დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხვედელიძე ციხეს გირაოს სანაცვლოდ ტოვებს...
2013/05/15 20:54:47

ნუგზარ წიკლაური: „ხვედელიძე განტევების ვაცი იყო, რომელმაც პასუხისმგებლობისგან უფრო მაღალი რანგის პირები იხსნა“

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის, გირაოთი გათავისუფლებას საკანონმდებლო ორგანოდან გამოეხმაურნენ.

უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის, განცხადებით, მისთვის ეს ამბავი ძალიან მტკივნეული იყო. რადგან, მისივე თქმით, გელა ხვედელიძე არის ის ადამიანი, რომელთან ერთადაც მან მთელი წინასაარჩევნო პერიოდი გაატარა.

„გელა არის ის ადამიანი, რომელსაც მე პრაქტიკულად გამოვუცხადე ნდობა და ძალიან მეწყინა, როდესაც მან ეს არასწორი ნაბიჯი გადადგა და, რბილად რომ ვთქვთ, დაუშვა შეცდომა. ის აჰყვა ემოციებს, გამოიყენა თავისი თანამდებობრივი უფლებები იმისთვის, რომ შური ეძია.“. - ამბობს საგანელიძე.

საგანელიძე ასევე აღნიშნავს, რომ უპრეცედენტოა, როდესაც ახალმოსული ხელისუფლება თავისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ასე სჯის. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, გელა ხვედელიძის გირაოთი გათავისუფლება გამართლებულია, რადგან ის არსად გაიქცევა. „სხვა დეტალებს კი გამოძიება შეისწავლის. ის გაარკვევს, რა მოხდა და რამ აიძულა გელა ხვედელიძე, გადაედგა ეს ნაბიჯი,“ - აღნიშნა საგანელიძემ.

უმცირესობის ერთ-ერთი წევრი, ნუგზარ წიკლაური კი თვლის, რომ ხვედელიძე „განტევების ვაცია“ და ხელისუფლებამ ის ამ საქმის გადასაფარად გამოიყენა.

„ის ფაქტი კი, რომ პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამვრცელებელი ხვედელიძე გირაოთი გაათავისუფლა, კარგად ასახავს ამ ხელისფულების დამოკიდებულებას ასეთი მოვლენების მიმართ“.

უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ეკა ბესელიას, თქმით,  ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და,  ბუნებრივია, სხვა, ბევრი საინტერესო გარემოება გამოვლინდება.

„გელა ხვედელიძის გირაოთი გათავისუფლება, იმედია, არ გაუკვირდება არავის, რადგან სასამართლომ სწორედ გირაოთი გაათავისუფლა ყოფილი თანამდებობის ის პირები, რომლებმაც აღიარეს, რომ  უკანონო ჩაწერებს ახორციელებდნენ, იგივე ბატონი გუნავა და სხვები. ყველა დანარჩენ საკითხს გამოძიება დაადგენს,“ - აღნიშნა ბესელიამ.

ინფორმაციისთვის: დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა ხვედელიძეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა. ხვედელიძე დღეს დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ბრალდების მხარე მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას გირაო შეეფარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გელა ხვედელიძე, დაკავებული თანამდებობიდან პრემიერ–მინისტრის 14 მაისის №103 ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. ხვედელიძე პირადი საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.

გელა ხვედელიძეს ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება ედება ბრალად, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია