დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„დნნ... დშნ“-ს სახლს ართმევენ...
2013/04/22 12:30:07

აქვთ თუ არა ყოფილნაციონალებსკავშირი უკანონო გარიგებასთან?

 

 

ქუთაისში, რუსთაველის გამზირის 75 ნომერში მდებარე სახლი, წლებია, რაც დავის საგანია. ზვიად ამყოლაძე და გიორგი ჯავახაძე სახლთან დაკავშირებით ერთმანეთს სასამართლოში   დაუპირისპირდნენ. სახლის ერთ-ერთი მეპატრონე, ზვიად ამყოლაძე, რომელსაც ქართველი ტელემაყურებელი პოპულარული მუსიკალური პროექტიდან „დნნ...დშნ“-ს კოლორიტული სახელით იცნობს,  „P.S.“-ის რედაქციას დაუკავშირდა და მისი მემკვიდრეობის გარშემო განხორციელებული პრობლემის შესახებ გვიამბო. მან არაერთი დოკუმენტიც წარმოადგინა. 

ზვიად ამყოლაძე: „დედისგან დამრჩა სახლი, რომელიც საჯარო რეესტრში ჩემი დიდი ბაბუის - შალვა მოსეს ძე ლოსაბერიძის სახელზეა რეგისტრირებული. იმის გამო, რომ სრულწლოვანი არ ვიყავი, ვერ შევძელი, ზემოთხსენებული სახლი ჩემს სახელზე დამერეგისტრირებინა. 2004 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სრულწლოვანი გავხდი, გადავწყვიტე, სახლი გამეფორმებინა, მაგრამ „უქიმერიონის“  მუნიციპალიტეტის მაშინდელმა თანამშრომელმა კახა ნემსიწვერიძემ არ მომცა ცნობა პირადობის მოწმობის მისაღებად. თუმცა გარდაცვლილი დედის პენსიას ამ მისამართზე ვიღებდი 1995 წლიდან. ასევე იყო 1993 წლის 24ივნისის ?228 ცნობა, გაცემული „უქიმერიონის“ მუნიციპალიტეტის მიერ ჩემი ბაბუის სახელზე, რომ ის ცხოვრობდა ამ მისამართზე და მისი ოჯახი შედგებოდა 4 წევრისგან, მათ შორის ერთ-ერთი მე ვიყავი. 2005 წლის 25 ივლისს,  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის  ნათესაური კავშირი ჩემსა და შალვა ლოსაბერიძეს შორის. ამის საფუძველზე, 2005 წლის 18 აგვისტოს მივიღე სამკვიდრო მოწმობა. ამის აღების შემდეგ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა, დავით რუხაძემ დამაკისრა მიწისა და ქონების გადასახადი, რომლის გადახდაც არ მეკუთვნოდა.

 2006 წლის 18 ივლისს განცხადებით მივმართე საჯარო რეესტრის სააგენტოს, რათა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე  მოეხდინა საცხოვრებელი სახლის აღრიცხვა საკუთრების უფლებით  ჩემს სახელზე. მაგრამ იმავე წლის 20 ივლისს საჯარო რეესტრის უფროსმა ხათუნა ბურჯანაძემ ჩემს განცხადებაზე უარი მითხრა იმ საფუძვლით, რომ ამავე საცხოვრებელზე დასაკუთრების უფლებით რეგისტრაციას მოითხოვდა მოქალაქე გიორგი ჯავახაძე.

როგორც გავარკვიე, წყალტუბოს რაიონში მცხოვრებმა გიორგი ჯავახაძემ ქუთაისის თვითმმართველობის ტერიტორიული მართვის „უქიმერიონის“ მუნიციპალიტეტის თანამშრომელ  კახა ნემსიწვერიძისგან  მიიღო ცნობა, თითქოს გიორგი ჯავახაძე ცხოვრობდა ფარნავაზ მეფის პირველ ნომერში და ამ ცნობის საფძველზე მოახდინეს პირადობის მოწმობის აღდგენა. მაგრამ აღნიშნული მისამართი საჯარო რეესტრში არაა რეგისტრირებული. დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, ქუჩა იწყება ფარნავაზ მეფის 3 ნომრიდან. ჯავახაძემ აღძრა სარჩელი ჩემს წინააღმდეგ. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე, ის ამბობდა, რომ ფარნავაზ მეფის 1 ნომერს ფლობდა. მეგონა, სასამართლოს ვერ მოატყუებს და არაფერი გაუვა სიმართლესთან-მეთქი, მაგრამ სასამართლომ გამწირა. არ შეამოწმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისე დაადასტურა, რომ გიორგი ჯავახაძე ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე. აქედან გამომდინარე, მოსამართლეებმა: ანა ღელეყვამ, ირაკლი ლეკვეიშვილმა და თამარ ბურჯანაძემ იგნორირება გაუკეთეს ჩემს კანონიერ მოთხოვნას და, კანონმდებლობის უხეში დარღვევით, სახლის ნაწილი მიაკუთვნეს გიორგი ჯავახაძეს, რომელსაც არასოდეს უცხოვრია ამ მისამართზე და ამის დასადასტურებლად ელემენტარული კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და ნასყიდობის თანხის გადახდის დოკუმენტებიც კი არ წარმოუდგენია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვითხოვდი, სასამართლოს ადგილზე დათვალიერებით შეესწავლა საკითხი, რაც თვალნათლივ დაანახებდა მოსამართლეს, რომ სახლის ის ნაწილი ამოქოლილი მაქვს, ვინაიდან საცხოვრებლად უვარგისია, მაგრამ მათ იგნორირება გაუკეთეს ჩემს კანონიერ მოთხოვნას.

 

მოსარჩელე აპელირებდა  1935 წლის 30 მაისის ნასყიდობის პირობაზე, რომელიც არ არის იურიდიული ძალის. რადგან ამ დოკუმენტებზე მითითებულ რეკვიზიტებში ხელს არ აწერს არც ჯავახაძე და არც სხვა დამსწრე პირი. ასეც რომ იყოს, გარიგება ითვლება პირობით დადებულად, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო ან უცნობ მოვლენებზე იმით, რომ გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ან გარიგების შეწყვეტა - ამ მოვლენის დადგომისთანავე, ასეთ გარიგებაზე კი ჯავახაძე არაფრით არ მისცემდა თანხმობას ბაბუაჩემს, რადგან, ბინა თუ ჰქონდა, ან ყიდულობდა, რა რჯიდა, რომ გადასახადი გადაეხადა და ეს არ დაედასტურებინა სანოტარო წესით?

იმ დოკუმენტს, რაც წარმოადგინეს, უნდა ჩატარებოდა კალიგრაფიული ექსპერტიზა  და ასევე ექსპერტიზა - სიძველის დასადგენად, რაც დაამტკიცებდა, რომ საქმე გვქონდა თაღლითობასთან! მაგრამ სასამართლომ ეს დოკუმენტი საკმარისად ჩათვალა და მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ 2010 წლის 13 აგვისტოს მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება. რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეს არც კი წაუკითხავს საქმის მასალები, იმდენად არის შეძრული ჯავახაძის დახმარების წყურვილით და მისი თანადგომით. მან გადაწყვეტილება ააგო მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობაზე.  მოსამართლე ყველა მხრივ მიკერძოებული იყო, რადგან არ იქნა ჩემს მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება განხილული. ასევე, მხოლოდ მოსამართლე კი არ იყო დაინტერესებული ჩემთვის ქონების ჩამორთმევით, არამედ - საქმეზე სხდომების უცვლელი მდივანი ხათუნა უჩაძეც, რომელმაც არაერთხელ შეატყობინა  მოსარჩელეს   სხვადასხვა გარემოების შესახებ, იმ დროს, როდესაც ეს მისი მოვალეობა არ  არის, ხოლო აგრესიას ჩვენს მიმართ არასდროს მალავდა.

არაერთ ინსტანციას და უწყებას  ვთხოვე დახმარება, საჩივრით მივმართე მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს. იმედი მაქვს, რომ ამ დროში მაინც ვიპოვი სიმართლეს და  სახლის კუთვნილ ნაწილს დავიბრუნებ, საიდან გამოსახლებითაც მემუქრებიან.“ 

გიული ლოლომაძე კი, რომელიც ზვიად ამყოლაძის მამამობილს უწოდებს თავს და რომელიც აღნიშნულ სახლში ზვიად ამყოლაძესთან ერთად ცხოვრობს, აცხადებს, რომ ჯავახაძეებს ამ მისამართზე, როგორც საკუთარ სახლში, არასოდეს უცხოვრიათ. წლების წინ ჯავახაძეები მდგმურად შესახლდნენ ზვიადის ბაბუას სახლში, შემდეგ კი, როდესაც სახლის ერთ-ერთი მფლობელი დაობლდა, ჯავახაძეები შეეცადნენ, მისი მარტოობით ესარგებლათ და სახლის ნაწილს დაპატრონებოდნენ. მისივე განცხადებით, ამ საქმის ჯავახაძეების სასარგებლოდ მოგვარებაში დიდი წვლილი მიუძღვის კახა ნემსიწვერიძეს, რომელიც 2006 წელს „უქიმერიონის“ მუნიციპალიტეტში მუშაობდა და რომელმაც კანონდარღვევით ჩაწერა ჯავახაძე არარსებულ მისამართზე (ფარნავაზ მეფის 1 ნომერი).  პირადობის მისაღებად მისულ სრულწლოვან ზვიად ამყოლაძეს კი უარი უთხრა, რის გამოც ამყოლაძე წყალტუბოში, მამის დანატოვარ სახლში ჩაეწერა. გიული ლოლომაძე აღნიშნავს, რომ ქალაქში მსგავსი სხვა ფაქტები, როდესაც გარკვეული თანამდებობის პირები იმ სახლებს, რომელთაც პატრონი არ ჰყავდა, ან თუ ჰყავდა - ხანდაზმული, ან მცირეწლოვანი და დახმარებას არავინ აღმოუჩენდა, უკანონო გზით ასხვისებდნენ. როგორც ჩემმა რესპონდენტმა აღნიშნა, მაგალითად, მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა ქუთაისში, სარაჯიშვილის ?25-ში, როდესაც მარტოხელა მოხუცებული ქალის სახლი სხვას მიაკუთვნეს.

იმის დასადგენად, მართლა ცხოვრობდნენ თუ არა ჯავახაძეები რუსთაველის 75 ნომერში, ზვიად ამყოლაძის მეზობლებს გავესაუბრე.

ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც მიზეზთა გამო ვინაობა  არ   დაგვისახელა,   უკმაყოფილება   არ   დამალა  და  ბრალი თავად ზვიად ამყოლაძეს წაუყენა, უშვერი სიტყვებითაც მოიხსენია და აღნიშნა, რომ ჯავახაძეები ამ მისამართზე წლები ცხოვრობდნენ, ამყოლაძე და მისი მამობილი კი თავად არიან მტაცებლები და მესაკუთრეს სახლი ჩაუკეტეს. მან ისიც აღნიშნა, რომ წლების წინ ზვიადს პატრონობდა და ეხმარებოდა, ახლა კი ზვიად ამყოლაძე, როგორც მეზობელი, მისთვის მკვდარია.  მისი თქმით, დაპირისპირების მიზეზი აღნიშნულ მისამართთან დაკავშირებით ჩატარებული სასამართლო პროცესია, სადაც მან, მეზობელმა, ?75-ში ჯავახაძეების ცხოვრება დაადასტურა, ამან ამყოლაძის გაბრაზება გამოიწვია, რასაც მეზობლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

გიული ლოლომაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ მეზობელსა და ჯავახაძეებს შორის ნათესავური კავშირი იკვეთება, რაც მათი დაინტერესების მიზეზს ნათელს ხდის.

მეორე მეზობელი, ნათელა კუხიანიძე კი ამბობს, რომ ის ამ უბანში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ჯავახაძეების იქ ცხოვრების შესახებ არასოდეს გაუგია. ასევე აცხადებს, რომ იმ სახლში ყოველთვის დალი ლოსაბერიძე (ზვიად ამყოლაძის დედა) ცხოვრობდა და სახლიც ყოველთვის ერთ ოჯახს ეკუთვნოდა, სხვა ინფორმაცია მას არ აქვს. 

საქმეში უკეთ გასარკვევად გიორგი ჯავახაძეს დავუკავშირდით და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ. მან დღის ბოლოსათვის დაგეგმილი ჩვენი შეხვედრა მოგვიანებით გააუქმა. მიზეზად თქვა, რომ სოფელში იმყოფებოდა და შეხვედრას ვერ შეძლებდა. სატელეფონო საუბარში კი აღნიშნა:

„რა პრობლემაა ამ მიწასთან დაკავშირებით? ის ჩემი ოჯახისაა 1935 წლიდან. მამაჩემმა შეიძინა შალვა ლოსაბერიძისგან. რა უნდათ ამყოლაძეს და მის მამობილს, თუ ვიღაცაა, რვა წელია, ხომ შემაღონეს! ამ საკითხზე სასამართლოს დასკვნა არსებობს, რითაც ყველაფერია გარკვეული.

 - თქვენი მოსარჩელე ამბობს, რომ სასამართლოზე თაღლითობას ჰქონდა ადგილი, რის გამოც მისი კუთვნილი მიწა თქვენ მოგცეს. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- რა თაღლითობა? თაღლითები ეგენი თვითონ არიან, მე მაგ სახლში ვცხოვრობდი და ყველანაირი დოკუმენტი მაქვს, სადავო კი არაფერია, თავი დამანებონ.

 

***

სახლის ის ნაწილი, რომელიც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯავახაძეს მიეკუთვნა, ამ დროისათვის ამორტიზებულია და მასში ცხოვრება შეუძლებელია.

მართლა მოხდა თუ არა 2006 წელს „უქიმერიონის“ თანამშრომლის, აწ უკვე ყოფილი „ნაციონალის“ მიერ კანონდარღვევა და რატომ სდებს მას ბრალს ზვიად ამყოლაძე, ამის დასადგენად კახა ნემსიწვერიძეს მივმართეთ. მან მომჩივანი სახელით და გვარით ვერ გაიხსენა, მაგრამ „დნნ... დშნ...“-ს ხსენებისას უმალვე მიხვდა, ვიზეც იყო საუბარი:

„უი, მაგაზე ამბობთ? როგორ არ ვიცნობ, სახლშიც ვარ მაგასთან ნამყოფი, ბიბლიოთეკაში მიგვიწვია ერთხელ, რატომ არ მივცემდი ცნობას, მით უმეტეს, რომ ყოველთვის ვეხმარებოდით. იმდენი დროა გასული, ვერ ვიხსენებ მაგ საქმეს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კანონიერად მოხდა. თუკი ზვიად ამყოლაძე იმ მისამართზე ცხოვრობდა, რატომ შევუშლიდით ხელს აღნიშნულ მისამართზე ჩაწერაში? პირიქით, ყოველთვის ვუწევდით დახმარებას. სხვა, გასული ხანგრძლივი დროის გამო, არც კი ვიცი, რა გითხრათ,“ - აღნიშნა კახა ნემსიწვერიძემ.

თუმცა, კახა ნემსიწვერიძის განცხადების საპირისპიროდ - თითქოსდა, ადგილობრივი მთავრობა ყოველთვის უწევდა დახმარებას ზვიად ამყოლაძეს, მისი მამობილი გიული ლოლომაძე აცხადებს, რომ მთავრობას არასოდეს აღმოუჩენია დახმარება, პირიქით - ქალაქის ყოფილი მერის, გია თევდორაძის წყალობით, ზვიად ამყოლაძეს კუთვნილი 400-ლარიანი დახმარებაც კი არ მიუღია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1714
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია