დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დევნილთა გრძელვადიანი განსახლება მაისიდან დაიწყება
2013/04/22 12:27:49

დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე იმერეთის რეგიონში დევნილთა განსახლების საპილოტე პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრი თავად დაესწრო ანკეტირების პროცესს, რომელიც 19 მარტიდან დაიწყო. საუბარია იმერეთის რეგიონში, კერძოდ ქუთაისში, წყალტუბოში, სამტრედიასა და ტყიბულში დევნილებისათვის საცხოვრებელი ბინების გადანაწილებაზე.

 

კრიტერიუმები იგივე ქულების სისტემაა, რომელიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, პრიორიტეტი ენიჭება. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები.

დავით დარახველიძე 16 აპრილს ქუთაისში მცხოვრებ დევნილთა ნაწილს შეხვდა და მათ პრობლემებსა და მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გაეცნო.

ლუდმილა ჟორჟოლიანი, დევნილი: „რა თქმა უნდა, იმედი მომეცა, რომ საცხოვრებელ ფართს მივიღებ. ანკეტირება მიდის ძალიან კარგად. დეტალურად მოწმდება ყველაფერი, რომ არ მოხდეს დარღვევები და ისეთი ხალხი არ წავიდეს ჩვენზე წინ, ვისაც ძალიან არ უჭირს. ანკეტების შევსების მსურველთა დიდი რიგი დგას. ხდება უკმაყოფილებები, მაგრამ აქ მომუშავე პერსონალი ყველას გვეხმარება ანკეტის შევსებისას. პირადად მე კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, თუ პირველ რიგში არა, მართლა ვისაც ძალიან უჭირს, მას შემდეგ მაინც მივიღებ ფართს.“

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, იმერეთის რეგიონში მცხოვრები დევნილებისათვის საცხოვრებელი ბინების განაწილება მაისიდან დაიწყება, იქამდე კი ანკეტები შეივსება. 12 აპრილის მდგომარეობით, სამინისტროში 799 დევნილის განაცხადია შესული. რაც შეეხება თავად დოკუმენტს, განსახლების კრიტერიუმებს, მის შექმნაში მონაწილეობდნენ: საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დევნილთა სამინისტროს სპეციალისტები და დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული სხვა სამინისტროების წარმომადგენლები. თუმცა, ანკეტებში არსებულმა რიგმა კითხვებმა დევნილების უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ისინი აცხადებდნენ, მსგავსი სახის კითხვები მათთვის დამამცირებელია, რაზეც დავით დარახველიძემ აღნიშნა, რომ ეს პროექტი საპილოტე პროექტია, რომლის დახვეწაც მიმდინარეობს, თუმცა უხერხული შეკითხვები იმიტომ არის, რომ დევნილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია შეაგროვონ.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ცოტნე დადიანის სამ ნომერში (ყოფილი პოლიციის შენობა) მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ მისამართზე მოპირკეთებულ საცხოვრებელ ფართს და პირველადი დანიშნულების საოჯახო ტექნიკას 20 ოჯახი მიიღებს.

„ჩვენს ინტერესს წარმოადგენს განსახლების პროექტის თვალყურის მიდევნება, რისთვისაც სამინისტროს წარმომადგენლები   ორი   დღით  ვიმყოფებით დასავლეთ საქართველოში. თითქმის ერთი თვეა, რაც ეს პროცესი დაიწყო ამ რეგიონში. გარდა ამ შენობისა, სამტრედიის რეგიონში გვაქვს ერთი ობიექტი, 84 ოჯახზე გათვლილი. ასევე წყალტუბოსა და ტყიბულში რამდენიმე ათეული ოჯახისათვის. სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ შერჩეული რაოდენობა საცხოვრებლებისა მნიშვნელოვნად ჩამორჩება არსებულ მოთხოვნას. მაგრამ მე მინდა დავამშვიდო დევნილები, მათ განაცხადების განმეორებით შევსება აღარ მოუწევთ. შემდეგი ობიექტების განაწილების დროს პირდაპირ მიიღებენ საცხოვრებელ ფართებს. მეორე ეტაპზე ქუთაისში ფართები იქნება ჭავჭავაძის გამზირზე და ნიკეას ქუჩაზე შერჩეულ ობიექტებში, რადგან ქუთაისი და წყალტუბო არის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილები.“ - განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ. 

 

***

დევნილთა და განსახლების მინისტრის  ორდღიანი ვიზიტი ქუთაისში ხმაურიანი აღმოჩნდა. დავით დარახველიძემ თბილისისა და გორის შემდეგ, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ყოფილი „ცეკავშირის“ შენობაში  დევნილებისათვის განკუთვნილი საოჯახო ტექნიკა აღმოაჩინა. საწყობში, საოჯახო ტექნიკასთან ერთად, ასევე ჩაი და შოკოლადი ინახებოდა.

როგორც დავით   დარახველიძე  ამბობს,    საწყობში   აღმოჩენილი   ტექნიკა  2008 წლის  აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, მინისტრის თქმით, მისთვის უცნობია, ვის ან რას უნახავდნენ აღნიშნულ ნივთებს:  „2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მთავრობამ დევნილთა სამინისტროს 16 მილიონი ლარი გამოუყო. ამ თანხით უწყებამ საოჯახო ტექნიკა შეიძინა და ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურს ჩააბარა. ჩვენს ქვეყანაში დღესაც არიან დევნილი ოჯახები, რომლებსაც ელემენტარული ტექნიკა არ გააჩნიათ. ასე რომ,  საწყობში აღმოჩენილ ტექნიკას სწორედ მათ დავურიგებთ,“ - ამბობს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი  დავით დარახველიძე.

„ცეკავშირის“ ადმინისტრაციაში აღმოჩენილ ტექნიკაზე პასუხისმგებლობას ქუთაისის მერიას აკისრებენ. მერიის საბინაო სამსახურის უფროსის, კახა ხვარეშიას განცხადებით,  2009 წლის დასაწყისში, ქუთაისში 230 დევნილი ოჯახი ჩამოსახლდა. ხოლო სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქში 250 ოჯახი უნდა ყოფილი-ყო. მაგრამ იმის გამო, რომ 30 ოჯახი მალევე გადავიდა თბილისში საცხოვრებლად, დარჩენილი ნივთები დაასაწყობეს და შეინახეს.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, აღმოჩენილ ტექნიკასთან დაკავშირებით გამოძიება მალე დაიწყება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1633
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია