დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას ფიქრობენ ქუთაისელები მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით?
2013/06/10 14:06:54

მარინე სულაქველიძე, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი: „არ ვიცი, რა შედეგები მოჰყვება მარიხუანას ლეგალიზებას ან აკრძალვას. მე, როგორც მოქალაქე, იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი მომხმარებელი ავადმყოფია და სულიერად უნდა ვუმკურნალოთ ასეთებს. ასაკი დიდ როლს თამაშობს, ახალგაზრდები ვერც კი გაიაზრებენ, ისე გადასდით ეს მავნე ჩვევა პათოლოგიაში.“

დავით ჯანელიძე, იურისტი: „რაც აკრძალულია, უფრო მიმზიდველია, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში. დღეს ავარიას თუ გააკეთებ, ან კაცი შემოგაკვდება, შეიძლება 500-ლარიანი ჯარიმა გამოგიწერონ, ნარკოტიკულ საშუალებებზე კი - 2500-ს წერენ. ეს სისულელეა! ჩემი შეგნებით, თუ ახლა, ვთქვათ, 10 პროცენტი ეწევა მარიხუანას, ლეგალიზაციის შემთხვევაში, საგრძნობლად დაიკლებს ეს პროცენტული მაჩვენებელი.“

გიორგი ჩირაძე, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი: „მიზანშეწონილად მიმაჩნია მარიხუანას ლეგალიზება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს მსგავსად გაკეთდება მოწევისათვის ოფიციალურად განკუთვნილი ადგილი. თუნდაც ბარის სტილის, სადაც მსურველს შეეძლება ამ ნივთიერების მოხმარება. სასჯელის ფორმას რაც შეეხება, შეიძლება ჯარიმა დააწესონ, მაგრამ ძალიან მცირედი თანხის ოდენობით უნდა იყოს.“

ვახტანგ გოგბერაშვილი, არქეოლოგია-ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი: „აუცილებლად უნდა დაისაჯოს მარიხუანას მომხმარებელი - ჯერ ფულადი ჯარიმით, შემდგომში კი, განმეორებითი მოხმარების დაფიქსირებისას - თავისუფლების აღკვეთითაც, მაგრამ არა დიდი ხნით.“

რევაზი, იურისტი: „კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მარიხუანას ლეგალიზაციის. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად მავნებელია, მაინც ნარკოტიკია. სასჯელი კი უნდა იყოს ჯარიმის სახით, მინიმალური თანხის ოდენობით - ალბათ, მოხმარებული ნარკოტიკის დოზიდან გამომდინარე. ხოლო თუ დიდი რაოდენობის შენახვა-ტარებაზე დააკავებენ პირს, იმ შემთხვევაში სისხლის სამართალი ჩაერევა. შეიძლება, ქართული მენტალობიდან გამომდინარეც ვაკეთებ ამ დასკვნებს, მაგრამ, ჩემი აზრით, არ უნდა ჰქონდეს ჩვეულებრივ მოქალაქეს მარიხუანას ადვილად მოპოვებისა და გამოყენების შესაძლებლობა, თუ სამედიცინო კუთხით არ მოითხოვს საჭიროება მის მიღებას.“

ნოდარ მიქაბერიძე, მკერავი: „ადამიანმა ცხოვრებაში, თუნდაც ერთხელ, ყველაფერი უნდა გასინჯოს. არანაირი პატიმრობით დასჯა! ბავშვმა ერთხელ გემო გაუგო ბალახს, მაგიზა ციხეში უნდა უკრა თავი? არასწორია ეს. ჯარიმა კიდევ შეიძლება, იმდენი, რამდენსაც იმ  პიროვნების ქონება გასწვდება. ვისაც მოწევა უნდა, ვინც მოწევს, არ დაუცდის ლეგალიზაციას. ვისაც არ უნდა, ვერც დააძალებს ვერავინ, რაც უფრო აკრძალულია, უფრო დაინტერესდებიან ახალგაზრდები.“

ციცო კერესელიძე, დიასახლისი:„ჩემი მულიშვილი მარიხუანის მოხმარებისათვის ერთხელ დააჯარიმეს და ერთხელ ციხეშიც ჩასვეს, შვილო. სწორია ახლა ეს, 21 წლის ბიჭი ნაციხარის სტატუსით რომ დადის? გამოსწორდა ამით, თუ რა. ან ჯარიმა დაეკისრებინათ, ან გამოსასწორებელი შრომა! ჩემი აზრით, ამ ნივთიერების მომხმარებლის დაჭერა მეტისმეტად მძიმე სასჯელია, ჯარიმები უნდა დააწესონ და, ვინც ვერ გადაიხდის, ისინი დაიჭირონ.“

მამუკა დავითაძე: „მარიხუანა საერთოდ ასაკრძალია. ყველა დასაჭერია, ვინც მის გავრცელებას უწყობს ხელს, რადგან ერისთვის საშიშია. დალევაც კი აავადმყოფებს ადამიანს, ნარკოტიკზე ზედმეტია ლაპარაკი.“

გიორგი სვანიძე, დისტრიბუტორი: „მე ავადმყოფად მიმაჩნია მარიხუანას მომხმარებელი. მიუღებელია ამ ნარკოტიკული ნივთიერების ლეგალიზება. ჯარიმის დაწესება - ეს არ არის, მე მგონი, გამოსავალი, რადგან ახლაც არის მსგავსი სასჯელის ფორმა, თუმცა - არაშედეგიანი. „მომხმარებელი“ ყოველთვის „მომხმარებელი“ იქნება. ვერც შეაშინებ ვერაფრით და ვერც აუკრძალავ.“

ზურაბ მშვენიერაძე, ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი: „უნდა იყოს სასჯელის რაღაც ფორმა, თუნდაც ჯარიმა, მაგრამ - მცირე რაოდენობით. ეს არ უნდა განისაზღვრებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით, ვინაიდან დაავადებაა, მარიხუანაზე დამოკიდებული ადამიანი კი - ავადმყოფი. ვფიქრობ, უნდა შეიქმნას რაიმე ცენტრი, რაც დაარეგულირებს ამ ყველაფერს. სასტიკად ვეწინააღმდეგები მარიხუანას ლეგალიზებას,  ქართველში არ ზის ეს „კულტურა“.

დავით დარბაიძე, მკერავი: „არა, არანაირად არ უნდა დაუშვან მარიხუანას ლეგალიზაცია. ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა... დალევა არ შეიძლება ზედმეტი და მარიხუანა უნდა დავუშვათ? გამორიცხულია! დასჯაც სხვა საკითხია. არ იყოს საერთოდ და დასჯაც არ იქნება საჭირო! თუ მაინც და მაინც, ის უნდა დაისაჯოს სრული სიმკაცრით, ვინც თავი და თავია ამ საწამლავის მოყვანის და ხალხში გავრცელების.“

ჟანა ჯანელიძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია