დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკა კეპულაძე: „როდის ვთქვით, რომ ტრანსპორტზე ფასის გაზრდა იგეგმებოდა?“
2013/06/04 17:33:23

ნიკა კეპულაძე: „როდის ვთქვით, რომ ტრანსპორტზე ფასის გაზრდა იგეგმებოდა?“

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი კახა კეპულაძე, რამდენიმე კვირის წინ მისი სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტზე ფასის მომატებასთან დაკავშირებით, უარყოფს და ამბობს, რომ ტარიფის ზრდა არც აქამდე იგეგმებოდა. კეპულაძემ psnews.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი თანამშრომლების მიერ გაკეთებული განმარტებები იმის შესახებ, რომ მგზავრობის გაძვირება იგეგმებოდა, მასმედიამ არასწორად გაიგო.

„ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ის კი არ უთქვამთ, რომ მგზავრობა ძვირდება, მათ თქვეს, რომ საწვავის გაძვირების შემთხვევაში გაიზრდებოდა მგზავრობის ფასი. მოდიან აქ ჟურნალისტები, ჩვენ სულ სხვას ვეუბნებით და ისინი სხვას წერენ. როდის ვთქვით, რომ ტრანსპორტზე ფასის გაზრდა იგეგმებოდა?“ -ამბობს ნიკა კეპულაძე.

ქუთაისში მგზავრობის ფასის გაზრდის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა. მაშინ, ტრანსპორტის სამსახურმა ინფორმაცია დაადასტურა და ცვლილებები საწვავის ფასის ზრდას დაუკავშირა.

სამასხურის თანამშრომელბი ამბობდნენ, რომ ავტობუსით გადაადგილება უახლოეს ერთ თვეში 40 თეთრი გახდებოდა, რაც შეეხება მიკროავტობუსებს, მათივე განმარტებით, მიკროავტობუსების გადამზიდავი კომპანიები თავად მოითხოვენ ფასის ზრდას და ამ პროცესს ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ დაარეგულირებს, რადგან სამარშრუტო ხაზები კერძო საკუთრებაა და თავად წყვეტენ მომსახურების ღირებულების რაოდენობას.

აქედან გამომდინარე, ტრანსპორტის სამსახურში არ გამორიცხავდნენ, რომ მიკროავტობუსით მგზავრობა 60 თეთრი გამხდარიყო.

2013 წლის 13 მაისს psnews.ge-სთვის გაკეთებულ კომენტარში კი აღნიშნული სამსახურის თანამშრომელი გიორგი აბესაძე ამბობდა: „მძღოლი ვეღარ ინახავს ავტობუსის ხარჯებს. უამრავი პრობლემაა. მგზავრთა ნაკადი მცირეა. ასეთ პირობებში არსებული ტარიფი ძალიან დაბალია. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს გაზარდონ ტარიფი, რადგან ისინი კერძო საკუთრებას წარმოადგენენ და ჩვენ ვერ დავუშლით ამას. საერთოდ, სპეციალისტების დაანგარიშებით, საქალაქო ტრანსპორტი 60 თეთრი მაინც უნდა ღირდეს.“

ახლა კი, ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ამტკიცებს, რომ მერია მგზავრობის გაძვირებას არ გეგმავდა, თუმცა საუბრის დასასრულს კეპულაძე, ფაქტობრივად, ადასტურებს მის მიერვე უარყოფილ ინფორმაციას.

„მას მერე, რაც საწვავის ფასი 10-12 თეთრით გაიაფდა, არც ერთ გადამზიდავს აღარ მოუმართავს ჩვენთვის მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ აქ – ტრანსპორტის სამსახურშიც, ეკონომიკის სამსახურშიც, საზოგადოებასთანაც და ამ ეტაპზე  საკითხს, სავარაუდოდ, გავაჩერებთ,“ - ამბობს კეპულაძე.

ჯერჯერობით, გაურკვეველია, რა მიზეზით შეჩერდა გადაწყვეტილება საქალაქო ტრანსპორტზე ფასის გაზრდასთან დაკავშირებით. არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, შეცვლილი გადაწყვეტილება ქუთაისის ახალი მერის დამტკიცებას უკავშირდება, რომელსაც შედეგად მერიის სამსახურების ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა მასობრივი შემცირება მოჰყვება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1991
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია