დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ვიცე-მერს პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ
2013/07/09 21:05:41

თენგიზ თოფურიძე: „მერი კახიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ იმართება“  

ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული მერი კახიანი  დღეს გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მისი გათავისუფლების მიზეზებზე ესაუბრა. კახიანი ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის  სამსახურში მთავარი სპეციალისტად მუშაობდა. მისი თქმით, თენგიზ თოფურიძემ ის პირადი ანგარიშსწორების გამო გაუშვა სამსახურიდან, რადგან მას არ მოსწონდა განსხვავებული აზროვნების ადამიანები.

„შეხვედრის მიზანია, საზოგადოებას გავაცნო მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი.  ვთვლი, რომ ეს პროცესი საკმაოდ პარადოქსულად ვითარდება, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ადამიანებს თანამდებობებზე პარტიული ნიშნით ნიშნავენ და ასევე პარტიული ნიშნით ათავისუფლებენ. ირღვევა ადამიანთა უფლებები და კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება ხდება, მხოლოდ  საკუთარი მიზნებისა და პირადი ანგარიშსწორებისათვის. უპარტიო და პროფესიონალი საჯარო მოხელის გათავისუფლებაში ლომის წილი მიუძღვით კლანურ დაჯგუფებებს. თუკი ჩემი დანაშაული არის ის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობა  სამი წლის წინ დავიწყე, გიორგი თევდორაძის მერობის დროს, რომელიც არის ჩემი სკოლელი, მაშინ რა ჰქვია იმას, როდესაც თენგიზ თოფურიძის მეუღლე მუშაობს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში და მართალია, არაოფიციალურად, მაგრამ თენგიზ თოფურიძე კურირებდა მუნიციპალიტეტების საქმიანობას,“-განაცხადა მერი კახიანმა.

კახიანისავე განცხადებით, მისი ყოფილი კოლეგები მასთან მიმართებაში  უხერხულად უნდა გრძნობდნენ თავს, რადგან მისი გათავისუფლების პარალელურად დავით შარაბიძე, ახალი ვიცე-მერის შვილი, წამყვანი სპეციალისტობიდან მთავარი სპეციალისტად დაინიშნა. მიშა ხარაიძე კი რაულ ქარჩილავას ცოლის ძმა, საკრებულოს სპეციალისტობიდან,  ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე  გახდა.

„რა ოპტიმიზაციაზეა საუბარი, როდესაც თენგიზ თოფურიძე მეოთხე ვიცე-მერის პოსტს უქმნის საკუთარ თავს, ეს არის არა ოპტიმიზაცია, არამედ მაქსიმილიზაცია. მოვუწოდებ მათ, დაანახონ და ურჩიონ დიმიტრი კოპალიანს, რომელიც თავგზააბნეულია და რომელიც  მარიონეტად იქცა, რომ  ასე ერთი ხელის მოსმით პროფესიონალის სამსახურიდან გაშვება არ შეიძლება. აქვე ვისარგებლებ კოპალიანის სიტყვებით და ვეტყვი, რომ, დიახ, ბატონებო, თქვენ მიაღწევთ იმას, რასაც იმსახურებთ,“-აღნიშნა ეკონომიკის სამსახურის ყოფილმა მთავარმა სპეციალისტმა, რომელიც მერიაში გამოვლენილ ნეპოტიზმზე ამახვილებს ყურადღებას.

აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარისათვის psnews.ge  ვიცე-მერ თენგიზ თოფურიძეს დაუკავშირდა.

– იმის განცხადება,  თითქოს ქუთაისის მერიაში თანამშრომლების გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ტყუილია. ამის დასტური ისაა, რომ მერიაში „ნაციონალების“ აქტივისტები ინიშნებიან, პირადად ჩემი თანაშემწეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი იყო. ეს ადამიანები აქტიურად მუშაობენ და მათ არავინ ერჩის. რა შუაშია კადრების პირადი ანგარიშსწორების საფუძველზე გათავისუფლება, როდესაც წინ კონკურსი გველის, რომელში მონაწილეობა ყველას შეუძლია, მათ შორის მერი კახიანსაც. ასევე არ მესმის, რა კლანურ დაჯგუფებებზე საუბრობს, ან პირადი ანგარიშსწორება რა შუაშია, როდესაც ქალბატონ მერი კახიანს პირადად არც კი ვიცნობ. უბრალოდ, მუშაობის პროცესში რამდენჯერმე შევხვედრივარ. მისი გამართული ბრიფინგი ბადებს ეჭვს, რომ მის უკან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ლიდერები დგანან. ამიტომ, როდესაც ნეპოტიზმზე ხმამაღლა საუბრობს,  ვურჩევ, რომ მათ საქმიანობას გადახედოს, რადგან სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა ნეპოტზმის გამოვლინება. კარგადაა ყველასთვის ცნობილი, თუ ვინ დგას კახიანის უკან.

რამდენიმე მათგანის გვარს ხომ არ დაასახელებდით?

– მირჩევნია, დასახელებისაგან ამ დროისათვის თავი შევიკავო, მაგრამ კარგადაა ცნობილი, ვის დროსაც დაიწყო კახიანმა მუშაობა და როგორ მოხვდა მერიაში.

კახიანმა ბრალი დაგდოთ, რომ 12 მუნიციპალიტეტის საქმიანობას თქვენ განკარგავთ.

– ესეც ტყუილია, რადგან მუნიციპალიტეტების მუშაობა ჩემთან კავშირში არ არის. მუნიციპალიტეტები სამსახურებრივად ახალი ვიცე-მერის, კოტე ლომიძის დაქვემდებარებაშია. მით უმეტეს,  ადრე ვერ განვკარგავდი ტერიტორიული მართვის ორგანოების საქმიანობას, რადგან მუნიციპალიტეტები  დეპუტატების პოლიტიკური გავლენის ქვეშ უფრო იყო, ვიდრე მერიის დაქვემდებარებაში.

 

P.S.

ავტ: თენგიზ თოფურიძისათვის დასმულ მესამე შეკითხვაში მცირედი შეცდომაა გაპარული, კახიანის განცხადებით: თოფურიძე მუნიციპალიტეტებს არაოფიციალურად კურირებდა, ამიტომ მესამე შეკითხვა ნაწილობრივ მნიშვნელობას კარგავს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1902
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია