დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ შეუწყვიტა „ჯეოჰოსპიტალსმა“ ამბულატორიის ექიმებს ხელფასის გადახდა?
2013/07/25 17:23:41

სადაზღვევო კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დავას ექიმების და  პაციენტების ინტერესები ეწირება 

ზესტაფონის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ბარდათის და  ხონის მუნიციპალიტეტებში  სოფლის ამბულატორიის ექიმები და ექთნები კუთვნილი ხელფასების დარიცხვას ითხოვენ. ეს ის რაიონებია, რომელთა სოფლის ექიმებსაც ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანია „ჯეოჰოსტიპალსთან“ აქვთ გაფორმებული და რომელთაც სახელმწიფოსთან ერთად ხელფასს  სწორედ აღნიშნული სადაზღვევო კომპანია უხდიდას.

 

თუმცა, მიმდინარე წლის  აპრილის თვიდან „ჯეოჰოსპიტალსმა“ კუთვნილი წილის - 250 ლარის - გადახდა შეწყვიტა, რის გამოც ექიმები მხოლოდ სახელმწიფოს კუთვნილ 250 ლარს იღებენ.

აღნიშნული პრობლემის გამო გასულ კვირას ექიმებმა ქუთაისში, პარლამენტთან აქცია გამართეს და ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს დიმიტრი ხუნდაძესაც შეხვდნენ, რომელმაც  განუცხადა, რომ მათი პრობლემა უშუალოდ სამინიტროს პრეროგატივა იყო და თვითონ დახმარებას ვერ აღმოუჩენდა. 

სოფლის ამბულატორიების ექიმებმა პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და ჯანდაცვის მინისტრის სახელზე მიმართვა გააგზავნეს და დახმარება ითხოვეს.

მედიკოსების განცხადებით: დარჩენილი 250 ლარზე მუშაობა მათთვის მძიმეა, რადგან არსებული წესით, ექიმები დარიცხული 500-ლარიანი ხელფასიდან თავად ყიდულობდნენ ამბულატორიული მომსახურებისათვის საჭირო ნივთებს და მედიკამენტებს.

ელისო ნებიებირეძე, ზედა საქარის საექიმო ამბულატორიის ექიმი: „ეს თანხა იმისათვის, რომ ნორმალურად შევძლოთ მუშაობა, არაფერია. მივმართეთ ყველა შესაბამის ორგანოს,  დაინტერესდნენ ჩვენი მდგომარეობით და გაირკვეს, რატომ არ იხდის სადაზღვევო კომპანია კუთვნილ დავალიანებას. აღსანიშნავია, რომ  „ჯეოჰოსპიტალსმა“ ჩვენთვის ხელფასის გადახდა აპრილის თვიდან შეწყვიტა, რაზეც ჩვენ  ივნისში გავიგეთ. პასუხად კი გვითხრეს, რომ აპრილში ჩარიცხული თანხით მაისის  თვის დავალიანებაც  გასტუმრებული ჰქონდათ. ჩვენ რა გავაკეთოთ? ექიმები ვართ. ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს შეხება და მუშაობას ნამდვილად ვერ გავაჩერებთ, თუმცა ამით არ უნდა ისარგებლონ. მოვითხოვთ, საკითხის შესწავლას და დახმარებას. არ გვინდა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართოთ.“

 

მანანა ცხადაძე, პირველი სვირის საექიმო ამბულატორიის ექიმი: „რადგან ბოლო თვეებია, ხელფასის ნახევარი გვერიცხება, ვერ ვახერხებთ პირველადი დანიშნულების ნივთების და მედიკამენტების შეძენას, რის გამოც ამბულატორიაში დეფიციტი შეიქმნა და პაციენტებსაც ვეღარ ვუწევთ შესაბამის მომსახურებას. საბოლოო ჯამში კი, ყველანი ვზარალდებით. ჩვენ ექიმები ვართ და მიუხედავად ყველაფრისა, ვერ შევძლებთ, გავიფიცოთ და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შევუქმნათ, მაგრამ, თუ პირობები არ შეგვექმნა, ეს ჩვენდაუნებურად მოხდება.“

თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიების რთულ მდგომარეობაზე საუბრობს შპს „ჯეოჰოსპიტალს“-ის  ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრის უფროსი ექიმი ლია ებანოიძე. მისი განცხადებით, სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიებს ბევრი ვალდებულება დააკისრა კლინიკების მშენებლობიდან დაწყებული, ამბულატორიის ექიმებისათვის ხელფასის გადახდით  დასრულებული. მისივე თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანიები გაკოტრების პირასა არიან.

ლია ებანოიძე, „ჯეოჰოსპიტალსის“ ზესტაფონის ცენტრის მთავარი ექიმი: „ჩვენ არ ვამბობთ უარს არსებული დავალიანების დაფარვაზე, მაგრამ მოვითხოვთ, რომ სახელმწიფომ კუთვნილი ვალდებულება დაიბრუნოს და ამბულატორიების მართვა კვლავ საკუთარ თავზე აიღოს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სახელმწიფოსა და „ჯეოჰოსპიტალსს“ შორის და საბოლოო შედეგებს ველოდებით. ჩვენ ვეღარ გადავიხდით ყოველთვიურ ხელფასს, თუმცა სახელმწფოს ვთავაზობთ წინადადებას, დაიბრუნოს ამბულატორიები, ჩვენ კი ჩვენი დაზღვეული პაციენტის მომსახურებისათვის ექიმებს გამოვუწერთ ხელფასს ბონუსების  სახით, ანუ ექიმი სახელმწიფოს მიერ გადახდილ 500 ლართან ერთად, პლიუს ბონუსებს მიიღებს. სხვა შემთხვევაში კომპანია არაა თანახმა, გააგრძელოს არსებული შეთანხმება.  თავიდანვე ეს იყო არასწორი გათვლა, როდესაც სადაზღვევოებს  დაეკისრათ ვალდებულებები, ახლა კი - მით უმეტეს, როდესაც საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდა, რთული მდგომარეობა შეიქმნა. გვესმის, რომ ექიმები ცუდ მდგომარეობაში არიან, მაგრამ „ჯეოჰოსპიტალსი“ მათთვის ხელფასის გადახდას ვეღარ შეძლებს.“

ხელფასის გადახდასთან არსებული პრობლემა იმერეთში მხოლოდ სადაზღვევო კომპანია „ჯეოჰოსპიტალსს“ აქვს.

სადზღვევო კომპანიებსა და ექიმებს შორის არსებული დავა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირების მიზეზიც გახდა. უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა განაცხადა, რომ სადაზღვევო კომპანიები რამდენიმე თვეა ექიმებს ხელფასს არ უხდიან,  კობა დავითაშვილის  თქმით: მთავრობის დადგენილება ოჯერ შეიცვალა ხალხის საზიანოდ და კომპანიების სასარგებლოდ.

დავითაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ის ფული, რომელსაც სახელმწიფო „წურბელებს“ აძლევს, პირდაპირ  ექიმებს უნდა მიეცეთ. რადგან მისივე თქმით, სადაზღვევო კომპანიები ფულს იღებენ, თუმცა ექიმებისათვის ხელფასის გაცემაზე უარს ამბობენ.

psnews.ge შეეცადა, ინფორმაცია უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიეღო, თუმცა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებულ პრესსამსახურის საკონტაქტო ნომერზე დაკავშირება არ ხერხდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1951
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია