დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ოქროს მოწმე“ დუმილს დაარღვევს?
2013/04/22 12:29:31

რატომ გაუჩნდანაცმოძრაობისელიტას ახალაიებისგან დისტანცირების სურვილი

 

 

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილემ დათა ახალაიამ სოციალური ქსელით დუმილი დაარღვია და ყველაფერში სააკაშვილის ხელისუფლების ხერხემლად წოდებული ვანო მერაბიშვილი დაადანაშაულა. დუმილის დარღვევას კი, იმავე სოციალურ ქსელში, მეორე წერილი მოჰყვა, რომელსაც პირველის საწინააღმდეგო შინაარსი აქვს. 

 

„საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს  ძმასთან -    ბრძოლას    გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა,“ - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია. ის პირველ წერილში ასევე ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებებიც გააჩნია, აპირებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს და პასუხისმგებლობას არ გაურბის.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობები ჩვენ ქისტ  ძმებთან  და  რეალური   საშიშროების    წინაშე  დააყენა  ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი,“- აცხადებს დათა ახალაია.

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვანო მერაბიშვილს ციხის  კადრების  მომზადებასა  და  საზღვარგარეთ უსაფრთხო მარშრუტირების  უზრუნველყოფაშიც ადანაშაულებს, როგორც სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ არა ვანო მერაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში.

პირველი წერილის შემდეგ, დათა  ახალაიას სახელით,  სოციალურ ქსელში  კიდევ ერთი  განცხადება გავრცელდა, რომელიც 15 აპრილს გავრცელებული წერილის საწინააღმდეგოა და ნათქვამია, რომ პირველი წერილი დათა ახალაიას არ ეკუთვნის.

მეორე განცხადებით ახალაია ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოსვლა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, განსაკუთრებით - იმაზე, თუ როგორ გეგმავდა ამჟამინდელი ხელისუფლება 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში სამოქალაქო ომს და რა კავშირში იყო ეს ყველაფერი რუსეთის ხელისუფლებასთან. პირველი წერილის მსგავსად, ახალაიას ახალი მთავრობის საწინააღმდეგო მტკიცებებულები ისევ გააჩნია.

 

რომელი განცხადება ეკუთვნის დათა ახალაიას?! 

დათა  ახალაიას  ადვოკატის  ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით  სოციალურ ქსელში  გავრცელებული  მეორე  განცხადება პირველის (15 აპრილის წერილის) შეგნებულად გასაბათილებლადაა გავრცელებული.

„ჩემდამი მონიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ  16 აპრილს „ფეისბუქით“ გავრცელებული განცხადება, რომელშიც დავით ახალაია ბრალს სდებს ივანე მერაბიშვილს  საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ განხორციელებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივ ქმედებებში, ნამდვილად ეკუთვნის დავით ახალაიას,“ - ამბობს ირაკლი ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება ახალაიას ოჯახს, ოფიციალური განცხადებები მათ არ გაუკეთებიათ, თუმცა ამ ბოლო დროს მედიაში უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ახალაიები  მერაბიშვილს დაუპირისპირდნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანს ბაჩო ახალაიას  დაუხმარებლობაში  ადანაშაულებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“  გენერალურ მდივანს და სააკაშვილის ხელისუფლების „ხერხემლად“ წოდებულ ვანო მერაბიშვილს პარტიის კიდევ ერთი ცნობილი და აქტიური სახე, ამჯერად უკვე ყოფილი წევრი  მარიკა ვერულაშვილიც დაუპირისპირდა და ყველაფერში ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი დაადანაშაულა. 

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის  განცხადებით,         „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტიის კრახი საპარლამენტო არჩევნებში მერაბიშვილის დამსახურებაა.     

„დღესაც ვთვლი და მაშინაც ვთვლიდი, რომ მერაბიშვილის გვერდში დგომა დანაშაულია,“ - განაცხადა მარიკა ვერულაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი  კი მიიჩნევს, რომ მისმა მეგობრებმა   ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლეს.

„შეიძლება ხვალაც, ზეგაც, ოღონდ ამ შემთხვევაში იქნება ძალიან ცოტა ადამიანი, ვინც ჩვენთან იდგა წლების განმავლობაში და, შეიძლება, ვერ გაუძლოს სხვადასხვა ცდუნებას, ზეწოლას, დაშინებას, შანტაჟს,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა.

მერაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების მხრიდან ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს  და ახალაიას პირველი წერილის უარყოფას კი მოჰყვა პრეზიდენტის გასაოცარი განცხადება „რუსთავი 2“-ის ტელეეთერში, რომ ის დათა ახალაიას, პრაქტიკულად, არც კი იცნობდა.

საზოგადოებაში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ახალაიები გაწირა.

 

ნაციონალური მოძრაობისხელისუფლების  ანატომია 

 

დათა ახალაიას პირველმა წერილმა და მარიკა ვერულაშვილის განცხადებებმა საზოგადოებაში მაშინვე გააჩინა კითხვა    „ნაციონალური პარტიის“ ლიდერებს შორის დაპირისპირებზე.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი ამბობს, რომ შიდა დინებები „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის იყო, მაგრამ, რადგან ხელისუფლებაში იყვნენ, ყველას ჰყოფნიდა სივრცე, საიდანაც სარგებელს იღებდა, ამიტომ ერთმანეთთან მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ.

„ეს ვიზუალურად, თორემ შიგნით დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა ფინანსური რესურსების თუ გავლენის სფეროების ხელში ჩასაგდებად. დღევანდელი დაპირისპირება სწორედ იმან გამოიწვია, რომ ვიღაცას ჰქონდა მეტი, ვიღაცას უფრო მეტი და ვიღაცას ამბიცია აწუხებდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის არსებობდა ვანო მერაბიშვილის ფრთა, ბოკერია-უგულავას „თავისუფლების ინსტიტუტის“ ფრთა, ანუ ე.წ. ლიბერალები და, იმავდროულად, მერაბიშვილისგან გამოკვეთილი ის ჯგუფი, რომელიც გაძლიერდა და გაუჩნდა ამბიცია, იმდენივე რესურსი გაეკონტროლებინა, რამდენსაც მერაბიშვილი და ადეიშვილი აკონტროლებდნენ,“- აცხადებს კახიშვილი და ახალაიას სწორედ ასეთ ფიგურად მიიჩნევს. „ახალაია გახდა ფიგურა, რომელმაც ჩათვალა, რომ ბევრი გააკეთა პარტიისთვის და გაუჩნდა ამბიცია ისეთივე გავლენის მოპოვებისა, როგორიც მერაბიშვილს და ადეიშვილს ჰქონდა,“ - აღნიშნა კახიშვილმა.

კახი კახიშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“  ამჯერად  თავი  ახალაიებისგან გაიმიჯნა.

„მასთან სასამართლო პროცესზე მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი დადის, ისიც - პირადი, მეგობრული კონტაქტების გამო.

„ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ორგანიზაციას, ახალაიას დასაცავად ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. პარტიის ორ კორდინატორს რომ დაიბარებენ ფინანსურ პოლიციაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ბრიფინგს მართავს. ახალაიაზე  ერთი სიტყვა არ უთქვამს. ფაქტია, მას ახალაიებისგან დისტანცირების სურვილი აქვს. ამით იმის დემონსტრირება უნდა, თითქოს ყველაფერი, რაც საქართველოში ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა – ხისტი პოლიტიკა, ბოროტება, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს უკავშირდება – სამ ახალაიას და, სავარაუდოდ, ადეიშვილს,“ – აღნიშნა მან.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის ჩამოვა დათა ახალაია საქართველოში, ან იქნება თუ არა  „ოქროს მოწმე“ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, თუმცა ერთი რამ ადვილი მისახვედრია  - თავისი თანამდებობრივი კარიერიდან გამომდინარე, ახალაიების ოჯახს, შესაძლოა, წონადი კომპრომატები ჰქონდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და უარს არ იტყვიან ახალი ხელისუფლებისათვის ამ კომპრომატების „გაზიარებაზე,“  თუკი ეს მათ მდგომარეობას შეამსუბუქებს. ასე, რომ „კომპრომატების ომი“, შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს.

 

ცოტნე პაატაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1524
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია