დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო უმრავლესობა „ნდობის ჯგუფში“ გივი თარგამაძეს არ იღებს
2013/05/16 21:15:46

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალსანიას ინიციატივით პარლამენტში უნდა შეიქმნას „ნდობის ჯგუფი“, რომელიც საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებზე კონტროლს განახორციელებს. ეს ჯგუფი სულ 5 წევრისგან შედგება. მასში წარმოდგენილები არიან როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებიც. უმცირესობამ თავის მხრივ, ნდობის ჯგუფში გივი თარგამაძე წარმოადგინა. თუმცა, უმრავლესობა ამ კანდიდატს მხარს არ უჭერს.

უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, თინა ხიდაშელს, იმედი აქვს, რომ „ნდობის ჯგუფის“ შემადგენლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ. თარგამაძის კანდიდატურას კი შემდეგი არგუმენტის გამო არ უჭერს მხარს. 

„გივი თარგამაძესთან დაკავშირებით იყო ძალიან კონკრეტული თემა დაპ რობლემა. ეს კაცი არავის უნახავს 7 თვის განმავლობაში პარლამენტში და შეუძლებელია ხმა მიგეცა ადამიანისთვის, რომელიც არასდროს გინახავს და რომელიც გარანტირებულად იცოდი, რომ არასოდეს ამ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებდა. მან დაგვდო პატივი და ჩამობრაძანდა საქართველოში. ახლა უნდა გავარკვიო მუდმივია თუ არა მისი აქ ყოფნა და რამდენად აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვას.“ - აღნიშნა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, თარგამაძის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სუპერაქტიურობა იმას არ ნიშნავს, რომ ეს ასე გაგრძელდება. „შეუძლებელია ასეთი უპასუხისმგებლო იყო პოლიტიკური ძალა და პარლამენტის ამ ერთ-ერთ ყევლაზე მნიშვნელოვან ერთეულში კანდიდატად სთავაზობდე ქვეყანას ადამიანს, რომელიც ამ პარლამენტში მეორე სხდომას დაესწრო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოლო დროს გამოირჩევა იმით, რომ ღრმად არასერიოზულები არიან,“ - ამბობს დეპუტატი.

უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით კი, „ნდობის ჯგუფი“ პარლამენტში საკმაოდ სერიოზული ჯგუფია და მას აქვს ის ინფორმაცია, რომელიც საჯარო არ არის. „ჩვენ შევთავაზეთ უმცირესობას, რომ „ნდობის ჯგუფში“ წარმოედგინათ რამდენიმე ადამიანი. მათ სურვილი აქვთ, რომ ეს იყოს გივი თარგამაძე. მაგრამ, აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამ კანდიდატურაზე უარი განაცხადა. ამიტომაა ეს პროცესი ამ დრომდე გაჭიანურებული,“_განაცხადა დავით საგანელიძემ.

თავად გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობას ხელშესახები არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა იყოს „ნდობის ჯგუფში“, არ აქვს. ის ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ, მათი ახირებაა.

ჟურნალისტის კითხვაზე კი, რა მოტივით არ იღებს მას უმრავლესობა „ნდობის ჯგუფში“, შემდეგნაირად უპასუხა:

„მე რუსებს არ ვუყვარვარ, პუტინს არ ვუყვარვარ. შესაბამისად, საგანელიძეს არ ვუყვარვარ და არ ვუყვარვარ პრემიერ-მინისტრს. არც მე არ მიყვარს ისინი." - აღნიშნა მან.

„ნდობის ჯგუფის“ საკითხზე, წესით, ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე უნდა იმსჯელონ. თუმცა, გადატვირთული დღის წესრიგის გამო, შესაძლებელია განხილვამ მომდევნო სასესიო კვირაში გადაინაცვლოს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1635
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია