დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„კუდით ნასროლი“ წაბლი
2013/06/10 13:49:07

უკვე მერამდენედ ვწერ ტყის პრობლემაზე, აღარც მახსოვს. აქამდე იყო წერა და კითხვა, საქმე კი გაკეთებული ნაკლებად ჩანდა.

 

სამსახურიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, როცა დამირეკეს, წაბლნარების გამო გზა გადაუკეტავს მოსახლეობას და, როგორც „წაბლის კაცმა“, რა ხდება, თუ იციო. ამის გაგონებისთანავე სიხარულმა ფრთები შემასხა, სასწრაფოდ გადავდე ყველა საქმე და ლამის თანატოლი „ოპელით“ აქციის მონაწილეებს შევუერთდი. არ დავმალავ და პროფესიული ინტერესიც მქონდა (წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოაპარატი და გადაქუცული ჩანაწერების წიგნი თან არ უნდა მქონოდა).

პრეზიდენტის სოფლიდან (ასე ეძახიან ცხრუკვეთს) ჩამოსულ მოსახლეობას კიდევ სამი სოფლის ხალხი მიჰმატებოდა და იყო გარჩევა ყველაფრის: ლოკალური პრობლემატიკიდან დაწყებული და გლობალური პოლიტიკით დასრულებული. სასიამოვნო ფაქტი: ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებიც ხალხის გვერდით იდგნენ და საერთო განწყობას უერთდებოდნენ. წუხდა ხალხი, ერთმა სატვირთო ავტომობილმა გაგვასწრო, მეორე აგერ გვყავს „პატიმრობაშიო“. გასწრებული „კრაზი“ თურმე შემოვლითი გზით, ნავთობსადენის გასწვრივ, გაუპარებია მძღოლს და ამით გადარჩენილა სხვა ადამიანებთან ერთად ღამისთევას. ადამისდროინდელი      „ურალი“ იდგა ხეებით  დატვირთული და ტრაპაიძის ამაოხრებელი კომპანიის წარმომადგენელს ელოდა „მონატრებული თავისუფლების მოლოდინით“.

 ცხრუკვეთელი ბესიკ ბიწაძე გარკვევით აყალიბებდა მოთხოვნებს, მათ შორის პირველი ასეთი იყო: უპირობოდ შეწყდეს ბარბაროსული ჭრა! სვერის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული თითებს იშველიებდა პრობლემების ჩამოთვლისას, რომლებიც წარმოშვა დასაქმების ყოფილი მინისტრის პაატა ტრაპაიძის კომპანიამ ორი წლის განმავლობაში ტყეების უმოწყალო ჩეხვით.

 გამახსენდა, ჩემი სოფლის რწმუნებული ამ ადამიანს როგორ ეხვეწებოდა, ერთად დავდგეთ და ეგებ ეს ვანდალები თავიდან მოვიცილოთო. მერე სასწრაფოდ სიტუაციური ანეკდოტიც გამოცხვა: ერთ ქალს ათი კაცი აუპატიურებდა და შორს მიმავალ მეორე ქალს დაუწყო ძახილი, მომეშველე, ღვთის გულისთვისო. მეორე ქალს დაუძახია: მაგ კაცებს მე ვერაფერს დავაკლებ და ხუთი გამოუშვი ჩემკენ, შეღავათი იქნებაო. ალბათ, მიმიხვდით, ამ შემთხვევაში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ორ ტერიტორიულ ორგანოში გადანაწილებულიყვნენ ვანდალურ ჭრაზე დასაქმებული მუშები.

 აქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდი და გზის გადაკეტვა „მივახარე“, თან გასული გარემოს დაცვის დღე ორიგინალურად მივულოცე: რამდენადაც იცავთ გარემოს, იმდენად გილოცავთ-მეთქი. პიარის სამსახურის უფროსმა, რომელსაც სქესის და სილამაზის გამოც ვცემ პატივს, დელიკატურობა ბოლომდე გამოიჩინა და იობის მოთმინებით მოისმინა გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართ ჩემი პრეტენზიები, შემდეგ მითხრა, რომ მინისტრის მოადგილეს ოპერატიულად გადასცემდა სიტუაციის მდგომარეობას. სწორი გითხრათ, გარემოს დაცვის სამინისტროზე ცუდი წარმოდგენა მქონდა, რადგან რეაგირების მოლოდინი კვირებს მოიცავდა ხოლმე.

 გზის გადაკეტვის გამო ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან პოლიციამ       „პიკაპით“ ამოგვაკითხა და რიხიანად მოგვახსენეს ათასჯერ ნათქვამი: ნაყიდი აქვთ და თუ არ გინდათ პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ, დატვირთული მანქანა გაატარეთო. ამაზე მკვახე და კატეგორიული პასუხი მიიღეს. დამხვდურთა შეუპოვრობის გამო პოლიციელებმა სიტუაციის „დარბილება“ ამჯობინა და ამ დროს ბიძინა გიორგობიანის ზარიც შემოვიდა ჩემს ტელეფონზე. არ ვიცოდი, თუ სატყეო დეპარტამენტში აღადგინეს და მით უფრო, არ ვიცოდი, თუ ასე მომმართავდა: როკო (ასე მეძახიან „ფრენდლისტელებიც“), სიტუაცია ვიცი, რაც არის ახლა მანდ, უახლოეს ხანებში ქუთაისიდან ამოვლენ და ყველაფერი იქნება კარგადო.

 გაწონასწორებული ადამიანები კომუნიკაციის მაღალი დონით, -ასე შემიძლია დავახასიათო ქუთაისიდან ამოსული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.

 ეს შეხვედრა იქნება არა შეხვედრა შეხვედრისთვის, არამედ - საქმისთვისო, - დაგვპირდნენ.

იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა, იქნებ დასრულდეს ის თავგანწირული მშვიდობიანი ომი „ვუდ ექსპორტის“ წინააღმდეგ, რომელიც წელიწადზე მეტია მოსახლეობასა და მწარმოებელს შორის მიდის.

 დამშვიდობებისას პილპილი მაინც მოვაყარე კოჰაბიტაციურ ურთიერთობას: ენა ხო მწარე მაქვს, კალამი -უარესი-მეთქი. წიწაკა არ დაგჭირდებაო, დამპირდნენ გარემოს დამცველები და მომავალ სასამართლო რაუნდამდე ტაიმაუტი ავიღე...

 ისე, ძალიან, ძალიან მინდა, რომ „ვუდ ექსპორტელებს“ ტყიდან კუდით წაბლი ვასროლინო!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1911
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია