დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უმცირესობისთვის მნიშანელობა არ აქვს, ვინაა „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი?
2013/05/13 22:08:50

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ სულ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა. როგორც უკვე ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით ამჟამინდელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იბრძოლებს. ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. უმრავლესობის წევრების თქმით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მათი მთავარი არგუმენტებია, რომ მარგველაშვილი არის განათლებული, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი. საპარლამენტო უმცირესობა კი თვლის, რომ ეს არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა ერთპიროვნულად მიიღო. მათი თქმით, გიორგი მარგველაშვილი პრემიერის მარიონეტი იქნება და ყოველთვის მის რეიტინგს ამოეფარება უკან.

პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთხელ შეაფასეს.

 „გიორგი მარგველაშვილი არ არის ისეთი, როგორადაც მას წარმოაჩენენ. ის არ არის არავის კაცი. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ საქმეში და ის იქნება იმდენად დამოუკიდებელი რამდენადაც მისგან ამას მოითხოვს კანონი. გარდა ამისა, ის არის ძალიან საინტერესო კანდიდატი. საზოგადოება შეიძლება დროს ითხოვს იმისთვის, რომ გაეცნოს მას და არის ეს დრო. მარგველაშვილს საზოგადოება გაიცნობს და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებზე წარმატებას მოიპოვებს. ლაპარაკი იმაზე, რომ იგი დაექვემდებარება ან რომელიმე პარლამენტარს, ან პრემიერ-მინისტრს არის შეცდომა. ის სულ სხვა ტიპის ადამიანია. მას აქვს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ასევე არის განათლებული და პატიოსანი პიროვნება. უმცირესობის შეფასებები ჩემთვის გაუგებარია... თუ ის ცუდი კანდიდატია, მაშინ რატომ სწუხან? მაგრამ ჩემი აზრით, პირიქით – მათ მარგველაშვილის ეშინიათ“. - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კობა დავითაშვილმა კი მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მე შეფასებას არ გავაკეთებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და ჩემი პარტია არც კოალიციის შემადგენელი პარტიაა. მე ვარ ერთი დეპუტატი, რომელიც მონაწილეობს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, რატომ მიიღეს ჩემმა კოლეგებმა ეს გადაწყვეტილება და რა არგუმენტების საფუძველზე დაასახელეს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად“.

უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით კი, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი.

„ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ძლიერ კონკურენციას გაუწევს მოწინააღმდეგეებს.“ - აღნიშნა ბობოხიძემ.

ინფორმაციისთვის: ჯერჯერობით უცნობია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინ დაუპირისპირდება გიორგი მარგველაშვილს. „ლეიობორისტული მოძრაობიდან“ მარგველაშვილის კონკურენტი შალვა ნათელაშვილია და ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩვენებში, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ისე მიიღოს მონაწილეობა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია