დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიუღებელია ნებისმიერი პირისაგან უკანონო ჩარევა სასამართლო ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებში
2013/06/08 20:31:22

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 9 ივნისს დაგეგმილ მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელსაც „psnews.ge“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ბატონმა კონსტანტინე კუბლაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა კონკრეტულ მოსამართლესა და პროკურორს შორის შეხვედრას, სადაც საუბარი გაიმართა დაგეგმილ მოსამართლეთა კონფერენციის საკითხებზე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნული ქმედება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოსამართლეთა საქმიანობაში ჩარევას ნიშნავს. განცხადება ასევე გაავრცელა იუსტიციის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა. მინისტრის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ანალოგიურ თემაზე რეგიონებში მოსამართლეებთან ფარულ შეხვედრებს მართავს. იგივე ინფორმაცია გაავრცელა მოსამართლეთა გარკვეულმა ჯგუფმა.

მოსამართლეთა კონფერენციას, რომელიც 9 ივნისს გაიმართება, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა თვითმმართველობის გაძლიერების საქმეში. პირველად ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, მოსამართლეებს ეძლევათ რეალური შესაძლებლობა დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე დააკომპლექტონ სასამართლო სისტემის მმართველი რგოლები.

მომავალი მოსამართლეთა კონფერენციის მნიშვნელობის გათვალისწინებით აუცილებელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მაქსიმალურად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდეს. საერთო სასამართლოების სისტემაში ყველა მოსამართლეს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა თავისუფლად და შეუზღუდავად გააკეთოს არჩევანი ან/და აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია. ამ პროცესში რომელიმე ჯგუფის უფლებების შეზღუდვა ან მათი დისკრიმინაცია დაუშვებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების ყველა შტომ დაიცვას ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ხოლო სასამართლო ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ მოსამართლეთათვის კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნა.

მოვუწოდებთ ყველა შესაბამის ორგანოს და პირს, როგორც სასამართლო სისტემის შიგნით, ისე გარეთ თავი შეიკავონ მოსამართლეთა კონფერენციაზე დაგეგმილი არჩევნების თემებზე მოსამართლეებთან ისეთი არასათანადო კომუნიკაციისგან, რამაც შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს მოსამართლეთა მხრიდან კონფერენციაზე ნების თავისუფალი გამოვლენა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია შესწავლილ იქნას მოსამართლეებთან მსგავსი კომუნიკაციის ფაქტები და, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, მიღებულ იქნას კანონით გათვალისწინებული ზომები. კოალიცია აცხადებს, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი პირისაგან უკანონო ჩარევა სასამართლო ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებში. ყოველგვარი ასეთი ქმედება აღიქმება როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა.

მოვუწოდებთ როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს არ ჩაერიონ მიმდინარე პროცესებში და არ შექმნან გაუმართლებელი რისკები მოსამართლეთა მიერ დაუბრკოლებელი არჩევანის გაკეთებისათვის. ამასთანავე, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სასამართლოს მისამართით ისეთი ქმედებებისაგან, რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენს მოსამართლეთა თავისუფალი ნების გამოვლენაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1820
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია