
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დღეს თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.გთავაზობთ ამ განცხადებას უცვლელად.
"მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა წლების განმავლობაში ვყოფილიყავი ქუთაისის მერი, და მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დაუღალავი შრომით კეთილსინდისიერად მონაწილეობდნენ ჩვენი ქალაქის განვითარების პროცესში.
გასულ წლებში ჩვენი გუნდი უამრავ რთულ საქმეს შეეჭიდა და ბევრი მათგანი წარმატებითაც განახორციელა, რაც ერთიანი სულისკვეთების, გუნდური მუშაობისა და საერთო საქმეში ინდივიდუალური ძალისხმევის შეტანის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები ,,ქართული ოცნების“ გუნდში, ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ. მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან, საჯარო სამსახურში 10 წელზე მეტი ვიმუშავე სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე და ეს იყო საუკეთესო შანსი, ამ წლების განმავლობაში მეკეთებინა საქმე ჩვენი ქალაქისთვის.
არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, პარტიული საქმიანობით დავკავდები და მუშაობას თბილისში გავაგრძელებ. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, სწორედ ამიტომ ვეცდები საკუთარ ქვეყანას, ამჯერად სხვა ფორმით, ვემსახურო. ჩემი ქვეყნის მსახურებას, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი გავაგრძელებ, რათა საქართველომ განვითარება განაგრძოს. ჩვენს ხალხს, განსაკუთრებით კი ჩემს საყვარელ ქუთაისელებს, მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ.
ქუთაისი არის ჩვენი ქალაქი და ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ მისი მომავალი",- აღნიშნულია განცხდებაში.
მიუხედავად ამ განცხადებისა, ქუთაისში ბევრს არ სჯერა, რომ სოსო ხახალეიშვილმა თანამდებობა საკუთარი ნებით დათმო და არა - პარტიის კეთილი რჩევით
ცნობისთვის: იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერია 2020 წლიდან. ჯერ იყო მერის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნებიდან" საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. მან პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, ხოლო მეორე ტურში ხმების 51,64% მიიღო.