დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჯანდაცვაში მადლიერება მცირე დოზითაა...“
2013/05/13 13:50:45

მინისტრი დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან პრობლემებზე საუბრობს

 

 

„ჯანდაცვაში მადლიერება მცირე დოზითაა. რაც არ უნდა გააკეთო, უკმაყოფილება მაინც დიდია,“ - აცხადებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც ამ სფეროში ნებისმიერი სიახლის დანერგვის დროსაა გასათვალისწინებელი. ასეთ ფრთხილ მიდგომას, მინისტრის თქმით, საჭიროებს ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციები, მარიხუანას შესაძლო ლეგალიზაცია და სხვა ისეთი თემები, რომლებიც ექსპერტთა განხილვის თემებია. პროგრამის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ - ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას მინისტრმა სერგეენკომ განაცხადა, რომ ყველაზე წარმატებული ჯანდაცვის სფეროს ახალი მენეჯმენტისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა.

 

„ამ პროექტის დაწყებამდე გვქონდა რისკების უხეში შეფასება - დაბალი, საშუალო და მაღალი. თუ პროექტისწინა რისკების შეფასებებს ავიღებთ, პროექტი დაბალი რისკებით მიმდინარეობს. არის მცირე ხარვეზებიც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებულია,“ - განაცხადა სერგეენკომ. მისივე განმარტებით, მთავარია უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სერვისი, რაც მომხმარებელს მიეწოდება. თუკი, რომელიმე სადაზღვევო კომპანია ამ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, ბუნებრივია, ის ვეღარ გააგრძელებს მუშაობას.

რაც შეეხება მედიკამენტების სიძვირეს მინისტრი აღნიშნავს, რომ სამინისტრო მაქსიმალურად ეცდება, არ მოახდინოს ფასების იმპერატიულად დაწესება. მისივე თქმით, ფარმაცევტულ ბაზარზე, შესაძლოა, ახალი მოთამაშე გაჩნდეს. უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიასთან მოლაპარაკებები უახლოეს ორ თვეში დასრულდება.

მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესში აღნიშნული კომპანიის განსაკუთრებულ პირობებში ჩაყენება და მისთვის სასათბურე პირობების შექმნა არ განიხილება.

დავით სერგეენკო აბორტების აკრძალვის თემასაც გამოეხმაურა: „ცვლილებები, რა თქმა უნდა, გასატარებელია. ვფიქრობ, რომ ეს უნდა გატარდეს კომპლექსურად. ზოგადი პასუხით რომ არ შემოვიფარგლო, ვაცხადებ, რომ ახლადშექმნილი დედათა და ბავშვთა საბჭოს ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ პროექტისა და სტრატეგიის გაწერით დაკავდება. საბოლოო დაგროვილი სტატისტიკა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო, საკმარისია და ვფიქრობ, რომ ასეთი მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი ამ ამოცანას ეფექტურად შეასრულებს,“ - განაცხადა სერგეენკომ.

ასეთივე კომპლექსურ მიდგომაზე საუბრობს მინისტრი  ნარკოსტრატეგიასთან მიმართებაში.

„არსებული სტრატეგია საჭიროებს გადახედვას. სტრატეგიული გათვლა საჭიროა, რათა რიკოშეტის ეფექტი არ მივიღოთ. ნარკოტიკების ბაზარს უკიდურესი მოქნილობა ახასიათებს, მექანიკურ აკრძალვას მოჰყვება ხოლმე სხვა ნარკოტიკული მიმართულებების გაძლიერება,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციის მიმართულებით, მუშაობა მიმდინარეობს, „თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთ დღეს გავიღვიძებთ და ნარკოტიკები სუპერმარკეტებში გაიყიდება“.

მინისტრი მედიცინის მუშაკთა მცირე ხელფასებს, რეგიონებში პირველადი სამედიცინო დახმარების პრობლემებსა და სხვა  საკითხებსაც შეეხო, რაც ბიუჯეტის მცირე დაფინანსების გამო პრობლემებს ქმნის. როგორც მინისტრი განმარტავს, სამინისტროს ბიუჯეტი პრიორიტეტების  გათვალისწინებით დაიგეგმა და მასში, სამწუხაროდ, ჯერ არაა გათვალისწნებული ისეთი აუცილებელი ხარჯები, რაც მეორე ჯგუფის ინვალიდების, შეზღუდული შესაძლებლობების პირების თუ სხვათა  დახმარებისა და პენსიების გაზრდას გულისხმობს იმაზე მეტად, რაც უკვე მიმდინარე წლის ბიუჯეტითაა განსაზღვრული.

მინისტრი აღნიშნავს, რომ სამინისტრო ცალკეული კომპანიების საქმიანობაში ვერ ერევა მედპერსონალისთვის ხელფასების გაზრდის მოთხოვნით. თუმცა, საკანონმდებლო დონეზე ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

„ყველა მიმართულებით ვცდილობთ თანხების დაზოგვას. დაზოგილი თანხა, თუნდაც ეს მინიმალური იყოს, პირველ რიგში, წავა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე. სამწუხაროდ, ჩემს ნება-სურვილზე არაა დამოკიდებული, რა გავზარდო და როგორ. რაღაცას უნდა მოაკლო, რაღაცის შემცირების ხარჯზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარება სამინისტოს პირველადი ზრუნვის საგანი იყო და იქნება,“ - აღნიშნავს სერგეენკო.

ჟურნალისტებს მიეწოდა ინფორმაცია წითელასა და სხვა ინფექციური დაავადებების პრევენციის შესახებ.

სამინისტროს ინფორმაციით, 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველანარი აცრა უფასოა, მათ შორის მათთვისაც, ვისაც საქართველოს აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით გეგმით გათვალისწინებული რომელიმე აცრა თუ აქვს გამოტოვებული. უფასოა, ასევე, ვირუსული ინფექციის მქონე პირთან კონტაქტში მყოფი ყველა პირისა და მედპერსონალის ვაქცინაცია. დღეისათვის აცრილია 20 000 კონტაქტში მყოფი პირი. უფასო აცრები ხორციელდება ჯარშიც.

ოფიციალური სტატისტიკით,  საქართველოში წითელას 2 960 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 2 000 შემთხვევა - თბილისში, დანარჩენი კი საქართველოს 52 სხვადასხვა რეგიონში.

სამინისტროს ცნობით, მარტის თვის მონაცემებით, აცრაგამოტოვებული ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 36 000 იყო, კამპანიის ფარგლებში გაწეული აგიტაციის შედეგად კი ეს ციფრი 7 000-მდე შემცირდა.

საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმართავს ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებას, გაავრცელონ ინფორმაცია, მოიძიონ აუცრელი ბავშვები და  მოახდინონ უფასო ვაქცინაცია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1863
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია