დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
17 მაისის აქციას პარლამენტარები ეხმიანებიან
2013/05/17 16:11:19

გოკა გაბაშვილი: „ქრსიტიანობისა და სიყვარულის სახელით ადამიანებს ქვებს ესვრიან“

როგორც უკვე ცნობილია, თბილისში გამართული ჰომოფობიების წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია სასულიერო პირებმა და მრევლმა ჩაშალა. მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობამ და უმრავლესობამ აღნიშნული ფაქტი დაგმო და შესაბამისი განცხადებებიც გააკეთეს.

უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ის, რაც თბილისში ხდება, ეს არის ტოტალური სიბნელის, ბოროტებისა და სისასტიკის გამოვლინება. მისი შეფასებით, ძალიან მძიმეა ამის ყურება, როდესაც ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები და ისინი არ ერიდებიან ცემა-ტყეპაში და სისასტიკეში ბავშვების ჩართვასაც.

„ეს ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც საქართველოში ყოველდღე ვადევნებთ თვალს. პოლიტიკის ჩვეულებრივი ნაწილი გახდა ლინჩის წესით გასამართლება, ცხვირ-პირის გაერთიანება, ცემა-ტყეპა და გატყავება. მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები თვითონ წაახალისებენ ძალადობას, სწორედ ეს არის იმის გამოხატულება და იმის მიზეზიც, რომ ქვეყანაში დაისადგურა სიბნელემ. ამას ჭირდება პასუხი და სახელმწიფო, რომელიც პასუხს გასცემს აგრესიას. მაგრამ, დღემდე არ არიან დასჯილნი სისასტიკეში ბრალდებული ხელისუფლების წარმომადგენლები და პირიქით, მათ ქება-დიდებით მოიხსენიებენ. სამწუხაროა, რომ სწორედ ამას, ასეთ სავავალო და ტრაგიკულ შედეგამდე მივყავართ“. - ამბობს თაქთაქიშვილი.

უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშილი კი თვლის, რომ დღევანდელ აქციაზე პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იდგა და არ დაუშვა ეს ყველაფერი გადაზრდილიყო სერიოზულ დაპირისპირებაში.

„ძალიან დიდი აგრესია იყო იქ შეკრებილი საზოგადოებიდან გამოვლენილი "ლგბტ" პირების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უფრო დიდ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო. ჩვენ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, "ლგბტ" ადამიანები ტრანსპორტით გარიდებულები არიან მასობრივი შეკრების ადგილს. იქ შეკრებილმა საზოგადოებამ კი სამებაში გადაინაცვლა, მეუფე იაკობის თხოვნით და მოთხოვნით. ამჟამად სიტუაცია განმუხტულია. ეს აქცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ხელისუფლების პასუხისმგებლობას და ხაზს უსვამს ხელისუფლების პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე. ჩვენ მივეცით პირობა საზოგადოებას, ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა ამ აქციაზე დაცული ყოფილიყო. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენ ძალებში იყო“. - აღნიშნა ცაგარეიშილმა.

თუმცა, საწინააღმდეგო შეფასება გააკეთა უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, გოკა გაბაშვილმა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რიგითი პოლიციელი თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იცავდა ადამიანებს, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაატარა ჯეროვანი ზომები იმისათვის, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცული ყოფილიყო.

„ის, რაც ხდება არის სამარცხვინო და არის იმის შედეგი, რომ ფუნდამენტალისტები და ძალადობაზე ორიენტირებული ადამიანები პოლიტმატიმრის სტატუსით გარეთ გამოუშვეს და დააჯილდოვეს. ეს არის შედეგი იმისა, რომ პოლიტიკური ძალები თავად იყენებენ ფუნდამენტალისტების ძალადობის ენას. დღეს ქრისტიანობისა და სიყვარულის სახელით ადამიანებს ქვებს ესვრიან და მათ ჩაქოლვას ლამობენ. ისინი ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებსაც. ეს არის საზოგადოების მზაობა ძალადობისკენ და თუ ამას არ გაემიჯნა ყველა პოლიტიკური ძალა, ჩვენ კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მივიღებთ,“ - განაცხადა გაბაშვილმა.

უმრავლესობის წევრი, ზურაბ აბაშიძე კი აცხადებს, რომ პოლიცია ამ თემაზე გამოძიებას გააგრძელებს და დაისჯება ყველა დამნაშავე.  

„ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენ ამას ყველამ გაგებით უნდა შევხედოთ. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყველანაირი ძალადობა უნდა იყოს დაგმობილი“. - ამბობს აბაშიძე.

ზურაბ აბაშიძის თქმით, აღნიშულ თემაზე, ოპოზიციის შეფასებები გადაჭარბებულია და ისინი ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ცდილობენ.

„მე მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე, რადგან ძალიან სენსიტიური თემაა“. - განაცხადა აბაშიძემ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1719
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია