დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ჭიაკოკონობის" დღეს რომ არ დაჯარიმდეთ...
2013/04/27 00:04:42

გარემოს დაცვის სამინისტრო ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდებს აფრთხილებს, რომ მეორადი საბურავების დაწვის შემთხვევაში ისინი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება გარემოს დაბუნძურებას იწვევს.
"საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს აღინიშნება ე.წ. ჭიაკოკონობა. ქალაქის სხვადასხვა უბნებში ინთება კოცონები და საწვავ მასალად უმეტესად გამოიყენება მეორადი საბურავები, ფოთლები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას. მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. დამაბინძურებლები, რომლებიც წარმოიქმნება წვის ნებისმიერი პროცესის დროს, უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე.
განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავი, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და მისი წვის შედეგად გამოთავისუფლდება მთელი რიგი მაღალტოქსიკური დამაბინძურებლები. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.
მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს. 1 ტონა მცენარეული ნარჩენის ბოლი გამოყოფს 9 კგ მიკრონაწილაკს. ისინი ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ეგრეთ წოდებულ "სმოგს"; ნიადაგის ზედა ფენაში კი მძიმე მეტალების შემცველობა 1,5-2 ჯერ იზრდება.
ხშირად კოცონში ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც. პოლიეთილენის პაკეტის, პლასტიკური ბოთლის და მსგავსი ნარჩენების წვის დროს წარმოიქმნება მთელი რიგი ტოქსინები, ხოლო ქლორთან ურთიერთქმედების შემთხვევაში ატმოსფეროში გამოიყოფა დიოქსინები. ყოველივე ეს იწვევს იმუნური სისტემის დათრგუნვას, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევას, ღვიძლის დაზიანებას. აგრეთვე, კავშირშია ონკოლოგიურ დაავადებებთან.
ჭიაკოკონობა უმეტესად მოზარდების გასართობია. ისინი აგროვებენ საწვავ მასალას და შემდეგ დიდ დროს ატარებენ ცეცხლთან, რაც მათი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშია. ბავშვები, ფილტვის განსაკუთრებული აგებულებისა და უფრო ხშირი სუნთქვის გამო, ღებულობენ მავნე ნივთიერებების 6-ჯერ მეტ დოზას, ვიდრე ზრდასრული ადამიანები.
გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ მეორადი საბურავების ღია წესით დაწვა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ჯარიმდება 400-დან 600 ლარამდე ოდენობით.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ყოველივე ზემოაღნიშნული, ნუ მიაყენებენ ზიანს გარემოს და ნუ შეუქმნიან საფრთხეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია