დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვისთვისაა საოცნებო ახალი შრომის კოდექსი - როზა ლუქსემბურგის თუ ქართველი ამომრჩევლისთვის?
2013/05/13 13:48:38

შრომის კოდექსთან დაკავშირებით დისკუსიის ახალი ტალღა, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) სტუდენტებთან შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელმაც მარგველაშვილის კრიტიკა დაიმსახურა, საქართველოს პარლამენტმა 19 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. სოციალურ ქსელ „იუთუბიზე“ გავრცელდა ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეო,  სადაც  გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ „პარლამენტში როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული“ და ეს ახალი კოდექსი ბიზნესის განვითარებას ხელს შეუშლის.

„პარლამენტში როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული. როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ, დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი.
ეს ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე ესენი პოლიციას ურტყამენ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ახალი შრომის კოდექსის შესახებ განათლების მინისტრის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი გამოეხმაურა:

„თუ ამ განცხადების მიზანი ის იყო, რომ საზოგადოება შოკში ჰყოლოდა, ეს მიზანი მიღწეულია. მიღწეულია იმ კუთხითაც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც ეს კომენტარი მოისმინა, ისინიც შოკირებულები არიან. ეს განცხადებები  ერთი-ერთში  ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ და ძველი ეკონომიკური გუნდის განცხადებებს, რომ კატასტროფა იქნება შრომის კოდექსში ცვლილებები. თუ მთავრობასაც მთლიანად ეს პოზიცია აქვს, სერიოზული წყალგამყოფი იქნება მთავრობასა და საზოგადოების იმ დიდ ნაწილს შორის, რომელიც ოცნებობდა და ფიქრობდა, რომ მონობა საქართველოში უნდა დამთავრებულიყო,“ - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

„ვწუხვარ, რომ ჩემი კერძო საუბარი გახდა მედიის განსახილველი, იმიტომ, რომ ეს არ იყო მედიისთვის გაკეთებული განცხადება, ან, საერთოდ, განცხადება. ეს იყო დისკუსია სრულიად სხვა თემაზე. იმაზეც ვწუხვარ, რომ საქართველოში მშრომელთა უფლებებს იცავს ისეთი ხალხი, რომელსაც როზა ლუქსემბურგი სალანძღავი სიტყვა ჰგონია. როზა ლუქსემბურგი გმირულად მოკვდა სწორედ მშრომელთა უფლებების დაცვის დროს და სალანძღავად არ მითქვამს ეს,“ - განაცხადა მოგვიანებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა GIPA-ს სტუდენტებთან გაკეთებული ამ განცხადების კომენტირებისას.

 

მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეს არის როზა ლუქსემბურგის საოცნებო  შრომის კოდექსი, არასწორია...

„მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეს არის როზა ლუქსემბურგის საოცნებო  შრომის კოდექსი, არასწორია. სინამდვილეში, ეს არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსი; ეს არის კოდექსი, რომელიც სრულად შეესაბამება იმ დაპირებებს, რომელიც    „ქართულმა ოცნებამ“ წინაასაარჩევნოდ ამომრჩეველს მისცა; ეს არის კოდექსი, რომელიც აბალანსებს უფლებებს და მოვალეობებს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის; გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კოდექსი არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი მზად არის, შრომის კოდექსში ცვლილებების მორიგ ტალღას ჩაუდგეს სათავეში. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მან განაცხადა:

„არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქსემბურგი, მაგრამ ვგეგმავ, როგორც ქალი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქალი ახალი მთავრობის, სათავეში ჩავუდგე შრომის კოდექსში ცვლილებების მორიგ ტალღას, რომელსაც შრომით ურთიერთობებში ქალთა უფლებების დაცვა ჰქვია.“

მიუხედავად იუსტიციის მინისტრის ამ პოზიციისა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი მარგველაშვილის პოზიცია გაიზიარა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, დაქირავებულს ნებისმიერი უფლებები შეიძლება მივცეთ, მაგრამ რეალობა არ უნდა დავკარგოთ.

„ის, რაც წინა ხელისუფლების პირობებში არსებობდა, საშინელება იყო, დაქირავებულს, პრაქტიკულად, არავითარი უფლება არ გააჩნდა. როცა რამე არ გვაქვს, მეორე მხარეს ვიცით ხოლმე გადახრა... დაქირავებულს ნებისმიერი უფლებები შეიძლება, მივცეთ, მაგრამ რეალობა არ უნდა დავკარგოთ. როდესაც კამათობენ, ევროპულია, თუ მთლად ევროპული არაა და როგორი შრომის კოდექსი უნდა მივიღოთ და კანონპროექტის გარკვეულ ნაწილზე მიდის კამათი, რომ 50-50-ზეა, ვის მხარეს უნდა გადაიხაროს ეს - დაქირავებულის თუ დამქირავებლის, - ჩემი პოზიციაა, რომ დამქირავებლის  მხარეს,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

როგორი  უნდა იყოს შრომის კოდექსი?!

 

„შრომის კოდექსის ახალ  რედაქციაში გარკვეული გადახრებია. სწორია დაბალანსებული შრომის კოდექსის მიღება, რომელშიც ორივე მხარის ინტერესი მეტ-ნაკლებად იქნება ასახული, თუმცა ამ პირველად რედაქციაში, შესაძლოა, გადახრა მოხდა მეორე უკიდურესობაში, როდესაც ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება ძალიან რთული ხდება,“ - განაცხადა „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში თითქმის შეუძლებელია ადამიანის მოხსნა, განსაკუთრებით -  საჯარო სამსახურში.

„მე პირადად შევსწრებივარ ასეთ ფაქტს ავსტრიასა და გერმანიაში. ასეც არ უნდა იყოს, რომ შეუძლებელი იყოს ადამიანის მოხსნა, მაგრამ არც ისე უნდა იყოს, რომ როცა გინდა სამსახურიდან გაშვება, შეგეძლოს. აქ არის გასასვლელი ბეწვის ხიდზე, სწორედ მასზე გასვლას ცდილობს ახლა ხელისუფლება,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იუსტიციის მინისტრის აზრით, შრომის კოდექსით არ შეიძლება რომელიმე  მხარე კმაყოფილი და ბედნიერი იყოს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემაში „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ განაცხადა. მინისტრის თქმით, თუ რომელიმე მხარე კმაყოფილია, ეს იმას ნიშნავს, რომ შრომის კოდექსი ცუდია.

„ახალი შრომის კოდექსით, რა თქმა უნდა, იზღუდება დამსაქმებლის  ინტერესი, რომელსაც დასაქმებული მიყენებული ჰყავს კედელთან და ერთი ნაბიჯით უკან დახევა მოუწევს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიზნესი ვიწროვდება. შრომის კოდექსის ცვლილება, რომელიც შესულია პარლამენტში, არა მხოლოდ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაბალანსებული შრომითი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს, არამედ იმიტომაც, რომ ამან საფუძველი ჩაუყარა ბიზნესწრეებსა და ექსპერტებთან კონსულტაციებს. შრომის კოდექსით არ შეიძლება რომელიმე მხარე კმაყოფილი და ბედნიერი იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ შრომის კოდექსი ცუდია,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, შრომის კოდექსი ეამაყება, რადგან მის შესახებ ყველა ადამიანს განსხვავებული აზრი ჰქონდა. ამასთან, მინისტრი მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურიდან უფრო მარტივად უნდა შეიძლებოდეს დასაქმებულთა გათავისუფლება, ვიდრე კერძო სექტორიდან.

„დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დამკვიდრებული კულტურა, არასასურველ პირებს დაეწერათ განცხადება და წასულიყვნენ. ახალ კოდექსში მკაფიოდ არის გაწერილი, რის საფუძველზეც შეგიძლია, ადამიანი გაათავისუფლო. ეს არ არის დამსაქმებლისა და დასაქმებულის  სამუდამო იძულებითი ქორწინება. თუ ადამიანი არ ვარგა, მან უნდა დატოვოს სამსახური, თუმცა, ამასაც აქვს თავისი წესები და ფორმები,“ - აღნიშნა წულუკიანმა.

 „ბიზნესმენი ფადი ასლი ამბობდა, რომ ლიბერალური უნდა იყოს შრომის კოდექსი, მე უნდა შემეძლოს ადვილად დავშორდე დასაქმებულ ადამიანებს, ცოლთან დაშორება თუ შეიძლება, რატომ ვერ უნდა დავშორდე დასაქმებულ ადამიანსო... თუ ვინმემ იცის ამ კაცის ისტორია, ისიც ეცოდინება, როგორ შორდება ცოლს. ჯერ ერთი, დასაქმებული ადამიანის გაიგივება ცოლთან, არ ვიცი, რამდენად ლოგიკურია. ეს მის კულტურას და ზრდილობას მივანდოთ, მაგრამ ის როგორ შორდება ცოლს, უკვე ნახა მთელმა საქართველომ და ნამდვილად არ მინდა, ასე შორდებოდეს დასაქმებულ ადამიანს დამსაქმებელი საქართველოში,“ - განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს შრომის კოდექსთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.

ამასთან, ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ბიზნესი არ განიხილავს დასაქმებულ ადამიანს, როგორც ბიზნესის ნაწილს და, უბრალოდ, ჰგონია, რომ ეს არის რობოტი ადამიანის ტიპი - რასაც შეუკვეთავს იმ დეტალს გააკეთებს და არც ხელფასს მოითხოვს, არც სამსახურის უსაფრთხოებას დაიცავს და ასე შემდეგ, ეს ძალიან ცუდია.

 

ახალი შრომის კოდექსი დამსაქმებელს ცუდ მდგომარეობაში აყენებს?!

 არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური გამოცემა „ლიბერალთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ არის რამდენიმე მომენტი წარმოდგენილ ვარიანტში, რომელიც დამსაქმებელს ცუდ მდგომარეობაში აყენებს.

„შრომის კოდექსის შეცვლა ცალსახად პოზიტიურია. ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ არსებული შრომის კოდექსი დასაქმებულების უფლებებს არ იცავს და, შესაბამისად, უნდა შეიცვალოს. მაგრამ, მგონია, რომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავიდეთ. დღეს საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე კარგი იქნება ოქროს შუალედი ავიღოთ და შრომის კოდექსი ამის მიხედვით შევცვალოთ. არის რამდენიმე მომენტი წარმოდგენილ ვარიანტში, რომელიც დამსაქმებელს ცუდ მდგომარეობაში აყენებს. ჩვენი მთავარი მიზანი, ალბათ, ისიცაა, რომ ბიზნესგარემომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ბევრი სამუშაო ადგილის შექმნას. არ მგონია მიზანშეწონილი, ისეთი დებულებები შევიტანოთ შრომის კოდექსში, რომლებმაც, შესაძლოა, ეს პროცესი შეაფერხოს,“ - ამბობს ეკა გიგაური.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მხრიდან შენიშვნებს რამდენიმე მომენტი იწვევს. მაგალითად, ორგანიზაცია ვადიან ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ დებულებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მოკლევადიანი და გრძელვადიანი ხელშეკრულებების რეგულირება სხვადასხვა რეჟიმში უნდა ხდებოდეს - რომ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია მოკლევადიანი დასაქმების დროს გარკვეული რეგულაციები არსებობდეს. თუმცა, თუკი შეხება გვექნება გრძელვადიან ხელშეკრულებებთან, ანუ ისეთ ხელშეკრულებებთან, რომლებიც ორი, სამი ან ექვსი წლის განმავლობაში იდება, ამ შემთხვევაში დამსაქმებელს მეტი მოქნილობა უნდა მიეცეს და ზედმეტი რეგულაციები არ იყოს.

აგრეთვე, ზეგანაკვეთური შრომის საკითხები და ამასთან დაკავშირებული  გადასახადები გაწერილი უნდა იყოს კანონში და შრომით ხელშეკრულებაში. დაბალი ხელფასის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნას ზეგანაკვეთური გადასახადები, მაგრამ თუკი საუბარია დიდ ხელფასებზე, მაშინ დამსაქმებელს უფრო მეტი მოქნილობა უნდა ჰქონდეს. მან შეიძლება დასაქმებულს სხვა ბენეფიტები, მაგალითად, არაფულადი სახით დამატებითი სარგებელი  მისცეს.

რაც შეეხება კოლექტიურ ხელშეკრულებებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა მიიჩნევს, რომ აქაც შეიძლება გარკვეული ცვლილება შევიდეს წარმოდგენილ პროექტში და კოლექტიური ხელშეკრულებები უნდა დაიდოს არა მხოლოდ პროფკავშირების წევრებთან, არამედ თვითორგანიზებულ ჯგუფებთანაც, რადგან არ არის აუცილებელი ადამიანი პროფკავშირის წევრი იყოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ შრომის კოდექსი წარმოადგინა, პროექტმა გარკვეული ცვლილება განიცადა. იუსტიციის სამინისტრო შეხვდა ბიზნესასოციაციის  წარმომადგენლებს და გარკვეული შენიშვნები გაითვალისწინა. თუმცა, ძირითადი დებულებები მაინც რჩება, რომელზეც კონსენსუსი უნდა შედგეს.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბიზნესმენებთან შეხვედრების შედეგად, შრომის კოდექსის კომპრომისულ ვარიანტთან  ახლოს  ვართ.

„შრომის კოდექსში ცვლილებების რამდენიმე საკითხი რჩება შესათანხმებელი. 3 კვირაა ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს ბიზნესის წარმომადგენლებთან, უცხოელ ექსპერტებთან და კომპრომისთან  ძალიან ახლოს ვართ. ის აჟიოტაჟი, რაც ამ კანონპროექტის ირგვლივ ატყდება ხოლმე დროდადრო, გასაგებიცაა, იმდენად მახინჯი კანონპროექტი დაგვხვდა, მაგრამ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ კომპრომისთან. ბოლომდე  ყველა კმაყოფილი ვერ იქნება,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქით,  პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე მუშაობას მომავალ კვირას განაახლებს.

ცოტნე პაატაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1842
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია