დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უფლებადამცველები სექსუალური უმცირესობების აქციის ჩაშლას გეგმავენ
2013/05/09 14:37:07

უფლებადამცველები 17 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ დაგეგმილი აქცია-ფლეშმობის ჩატარებას არ დაუშვებენ. ამის შესახებ უფლებადამცველმა გიორგი გაბედავამ frontnews–ის პრესკლუბში განაცხადა.

ამასთან დაკავშირებით ხვალ, 10 საათზე, სასტუმრო „რედისონთან“ უფლებადამცველები საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის მიზეზი სასტუმრო „რედისონში“ დაგეგმილი საგანგებო პრესკონფერენციაა, სადაც „იდენტობა“ 17 მაისს დაგეგმილი აქციის პრეზენტაციას გეგმავს.

„მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებებს ვიცავ, კატეგორიულად მიუღებელია 17 მაისს რუსთაველის გამზირზე არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ აქციის ჩატარება. ჩვენთვის მიუღებელია სექსუალური უმცირესობების მიერ ფლეშმობის გამართვა, რადგან ეს არის აშკარა პროპაგანდა და არა – მშვიდობიანი აქცია,“ – განაცხადა გიორგი გაბედავამ.

მისივე თქმით, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, დილის 10 საათზე რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მანიფესტანტები შეიკრიბებიან და არ დაუშვებენ სექსუალური უმცირესობების მიერ აღლუმის გამართვას.

„ჩვენ საშუალებას არ მივცემთ, პარლამენტის შენობის წინ ფლეშმობი ჩაატარონ, ამიტომ იძულებულნი გახდებიან, გზის სავალი ნაწილი დაიკავონ, რაც კანონდარღვევაა და შესაბამის ზომებს სამართალდამცველები მიიღებენ,“- განაცხადა გიორგი გაბედავამ.

ა/ო „იდენტობამ“ 17 მაისის აქციაზე დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქციის მნიშვნელობაზე საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით ისაუბრა.

„საქართველოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის პრობლემაზე ყურადღების გამახვილების მიზნით, ლგბტ აქტივისტები, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია „იდენტობა“ და ადამიანის უფლებადამცველი სხვა ორგანიზაციები 2013 წლის 17 მაისს, 13:00 საათზე გეგმავენ აქცია-ფლეშმობს საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან. 13 საათსა და 30 წუთამდე ცისარტყელას ფერების მაისურებში ჩაცმული ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები მდუმარედ გამოხატავენ მათ წინააღმდეგობას დისკრიმინაციისა და ლგბტ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ. მდუმარე აქცია მხოლოდ 30 წუთს გაგრძელდება,“- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

იქვე აქციის მონაწილეთა ქცევის კოდექსში ნათქვამია, რომ მონაწილეებს, შეურაცხყოფის შემთხვევაშიც კი, ეკრძალებათ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან დისკუსიაში შესვლა, ასევე ეკრძალებათ აქციაზე ბასრი საგნებით, ბოთლებითა და ხელჯოხებით მისვლა.

ორგანიზაცია წერს, რომ აქციის დროს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა არ იგეგმება და ამ მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა აქციის ყველა მონაწილისთვის.

2012 წლის 17 მაისის იმავე შინაარსის მატარებელი აქციის დასასრულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია თბილისის მერიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებებს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებს.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 17 მაისს ა/ო „იდენტობის“ მიერ მოეწყო აქცია/მსვლელობა, რის შესახებაც მერიას გაფრთხილებით მიმართა და დაგეგმილი ღონისძიებები და მარშრუტი აცნობა, თუმცა აქციის მსვლელობას ხელი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის საზოგადოების წევრებმა შეუშალეს.

აღნიშნული საზოგადოების წევრებსა და მსვლელობის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ მსვლელობის მონაწილეები იცავდნენ კანონის მოთხოვნებს, ვიდრე ისინი არ მიუახლოვდნენ რუსთაველის გამზირზე მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიას.

საია ასკვნის, რომ სახელმწიფომ  მოქალაქეების დაცვის პოზიტიური ვალდებულება ვერ შეასრულა, რის შედეგადაც დაირღვა ლგბტ ადამიანების უფლებები.

2012 წლის 17 მაისს პოლიცია დაპირისპირებული მხარეების გაშველებით და ა/ო „იდენტობის“ წევრებისა და აქტივისტების დაკავებით შემოიფარგლა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1570
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია