დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის აზრით, საქართველოს მთავრობა იზოლაციაშია
2013/05/15 11:50:47

ამერიკაში ვიზიტად მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს  საგარეო ურთიერთობებსა და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამისათვის დაწყებული პროექტების დასრულებაა საჭირო.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა ჩამოსვლისას, ქვეყნის მოქმედ ხელმძღვანელობას შევხვდი, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ, რა მოხდება 2016 წელს - ვინ იქნება ამერიკის ლიდერების შემდეგი თაობა. ამიტომ, ახლა, საგანგებოდ გამოვყავით რამდენიმე დღე, რათა, პრაქტიკულად, ორივე პარტიის - დემოკრატებისა და რესპუბლიკელების წარმომადგენლებს შევხვდეთ, მათ, ვინც ხვალ იქნება ამ ქვეყნის ხელმძღვანელობაში. დღეს ვითარება ასეთია: პუტინის რუსეთი სულ უფრო სუსტდება. ფიქალის გაზის თემის, რუსეთის საბიუჯეტო კრიზისისა და ზოგადად, მისი დღევანდელი მთავრობის პერსპექტივის გათვალისწინებით, რუსეთი დაღმა მიექანება. ამავდროულად, ამერიკაში დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა და შემდგომ წლებში მისი როლი სულ უფრო გაძლიერდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მომავლისათვის უნდა ვიყოთ მზად, რადგან ჩვენ ურთიერთობას ყველაზე მეტი პერსპექტივა სწორედ ამერიკასთან აქვს. ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, როგორც არ უნდა სცადოს ჩვენი დარწმუნება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ისევ უნდა დავბრუნდეთ დასუსტებული რუსეთის კონტროლის ქვეშ, მაინც ვიცით, რომ ახლა ასეთი კონტაქტების დროა. ეს, დაახლოებით, იგივეა, დავით აღმაშენებლის დროს რომ გვეთქვა - თურქ-სელჩუკების დაშლის პირას მყოფი იმპერიის კონტროლქვეშ დავბრუნდეთო,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, საქართველოს ირგვლივ, საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ, ვაკუუმია შექმნილი და ეს მას ძალიან აწუხებს.

„მაწუხებს ის, რომ დღეს საქართველოსთვის, საერთაშორისო ურთიერთობის მხრივ,  ვაკუუმი შეიქმნა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეს და საქართველოში მოვიდა ახალი აღმასრულებელი ხელისუფლება, პირველივე სამ თვეში, მე მქონდა ვიზიტები ვაშინგტონში თეთრ სახლში, ინგლისის პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, მოსკოვში პუტინთან და, რა თქმა უნდა, ევროპის სხვა მნიშვნელოვან ქვეყნებში. რეალურად, საქართველოს ახალ მთავრობას, ჯერჯერობით, მეზობლების გარდა, რომლებიც ვალდებული არიან გველაპარაკონ, არც ერთი სერიოზული ორმხრივი ვიზიტი არ ჰქონია და ეს მე მაწუხებს. ამას წინათ, პოლონეთში ვიზიტისას, პოლონეთის ხელმძღვანელობას ვთხოვდი, ოფიციალური ვიზიტით მოიწვიონ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რადგან დღეს ეს ძალაა აღმასრულებელი ხელისუფლება. მე, რა თქმა უნდა,  შემიძლია ვიარო და ვიზიტებისას ვლაპარაკობ კიდეც საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე,  მაგრამ ასეთი იზოლაცია მხოლოდ პუტინის ინტერესებს შეესაბამება. თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას  წამყვან  ევროპულ ქვეყნებში  არ მიიწვევენ უმაღლეს დონეზე და ხელს არ ჩამოართმევენ, ჩვენ ოკუპანტის ამარა დავრჩებით. პრემიერ-მინისტრი იმას კი არ უნდა დარდობდეს, რატომ დადის პრეზიდენტი ამ ქვეყნებში, იმას უნდა დარდობდეს, თვითონ რომ არ დადის. ეს მთავრობა გამოუცდელია და სჭირდება მსგავსი ურთიერთობა, რომ რაღაცები კარგად აუხსნან. ამ მხრივ, ვითარება დღეს სახარბიელოდ ნამდვილად არ გვაქვს და არასწორია მიდგომა: რადგან ჩვენ არ დავდივართ,  იმათმაც არ იარონო.  მივმართავ პრემიერ-მინსიტრს - ნერვები ნუ გეშლებათ თუ მე დავდივარ (ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მე მაშინაც მომიწვევენ როდესაც პრეზიდენტი აღარ ვიქნები), მაგრამ, მოდით, მიხედეთ იმას, რომ მთავრობა, პრაქტიკულად, იზოლაციაშია და ჩვენი ქვეყნისთვის ეს ნამდვილად არ არის კარგი“, - აცხედებს ქვეყნის პირველი პირი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია