დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველის რჩევები პარლამენტს
2013/08/02 19:03:09

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა მოსაზრება  საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და დამატებებზე, რომლებიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსს.

ცვლილებათა პროექტით გათვალისწინებულია კრედიტორების სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე 2014 წლის 1 თებერვლამდე მორატორიუმის გამოცხადება. განმარტებით ბარათში ცვლილებების მომზადების მიზეზად მითითებულია „ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ იპოთეკური სესხების დაფარვის შეუძლებლობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ათასობით ადამიანის უსახლკაროდ დარჩენა“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი აცნობიერებს ამ სფეროში შექმნილ პრობლემებს და იზიარებს სახელმწიფოს სურვილს, დაიცვას მოქალაქეები საცხოვრებლის გარეშე დარჩენისაგან, მისი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ამგვარი რადიკალური ჩარევა უნდა განხორციელდეს ყველა იმ მხარის მონაწილებით, რომელთა ინტერესებს შესაძლოა შეეხოს მსგავსი გადაწყვეტილება. ამასთან, მსგავსი ჩარევის შედეგად დაცული სიკეთე უნდა იყოს ყველა სხვა სიკეთისა და ინტერესის უპირატესი. სხვა შემთხვევაში, ამგვარ ჩარევას მოჰყვება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული რიგი ფუნდამენტური უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ვრცელდება ყველა ფორმის საკრედიტო ურთიერთობაზე, მიუხედავად იმისა, შესაბამისი მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო თუ არა იპოთეკით.

ინიცირებულმა ცვლილებებმა, თუკი ისინი ამ ფორმით იქნა მიღებული, ზიანი შესაძლოა მიაყენოს არა მხოლოდ კრედიტორებს, არამედ, შესაბამისი სააღსრულებო წარმოების შედეგად შეძენილი ქონების მესაკუთრეებს, რაც საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლით დაცული საკუთრების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, მხედველობაშია მისაღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, საკუთრებას წარმოადგენს მოთხოვნის უფლებაც, რომ არაფერი ვთქვათ, ფიზიკურ ნივთებზე საკუთრების უფლების თაობაზე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ იპოთეკა შესაძლოა დაკავშირებული იყოს არა მხოლოდ სესხის (ფულადი თანხის) უზრუნველყოფასთან, არამედ სხვა ნებისმიერი სახის მოთხოვნასთან (როგორიც არის, მაგალითად, სამუშაოს შესრულება თუ სხვა). ამდენად, ამ თვალსაზრისითაც გასარკვევია, განსახორციელებელ ცვლილებებს რა ეფექტი ექნება სამოქალაქო ურთიერთობებზე.

შემოთავაზებული ცვლილებები ასევე განსახილველია  საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–2 პუნქტის ჭრილში, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას“. ფაქტია, ინიცირებული ცვლილებები, სავარაუდოდ, გამოიწვევს შესაბამისი სუბიექტების სამეწარმეო საქმიანობის სერიოზულ შეფერხებას.

 საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტები საკუთრების უფლების გარდა, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის თვალსაზრისით, რადგან, ამ სფეროში არსებული სააღსრულებო წარმოება, ძირითადად დაკავშირებულია სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან, რაც, წარმოდგენილი ვერსიით, 2014 წლის 1 თებერვლამდე ვერ განხორციელდება. აღნიშნული კი, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შეზღუდვად შეიძლება ჩაითვალოს.

 მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილი კანონპროექტების განმარტებით ბარათებში არ არის დასაბუთებული, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს ამ ცვლილებების გავრცელება ყველა შესაბამისი საკრედიტო მომსახურებით მოსარგებლე პირსა თუ ორგანიზაციაზე, მიუხედავად იმისა, ემუქრებათ თუ არა მათ საცხოვრებლის გარეშე დარჩენა. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოვალეებს წარმოადგენენ არა ფიზიკური, არამედ იურიდიული პირები, რომელთა შემთხვევებზე მორატორიუმის გამოცხადება თვისობრივად განსხვავებული რეჟიმია და სახელმწიფოს მხრიდან ურთიერთობის ამ სფეროში ჩარევა მეტ დასაბუთებას საჭიროებს.

 ამასთან, აღსანიშნავია რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანებით შექმნილი მინისტრის სათათბირო ორგანოს - კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს ეგიდით მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის მიზანია მომავალში დასადები სესხის ხელშეკრულებების და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ ოპტიმალური რეგულაციების დადგენა. ამგვარი საკონსულტაციო ჯგუფის არსებობა მისასალმებელია და მსგავსი მნიშვნელობის ცვლილებები ყოველთვის საზოგადოების, დაინტერესებული მხარეების და შესაბამისი სფეროს ექსპერტების მაქსიმალური ჩართულობით უნდა ხორციელდებოდეს, რაც მოცემული კანონპრორექტების შემუშავების შემთხვევაში სახეზე არ ყოფილა.

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ წარმოდგენილი ფორმით ცვლილებების განხორციელება ვერ მოემსახურება საცხოვრებელი სახლის დაკარგვის წინაშე მდგარი პირების ინტერესებს იმგვარად, რომ არ გამოიწვიოს ფაქტობრივად იდენტური სიკეთის შელახვა. კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა კი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა ლეგიტიმური სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესი და ამასთან, უფლებების შეზღუდვის ფორმა არის მისაღწევი მიზნის/ინტერესის პროპორციული. ამიტომ, ინიცირებული კანონპროექტები აუცილებლად გადასინჯული უნდა იქნას ყველა იმ ჯგუფის მონაწილეობით, რომელთა ინტერესებს შესაძლოა ეს ცვლილებები შეეხოს. საკითხის განხილვაში აუცილებელად უნდა მიიღონ მონაწილეობა შესაბამისმა სპეციალისტებმა. სხვა შემთხვევაში, თავიდან ვერ იქნება აცილებული ისეთ ფუნდამენტურ უფლებებში გაუმართლებელი ჩარევა, როგორიცაა საკუთრების უფლება და უფლება სამართლიან სასამართლოზე.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1787
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია