დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნანული ცხვედიანის ბლოგი – "თაფლის სანთლები ომის ვეტერანისაგან"
09 მაისი, 2014
ნანული ცხვედიანის ბლოგი – "თაფლის სანთლები ომის ვეტერანისაგან"

 

ორი წლის წინ, სწორედ მაისის დასაწყისში, რედაქციაში 90 წელს გადაცილებული კაცი მეწვია. 
ჩემი პირველი განცდა ის იყო, რომ ძალიან შემეცოდა აქოშინებული მოხუცი, - ულიფტოდ ამ საშინელ კიბეზე რამ ამოიყვანა-მეთქი. ქუთაისის პრესის სახლის მეოთხე სართული ხომ, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი კორპუსის მეშვიდე - მერვე სართულის სიმაღლეზეა. თბილად შევხვდი, წყალიც შევთავაზე, ბოლოს სტუმრობის მიზეზი ვკითხე. 
გამეცნო - ქუთაისელი ომის ვეტერანი შოთა ფანჩულიძე ვარ, ერთი 
პატარა, უბრალო ლექსი დავწერე და თუ შეიძლება, დამიბეჭდეთ, 9 მაისის მილოცვა მინდა ჩემი კოლეგების - ვეტერანებისთვისო. 

 


გამოვტყდები, როგორც რედაქტორს, ”პოეტად” თავჩათვლილი უამრავი ავტორი გამიშვია უარით ჩემი კაბინეტიდან, მაგრამ ამ მოხუცი ვეტერანის ვიზიტში ისეთი გულწრფელი თხოვნა და ტაქტი იყო, საუკუნეს მიტანებულ კაცს სულაც რომ უკუღმა გადაებრუნებინა სალექსო ტექნიკა, უარს როგორ ვაკადრებდი.

 

შევპირდი, საცხრამაისო ნომერში დაგიბეჭდავთ-მეთქი, ანოტაციისათვის მისი მხედრული გზის ფაქტები და თარიღები გამოვკითხე, გულდაგულ ჩავიწერე, ბოლოს კარგი ფოტოც გადავუღეთ და ნასიამოვნები გავუშვი.
მეორე დღეს კვლავ მესტუმრა. შევწუხდი, რატომ გაისარჯეთ, მოკითხვა არაა საჭირო, სამი დღის შემდეგ გაზეთში აუცილებლად იქნება თქვენი ლექსი-მეთქი.

 


არა, შვილო, ლექსისთვის არ მოვსულვარ, გუშინდელმა მიღებამ ძალიან გამახარა, მადლობა მინდა გითხრა, რომ ამ ცივ წუთისოფელში სხვებისთვის სითბოს გაცემა შეგიძლიაო და მოულოდნელად მკითხა:”ღმერთი გწამს?”
გაკვირვებულს გამეცინა, ამას რას მეკითხებით -მეთქი. 

 


- მე იმდენჯერ გადავურჩი სიკვდილს ომში და ყოველთვის რწმენამ და ლოცვამ მიხსნაო,- უბრალოდ მითხრა, მერე უბის ჯიბიდან რაღაც შეხვეული ამოიღო,- ეს სულ პაწაწინა სასანთლეა, ეს კი ნამდვილი თაფლის სანთლები. აი, ასანთის კოლოფიც მოვაყოლე. მინდა, რომ აანთო ხოლმეო. 

 


ის პაწაწკინტელა, მინიატურული შანდალი და რამდენიმე, შემორჩენილი სანთელი წიგნებთან მიდევს, თაროზე. აუცილებლად გამოვიღებ და ავუნთებ იმ სათნო ბერიკაცს,ბატონ შოთა ფანჩულიძეს, რომელიც თურმე ახლახან გარდაცვლილა.

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია