დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის ვეტო
2013/04/29 12:29:25

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 23 აპრილს პარლამენტის მიერ მიღებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განმარტა, სააკაშვილს შენიშვნა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით აქვს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა კი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ცდილობს, ამით მართლმსაჯულების რეფორმა შეაფერხოს.

 

ანდრო ბარნოვის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა, კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და პარლამენტის მიღებულ კანონპროექტებს ვეტო დაადო. პირველი საკითხი შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის ვადამდე  უფლებამოსილების შეწყვეტას. 

„ვეტოს გამოყენებას, ამ შემთხვევაში, საფუძვლად დაედო ის  გარემოება,  რომ   პარლამენტმა                                       უგულვებელყო  ვენეციის  კომისიის    ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული პოზიცია... კომისიის  რეკომენდაციით, იუსტიციის საბჭოების მნიშვნელოვანი ფუნქციაა მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური ზეგავლენისგან. სწორედ აღნიშნული ფუნქციიდან გამომდინარე, არამართებული იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრული განახლების დაშვება,“-განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

ანდრო ბარნოვი ამბობს, რომ პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას საფრთხეს შეუქმნის. საბჭოს ყველა წევრის ვადამდელი გათავისუფლება კი შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ ახალ მთავრობასა და ახალ პარლამენტს, რომელიც მხარს არ უჭერს საბჭოს შემადგენლობასა და წევრებს, მისი ვადამდელი დათხოვნა და ახალი საბჭოთი ჩანაცვლება შეეძლება, რაც საბჭოზე ზემოქმედების ბერკეტია.

გარდა „საერთო  სასამართლოების შესახებ“ კანონისა, პრეზიდენტმა  ვეტოს უფლება გამოიყენა იმ  პროექტთან დაკავშირებითაც, რომელიც ზღუდავს ბრალდებულის  უფლებას, თავად აირჩიოს, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ თუ არა. 

„არსებული პროექტით, ბრალდებულის ნაცვლად, ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს. არასამთავრობო სექტორის აზრით, მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებასთან დაკავშირებით, პროექტი დამატებით რისკებსაც შეიცავს. ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ პრეზიდენტის დასახელებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის განმარტებები მიგვეცა,“ - აღნიშნა ბარნოვმა.

 

პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ გაითვალისწინებს!

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს 1 მაისის სესიაზე დაძლევს.

ირინა იმერლიშვილის განმარტებით, პროცედურა ასეთია:  პარლამენტს  10  სამუშაო დღე აქვს, რათა ან დაძლიოს ვეტო, ან კანონი იმ  სახით მიიღოს, რა სახითაც პრეზიდენტმა გადაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანო კი პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას არ აპირებს.

„პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული შენიშვნებით დასტურდება, რომ პრეზიდენტს, ყოფილ ხელისუფლებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჰყავს ჯიბეში და მისი ხელიდან გაშვება არ უნდა, მაგრამ ეს არ გამოვა,“ - აცხადებს იმერლიშვილი.

მისივე თქმით, სტრასბურგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ ის მიესალმება ამ კანონპროექტებს და ეს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოების შესახებ კანონპროექტებზე ვეტოს დადებით, უბრალოდ, სასამართლო რეფორმის შეფერხებას ცდილობს.

„პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება არის მცდელობა, შეფერხდეს სასამართლო რეფორმა, რადგან ეს კანონპროექტები ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ. დღემდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყვნენ არა არჩეული, არამედ დანიშნული წევრები. მათ მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევდა ღია კენჭისყრით, მათი წარდგენის უფლება კი მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჰქონდა. დღეს შემოთავაზებული ვარიანტით, რომელიც, იმედი გვაქვს, იქცევა კანონად, შემოგვაქვს ფარული კენჭისყრა,“ - განაცხადა იმერლიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტის ვეტო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებზე მოსალოდნელი იყო, ვინაიდან მან ამის შესახებ ჯერ კიდევ  კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა.

„ამიტომ უმრავლესობა ამისთვის მზად ვართ. ჯერ გავეცნობით პრეზიდენტის წინადადებებს. მოგეხსენებათ, ჯერ კენჭი უნდა ეყაროს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ახალ ვერსიას და შემდგომ ძველ ვერსიას. ვეჭვობ, რომ მან რაიმე საყურადღებო შემოგვთავაზოს ისეთი, რასაც ჩვენ გავიზიარებთ, ამიტომ, ვფიქრობ, ამ საკითხზე პარლამენტი წარმატებით დაძლევს ვეტოს,“ - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ქვეყნისთვისაა სასარგებლო და სასამართლოებში მდგომარეობა აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ.

პარლამენტის სპიკერის განცხა-დებით, პრეზიდენტის ერთ-ერთი არგუმენტი არის ის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული, თუმცა ყველასთვის ცნობილია, ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს შეფასება, რომელიც სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს დიდი ხანია, გასაკეთებელი იყო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი კი პრეზიდენტის ვეტოს  სტრასბურგში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის წარმატებულ გამოსვლას უკავშირებს.

„ეს იყო რეაქცია იმ წარმატებულ გამოსვლასა და ვიზიტზე, რომელიც პრემიერ-მინისტრს სტრასბურგში ჰქონდა. მას ერთადერთი ამოცანა აქვს, როგორ გააფუჭოს საქმე,“ - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ  სასამართლო რეფორმა, რომელსაც ცხრა წელია, ქართველი ხალხი ელოდება, ერთი კვირით დაგვიანდება.

იუსტიციის მინისტრს კი, როგორც აღმოჩნდა,  „პრეზიდენტის ვეტო გაუხარდა“. თეა წულუკიანის თქმით, პრეზიდენტმა არ იცრუა, როდესაც ოქტომბერში განაცხადა, რომ საკუთარ ხალხს ოპოზიციაში ჩაუდგა.

„ეს ვეტო გამიხარდა კიდეც... გამიხარდა იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა არასერიოზული მიდგომა ისეთი სერიოზული საკითხისადმი, როგორიცაა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა საქართველოში,“ -  განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „პოლიტმეტრში“.

პრეზიდენტის ვეტოს არასამთავრობო სექტორიც გამოეხმაურა. კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც  ნათქვამია, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა გაითვალისწინეს სხვადასხვა სუბიექტის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი, რითაც გაუმჯობესდა პროექტის თავდაპირველი ვერსია.

„მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესი გაგრძელდება პარლამენტში, რაც, კანონმდებლობის მიხედვით, დამატებით დროსა და პროცედურებს მოითხოვს. კოალიციას მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი რეფორმის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, რაც უდავოდ აძლიერებს სასამართლო ხელისუფლებას და ზრდის მისი დამოუკიდებლობის შესაძლებლობებს. კანონპროექტის დროული ამოქმედება კი მართლმსაჯულების სისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებამ კი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს ეს პროცესი, რაც, პირველ რიგში, სასამართლოს ინტერესებს დააზიანებს,“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებულ ცვლილებას, კოალიციის აზრით, ეს კანონპროექტი მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი ეხება ბრალდებულის ლეგიტიმურ ინტერესს, მნიშვნელოვანია დაცული იქნეს ბალანსი და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმა მხოლოდ პროკურატურის პოზიციაზე არ იყოს დამოკიდებული.

 

უზენაესი სასამართლო - თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევს, სასამართლო მზადაა, ახალი კანონით იხელმძღვანელოს

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე  კუბლაშვილის განცხადებით, თუ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, უზენაესი სასამართლო მზადაა, ახალი კანონით  იხელმძღვანელოს. კუბლაშვილის თქმით, საბოლოო ვარიანტში ვენეციის  კომისიის რეკომენდაციები ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული. 

„შემოთავაზებულ საბოლოო ვარიანტში, რომელზეც მეც მქონდა კონსულტაციები პრემიერთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, ნაწილობრივ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. თუკი ასეთი პრეცედენტი იქნება, რომ ამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ავტომატურად, ახალი ხელისუფლების მოსვლის გამო, სასამართლოში შეიცვლება რაღაც ან ვიღაც, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება და ყოველი ახალი ხელისუფლება სასამართლოში ისევ შეცვლის ვიღაცეებს. აი, ამის არდაშვებაზე იყო საუბარი, რაც ვენეციის კომისიამ ასევე გაიზიარა. თუმცა ვენეციის კომისიამ ასევე თქვა, რომ გარდამავალ პერიოდში შეიძლება იყოს რაღაც გამონაკლისები და ამ გამონაკლისებით შეიძლებოდა ნაწილობრივ ცვლილებები, მაგრამ ახლა ნაწილობრივი კი არა, თითქმის სრული ცვლილებებითაა წარმოდგენილი,“ - აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის  ვეტოს დასაძლევად მხოლოდ 89 დეპუტატის ხმა სჭირდება, რაც პრობლემა არც ამჯერად უნდა იყოს „ქართული ოცნებისათვის,“ რადგან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პრეცედენტი უკვე იყო ამნისტიისა და პოლიტპატიმრების შესახებ კანონის მიღებისას.

 

 

ცოტნე პაატაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია