დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ღირსებაშელახული“ ჯაჭვის ხიდი
2013/06/03 12:41:07

ქუთაისის ხიდებს შორის ჯაჭვის ხიდი უძველესია. ოდესღაც სამეფო ხიდად წოდებული ეს უნიკალური ნაგებობა დღეს „ღირსებაშელახულია“ - მისი მიმდებარე ტერიტორია, რიონის ორივე ნაპირი, ნაგავსაყრელად არის ქცეული.

 

ბოთლები, კარდონები, ქაღალდები, ცელოფნის პარკები, ძონძები... ეს მცირედი ჩამონათვალია იმ უსარგებლო ნივთებისა, რიონის ორივე ნაპირს რომ შეჰფენია...

დავინტერესდით საზოგადოებრივი აზრით - იმ ადამიანების შეფასებით, ვისაც თითქმის ყოველდღე და დღეში რამდენჯერმეც კი უწევს ხიდის გადავლა. მივმართეთ შეკითხვით - თუ როგორ შეაფასებენ რიონის სანაპიროს ასეთ მდგომარეობას და, მათი აზრით, რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

გამოკითხულთა დამოკიდებულება თითქმის ერთგვაროვანი აღმოჩნდა:

მარინა ჯანხოთელი, დიასახლისი: „თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ, შვილო, სისუფთავე, თუ არა, მთავრობა სულ ხო არ დაგვიდგება აქ და გვიყარაულებს - არიქა, არ დაყაროთ ნაგავიო. ხალხმა უნდა ისწავლოს ჭკუა, ხალხმა!“

ამირან სვანიძე: „უნდა დაიცვან სისუფთავე, ხალხის ბრალია მაგი!“

გურამ სიხარულიძე, ინჟინერ-მექანიკოსი: „ხო, მარა, მარტო მაგი არ კმარა! კი, ბევრია ტუტუცი, უნდა დააჯარიმონ, ვინც ნაგავს დაყრის და ისწავლიან მერე ჭკუას!“

მზია ჯიქიძე, მცხობელი, ყოფილი პედაგოგი: „ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ლამაზი იყოს ჩვენი ქუთაისი. ყველას გვიხარია სისუფთავის, სილამაზის ყურება. ამას დაფასება უნდა. ადრე ეწყობოდა შაბათობები, ვრგავდით ხეებს, ყვავილებს, ვასუფთავებდით... ახლა მსგავსი არაფერი ხდება. მე ადრეც მიმიღია მონაწილეობა ასეთ საქმეში და სიამოვნებით ჩავერთვები ყოველთვის.“

გოჩა ქუთათელაძე, მძღოლი: „მთავრობის საქმეა მაგი. მაგათ უნდა ითავონ. ჩაატარონ შაბათობა და მე, როგორც შემეძლება, დავუდგები გვერდში, თუნდაც მანქანით.“

ია ჟორჟოლიანი, დიასახლისი: „ძალიან არასწორი საქციელია, როგორ შეიძლება ნაგვის დაყრა, განსაკუთრებით - ასეთ ადგილებში! ეს ხალხის მისახედია, თუმცა, მთავრობამაც უნდა შეუწყოს ხელი. ერთად უნდა გამოვიდნენ, ერთობლივად მოვაგვაროთ. მაგრამ მთავარი მაინც კულტურაა, რაც არ გააჩნია ამის გამკეთებელს.“

სალომე დუნდუა, სტუდენტი: „ჩემი აზრით, უნდა გამოიყოს  რეინჯერები, ანუ პრობლემურ ადგილებთან დადგებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები - ფორმებით, რა თქმა უნდა, - და გააკონტროლონ გარკვეული ტერიტორია. დაბინძურების ფაქტის შემთხვევაში სიტყვიერი ან ოფიციალურად დაწესებული ჯარიმით აღკვეთონ კანონდარღვევა. ვფიქრობ, მეთვალყურის უბრალოდ დანახვაც საკმარისი იქნება დაბინძურების შესამცირებლად.“

ნანული კინწურაშვილი, გამყიდველი: „უნდა დაუშალონ ხალხს, რომ არ დაყარონ ნაგავი. ნახეთ, რა დღეშია რიონის ნაპირი! ა, აგერ რამდენჯერ მოვხვეტე დღეს ეს ადგილი და ყველა გამვლელი მაინც აქანე მიყრის ნაგავს. ელემენტარული ზრდილობა არ აქვს ხალხს და რა უნდა მოვკითხოთ!“

ლელა მარგველაშვილი, პედაგოგი: „პირველ რიგში, დასუფთავების სამსახურმა უნდა იზრუნოს ამ პრობლემის აღსაკვეთად. მე, პირადად, შაბათობების მომხრე ვარ. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას.“

 

***

გამოკითხვის პროცესში კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი: აღმოჩნდა, რომ ჯაჭვის ხიდთან მდებარე ავტოსადგურის წინ, ვიწრო ტერიტორიას (დავით და კონსტანტინეს ქ.19ა) დასუფთავების სამსახური არ ალაგებს. იქვე, სადგურის მიმდებარედ, კერძო მაღაზიებიცაა განთავსებული, რომელთა მეპატრონეები და მომუშავე პერსონალი უკმაყოფილებას გამოთქვამენ აღნიშნული ფაქტის გამო:

- ვერ გავიგეთ, შვილო, ვის ვეკუთვნით. ვინ  უნდა მიხედოს ამ ადგილს? აგერ მეეზოვე ყოველდღე გვის და ალაგებს მთელ ტერიტორიას ირგვლივ, ჩვენ კი ამ პატარა მონაკვეთს გვიტოვებს. თვითონვე გვიწევს ცოცხების დაჭერა და დასუფთავება. მერე ასე დამტვერილებმა რა უნდა გავყიდოთ მთელი დღე?! ადრე, სანამ დასუფთავების სამსახურიდან ბრიგადირი შეიცვლებოდა, არ გვქონდა მსგავსი პრობლემა. ჩვეულებრივად მოდიოდა აქ  მეეზოვე და გვილაგებდა. ახლა - ახალი ბრიგადირი არ მაძლევს უფლებასო, მეეზოვე ამბობს,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას მაღაზიის პერსონალმა.

როგორც მათ გვითხრეს, ბანკში იხდიან დასუფთავების გადასახადს, თუმცა - უშედეგოდ. ისინი ითხოვენ გარკვევას, თუ რატომ არ ლაგდება მათი ტერიტორია და ვის უნდა მოსთხოვონ პასუხი, ვის ეკუთვნის აღნიშნული ადგილი. მათ გოჩა ჩირაძეზე მიგვითითეს ვითარების გასარკვევად.

ჩვენ გავესაუბრეთ დასუფთავების სამსახურის ბრიგადირს გოჩა ჩირაძეს, რომელსაც აღნიშნული ტერიტორიის კონტროლი აბარია. ბატონი გოჩა ჟურნალისტების დანახვისას გაცხარდა და გაგვიჭირდა მისი დარწმუნება, რომ არ ვიყავით მასთან ზემოთხსენებული ადამიანების ოფიციალური საჩივრის საფუძველზე მისულები.

„რა იყო, იჩივლენ მაგენმა, ხო?! სულ არ მაინტერესებს, რაცხა უნდა, იგი ქნან. არ მეკუთვნის მე მაგათი ადგილების დალაგება და - ამ მოხუც კაცს ტყვილა ხომ არ ვარბენინებ წინ და უკან? ისედაც იმხელა ადგილი აქვს დასახვეტი. მაგენი არ ვიცი მე, ვის ეკუთვნის, სადგურის ტერიტორიაა და იმათთან გაარკვიონ, რაცხა პრობლემა აქვთ. არ იხდიენ, ალბათ, ფულს. წესით, სადგურმა უნდა გადაიხადოს დასუფთავების ფული, მარა არ აკეთებს, არც ამათ უნდათ გადახდა, ეტყობა, და მაგიტოა, არ ულაგდებათ. მე ასე მაქვს ნაბრძანები და  ვასრულებ კიდეც. ის კი არა, ეს რიონის ნაპირები სულ მაგათი დანაგვიანებულია... აგერ მოხვეტავენ, მოაგროვებენ, რაცხა ნაგავი აქვთ, ეზარებათ იქით, ურნამდე წაღება და აგერ, მოკლეზე მოისვრიან ქვემოთ,“ - განაცხადა გოჩა ჩირაძემ. მას გვერდით მჯდომმა ქალბატონმაც   აუბა   მხარი:  „ნეტაი ერთი, მეტი საქმე არ აქვთ?“ - მოგვაყოლა ზურგში.

გოჩა ჩირაძემ თავის ზემდგომთან გადაგვამისამართა. დასუფთავების სამსახურის უფროსმა ლაშა დვალიშვილმა კი ასე განგვიმარტა: „ისინი ტერიტორიის დასუფთავების თანხას არ იხდიან. ეს არის მათ მიერ წარმოებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მოსაკრებელი. ჩვენ გვაქვს მოგებული ტენდერი, სადაც არის 87 ქუჩის ჩამონათვალი, გზის სავალი ნაწილი და საფეხმავლო ბილიკები, რაც გვევალება, რომ დავასუფთაოთ. აქედან, კერძო პირების ტერიტორიების დალაგება არ გვევალება არც ტენდერის პირობებით და არც კანონით. რაც შეეხება კერძო იურიდიულ პირებს, თვითონ უნდა უზრუნველყონ თავიანთი ტერიტორიების დასუფთავება, ნაგვის განსათავსებელი ადგილის მოძებნა. არსებობს ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, უნდა მოვემსახუროთ ყველა იურიდიულ პირს და გავიტანოთ მათი წარმოქმნილი ნარჩენები. აქ დასუფთავების სამსახური რა შუაშია! მაგას ჰყავს ხელმძღვანელი კერძო პირი და, შესაბამისად, უნდა ჰყავდეს თავისი დამლაგებელიც თუ მეეზოვეც. ჩვენ რა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომელთაც არ ევალებათ დალაგება და მაინც ვავალებთ? თანხას სხვის მაგივრად ხომ არ გადავუხდით. რაც შეეხება ხსენებულ პირებს, ისინი მხოლოდ და მხოლოდ მოსაკრებელს იხდიან და არ აქვთ გაფორმებული ჩვენთან არანაირი ხელშეკრულება. ჩვენ გვეკუთვნის ტროტუარის დახვეტა, სხვა კი არ არის სახელმწიფოს საქმე.“

ლაშა დვალიშვილმა აქვე დასძინა: „თუ უნდათ, რომ მოვემსახუროთ, დადონ ხელშეკრულება ერთჯერადი ხელშეკრულების სახით... ეს ბატონები, ალბათ, არღვევენ კანონებს, მათ კვირაში ერთხელ ერგებათ მომსახურება. იქ არის განთავსებული ნაგვის კონტეინერი, რომელიც ეკუთვნის მოსახლეობას და დამგველს, ესენი კი ყოველდღე ავსებენ ურნებს. ერთი ყუთიც რომ აქვთ, იმასაც კი არ კეცავენ, არ კადრულობენ და გადავსებულია სულ. დღეში, დაახლოებით, ოთხჯერ ვცლით. ალბათ, ამდენი ხანი შეცდომით ლაგდებოდა ის ტერიტორია სამსახურის კარგი მუშაობით, ჩვენი დამგველი უსუფთავებდა ხანდახან - ქარს იმათი ნაგავი ტროტუარზე გამოჰქონდა და ვეუბნებოდი, რომ მოეხვეტა. ამიტომ, არ იყვნენ აქამდე უკმაყოფილოები, მიეჩვივნენ. გააკეთეს ეკონომია, დაითხოვეს დამგველი, ვინც ჰყავდათ და ახლა გაუჩნდათ პრობლემა!“

 

*** 

და მაინც მთავარი პრობლემა - ვინ უნდა უპატრონოს ქალაქის ცენტრში არსებული ხიდების, კონკრეტულად - ჯაჭვის ხიდის მიმდებარე სანაპიროს?

ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსმა ფრიდონ ბეშქენაძემ „P.S.“-თან საუბრისას განაცხადა: „აღნიშნული ტერიტორია არაერთხელ გაწმენდილა ჩვენს მიერ, ახლაც ვგეგმავთ, რომ უახლოეს ორ კვირაში ჩავატაროთ სანიტარული ღონისძიებები მთელი ქუთაისის მასშტაბით. რაც შეეხება ხიდთან მდებარე სანაპიროს დასუფთავების საკითხს, ეს მეც ძალიან მაწუხებს. ვიცი, რომ აუცილებელია მისი გაწმენდა, თუმცა, ძალიან სარისკო პროცესია. თოკით ვუშვებთ ადამიანებს ქვემოთ და არავინ იცის, რა მოხდება, მაგრამ იძულებული ვართ, რომ ეს პროცესი განვახორციელოთ. ვგეგმავთ, შევქმნათ გარკვეული ჯგუფი - თუნდაც 3-5 კაცისგან შემდგარი, რომელიც მუდმივად გააკონტროლებს ამ სივრცეს.

ცხადია, ეს კონტროლი ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ნაპირების გაბინძურება ხდება ხოლმე. როგორც რიონის ყოველი ადიდების დროს, როდესაც მდინარეს შლამები, სხვადასხვა ნივთები მოაქვს და სანაპიროზე ტოვებს, ასევე დიდი დანაშაული მიუძღვის ჩვენს საზოგადოებასაც. არ ერიდებიან დაბინძურებას და იქვე მოისვრიან ხოლმე უსარგებლო ნივთებს.“

რაც შეეხება გამოკითხულთა მოსაზრებას, რომ დაწესდეს ჯარიმები და, თუნდაც, რეინჯერებმა აკონტროლონ ტერიტორია, ბატონმა ფრიდონმა მათ ასე უპასუხა: „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსში არის კანონი, რომლის მიხედვითაც მოქალაქე, რომელიც დაანაგვიანებს გარემოს, დაჯარიმდება. თუმცა, რთულია ამ ადამიანების ფაქტზე დაჭერა. ეს შეუმჩნევლად ხდება, საბოლოოდ შედეგი კი სავალალოა. ძალიან ცუდად იქცევა მოსახლეობა, იქ მყოფი ინდმეწარმეები და ა.შ. ჩვენი მიზანია სანიტარული ღონისძიებების გატარება, მაგრამ ეს ადამიანურ თვითშეგნებაზეცაა დამოკიდებული. ის, რომ ისინი მზად არიან შაბათობებში მონაწილეობისათვის, არაფერს ნიშნავს, რადგან, როცა დავგეგმეთ მსგავსი ღონისძიებები, ჩვენ საზოგადოების აშკარა პასიურობა ვიგრძენით. უახლოეს მომავალში მოეწყობა შაბათობები და აუცილებლად უნდა გავატაროთ აგიტაცია-პროპაგანდა ხალხში. იმედია, ამჯერად მაინც ითანამშრომლებენ ჩვენთან.“

 

*** 

როგორც ვნახეთ, ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემო საკმაოდ დაბინძურებულია: „რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის შემოსასვლელი ჭიშკარი“ ნამდვილად ვერ მოსჭრის თვალს აბგაწამოკიდებულ უცხოელ ტურისტებს თავის სილამაზით. არც უფრო „შინაურ“ სტუმრებს და თავად ქუთაისელებს გაახარებს ეს სიბინძურე და არაესთეტიკურობა.

ოფიციალური სტრუქტურების გამართული მუშაობა, პლუს საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება - ჩვენი აზრით, ეს ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც პრობლემა უნდა გადაჭრას.

 

ჟანა ჯანელიძე

თამო ბიბიჩაძე

ნინო მარაქველიძე

 

კოლეჯ „ეტალონის“ კორესპონდენტის სპეციალობის სტუდენტები (სპეციალურად გაზეთ „P.S.“-სათვის)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია