დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წინასასექტემბრო ამბავი
16 სექტემბერი, 2013
წინასასექტემბრო ამბავი

ეს სამი თუ ოთხი წლის წინათ მოხდა. ახალი სასწავლო წლის დაწყების წინა დღე იყო. 

"მწვანე ბაზრის" შესასვლელში 75 წლამდე ასაკის ქალი მოკრძალებით იდგა, ხელში რაღაც ნაქსოვი ნივთები ეჭირა. ახლოდან რომ დავაკვირდი, მივხვდი: ქვაბის ცხელი სახელურების დასაჭერი გახლდათ, ერთმანეთზე წყვილ-წყვილად, თეთრი ლენტით გადაბმული. საქსოვი ძაფი რაღაც უხეში, კაპრონისმაგვარი ჩანდა და არც ფერები იყო ერთმანეთთან დიდი გემოვნებით შეხამებული. 
გამვლელ-გამომვლელები ხმამაღლა მოყვირალ მოვაჭრეებს არ აქცევდნენ ყურადღებას და ამ კაფანდარა, მორცხვად ატუზული, შაოსანი ქალის უსარგებლო ნივთები ვისღა მოსჭრიდა თვალს!
მართლაც, ბაზრიდან გამოსულს იქვე დამხვდა, სამივე წყვილი ნაქსოვი დამჭკნარ ხელზე ისე ჰქონდა გრძლად ჩამოკიდებული, როგორც მონადირეს - დახოცილი ჩიტები. 
უნებლიეთ, ფასი ვკითხე. სამი ლარიო,- გახარებულმა ისე სწრაფად მიპასუხა , მგონი, ამ ნაშუადღევამდე მე ვიყავი პირველი და ერთადერთი კლიენტი. 
ჩანთაში 7 ლარი აღმომაჩნდა. ორი წყვილი მოვითხოვე. მან აკანკალებული ხელებით გამიხვია თავისი ნახელავი გაზეთის ნაგლეჯში. სახე უბრწყინავდა.
ლარიანიც არ გამოვართვი, იყოს-მეთქი. 
უცებ ჩემს ხელს ეცა და კოცნა დამიწყო:
-
ღმერთმა დაგლოცოს, შვილო! ჩემს ობოლ შვილიშვილს რვეულებს და პასტას მაინც ვუყიდი ხვალისთვის. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, ესენი მოვქსოვე....
...
ის ერთი წყვილი ნაკეთობა სამარშრუტო ტაქსში შემთხვევით დამგზავრებულ მეგობარ ქალბატონს ვაჩუქე. შევატყვე, დიდად არ მოხიბლულა, საწრაფოდ ჩააგდო ჩანთაში, მეორე წყვილი კი დღემდე დევს ჩემი კარადის ერთ-ერთ უჯრაში. წელიწადში ერთხელ, სასექტემბროდ, ამოვიღებ ხოლმე და დავხედავ ...
ისე, უბრალოდ.

ამ საღამოსაც გამახსენდა ის ბებო, ამოვიღე მისი ნახელავი. 
ხვალ ხომ ახალი სასწავლო წელი იწყება...

ნანული ცხვედიანი

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია