის საპირისპიროდ, უკრაინას დღეს გაცილებით დიდი არმია ჰყავს, ვიდრე საქართველოს ჰყავდა 2008 წელს. არანაირი აზრი არის იმაში, რომ რუსეთის რაციონალური ლიდერი (და ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრეზიდენტი პუტინი გონიერი და რაციონალურია, თუკი თანამდებობაზე მის ხანგრძლივ ყოფნას და მის მთელ რიგ ბოლოდროინდელ ტრიუმფებს გავითვალისწინებთ) ბედთან თამაშს დაიწყებს ინტერვენციით, რაც უკრაინის სამხედრო ძალების პასუხის პროვოცირებას მოახდენს.

 

 

მეოთხე ფაქტორი - საქართველოს მაშინ მართავდა იმპულსური პრეზიდენტი, უკრაინას - არა

 

2008 წელს, საქართველოს მართავდა იმპულსური პრეზიდენტი, რომლის პროვოცირება და გაბრაზება იოლი იყო. მიხეილ სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური მომავლის მიზნად დაისახა საქართველოს სამოქალაქო ომამდელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. პუტინი ძიუდოს ოსტატია, რომელმაც იცის როგორ უნდა წააქციოს მოწინააღმდეგე ისე, რომ მისივე წონა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. მან იცოდა, რომ შეეძლო სააკაშვილი პირველ ნაბიჯზე წაექეზებინა (ამის შესახებ ევროკავშირის დამოუკიდებელ საგამოძიებო ანგარიშშია მითითებული, რომელიც 2008 წლის ომის გარემოებებს სწავლობდა).

 

სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორების გამო, უკრაინის დროებით ხელისუფლებას შეუძლია უზრუნველყოს ის, რომ ყირიმი აფხაზეთი არ გახდეს და, შესაბამისად, თავიდან აირიდოს ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის ტერიტორიული მომავლის ირგვლივ. სიმშვიდის შენარჩუნებით და ყველაფრის გაკეთებით იმისათვის, რომ აღკვეთოს ძალადობის გაჩაღება ყირიმის რუსული უმრავლესობის მიმართ, მას შეუძლია მოსკოვს ლოდინით მოუგოს.

 

„გრძელვადიან პერსპექტივაში, მოსკოვის ინტერესებში არ შედის ისეთი ტვირთის წამოკიდება, როგორიცაა ყირიმის ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობის მართვა, იმ მრავალრიცხოვანი თათარი მოსახლეობის გათვალისწინებით, რომლებისთვისაც რუსეთის კონტროლი კატეგორიულად მიუღებელია. თუკი კიევში მკაფიოდ განაცხადებენ, რომ მათთვის მისაღებია სუვერენული უკრაინის ფარგლებში ყირიმის ავტონომიის სტატუსის გადახედვა (და განსაკუთრებით, თუკი კიევი მხარს უჭერს 2010 წლის ხელშეკრულებას მოსკოვთან, რომლის თანახმად რუსეთის შავი ზღვის ფლოტი რჩება ყირიმის სევასტოპოლის ბაზაზე 2042 წლამდე), რჩება იმის იმედი, რომ ყირიმის მიმდინარე კრიზისი რუსეთის ინტერვენციის გარეშე გადაწყდება,“ - წერს კიმბერლი მარტენი WashingtonPost-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია