დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
400-მდე მუშა სამუშაოზე აღდგენას ითხოვს
2013/05/13 13:46:25

ქართულ-ეგვიპტური საწარმო „ფრეშ ჯორჯიადან“ 400-მდე მუშა გაათავისუფლეს.

 

ქართულ-ეგვიპტური საწარმო „ფრეშ ჯორჯიადან“ გათავისუფლებულმა მუშებმა ქარხნის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ რამდენიმე დღის წინ აცნობეს და 6 თვის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგენას შეჰპირდნენ, თუმცა მუშებს ამ დაპირების არ სჯერათ.

შეგახსენებთ, რომ „ფრეშ ჯორჯიაში“ საოჯახო ტექნიკას აწარმოებენ. საწარმოში 900-მდე მუშაა დასაქმებული.

„უმიზეზოდ ვარ გათავისუფლებული სამსახურიდან. გამოგვიშვა ქართველმა ადმინისტრაციამ. მაინტერესებს, რატომ გაგვათავისუფლეს. ორ დღეში წადით და დაგიძახებთ 6 თვის მერეო. არ აინტერესებთ, ამ 6 თვის განმავლობაში როგორ ვარჩინო ოჯახი. არანაირი ხელწერილი არ მოგვცეს, გვითხრეს, რომ 6 თვის განმავლობაში დაგვიკავშირდებიან და აღგვადგენენ ეტაპობრივად,“ - ამბობს საწარმოდან გათავისუფლებული ლალი ხაჭაპურიძე.

„მივყავდით ჩამოყვანილი არაბების სახლებში, დამატებით ხელფასს არავინ გვიხდიდა და მათ მიერ დაქირავებული ბინების დასალაგებლად გვიშვებდნენ. გვეუბნებოდნენ, ჩვენ გიხდით ხელფასს და ვალდებული ხართ, ესეც გააკეთოთო,“ - განმარტავს „P.S.“-თან  ნანული ჯუღელი.

აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი მიშა ჭავჭანიძე შეხვდა, მან მუშებს განუცხადა, რომ ისინი დროებით გაუშვეს:

„არ გაუთავისუფლებიათ ეს ხალხი საწარმოდან, საიდან მოიტანეთ?! ისინი დროებით გაუშვეს. მე არ ვარ უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილებაზე, გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მიხეილ თიგიშვილი, რომელიც 2 საათში მოვა ადგილზე და გაგესაუბრებათ.“

აქციაზე მოვიდა და მუშებს შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე. ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც უმრავლესობის მხრიდან.

„უკანონობა ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა ხელშეკრულება არ მისცეს ამ ხალხს. არც ერთ ადამიანს ხელშეკრულება ხელში არა აქვს. 400 კაცი გამოყარეს ახლა სამსახურიდან. აქ ირღვევა კანონმდებლობა და ადამიანთა უფლებები, დაწერონ ამათ განცხადება, შემოიტანონ  შესაბამის კომიტეტში და ჩვენ განვიხილავთ ამას,“ - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. 

„ფრეშ ჯორჯიას“ ქართული წარმომადგენლობის დირექტორმა მიხეილ თიგიშვილმა  აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება გამართა და მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მუშებს შეხვდა. მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გელა გაბადაძე, ქუთაისის საკრებულოს წევრი მამუკა მღვდელაძე და პროფკავშირების იმერეთის წარმომადგენლები.

თიგიშვილი საწარმოდან გათავისუფლებულ მუშებს 6 თვის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგენას დაჰპირდა.

„სამწუხაროდ, ინფორმაციამ გაჟონა ჭორის დონეზე. მე ავუხსენი მათ, რომ ესენი მიდიოდნენ დროებით შვებულებაში და 6 თვის მანძილზე ისევ გამოცხადდება სხვადასხვა წარმოებაში ადგილი და ეტაპობრივად დასაქმდებიან. რაც შეეხება არაბებთან მუშაობას სახლების დასუფთავებაზე, სისულელეა, მე ასეთ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ,“ - ამბობს მიხეილ თიგიშვილი.

შეხვედრის შემდეგ გავესაუბრეთ აქციის მონაწილეს და მოვისმინეთ მისი შეფასება მიღებული გადაწყეტილების შესახებ.

ლევან აბდალაძე: „ერთი თვე მოვიცდით, როგორმე გავძლებთ. ვნახოთ, რა როგორ მოხდება, ჩვენთვის ძალიან ძნელია, 6 თვე ვერ მოვიცდით, ჩვენს უკან ოჯახები დგას და ათასი პრობლემაა. თუკი არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა, იძულებული ვიქნებით, სხვა ზომებს მივმართოთ.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1868
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია