დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როცა ხელისუფლება დუმს
2013/02/11 12:48:41

გასული წლის 20 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, - ბიძინა ივანიშვილის კანცელარიაში შევიდა ჩემი განცხადება: სხვა საკითხებთან ერთად ვთხოვდი, რომ სტალინის დროინდელი პოლიტიკური რეპრესიებისას დაზარალებულებს დაგვხმარებოდა კუთვნილი, შესაფერისი კომპენსაციების მიღებაში, რომლის ოდენობა სტრასბურგის სასამართლომ ორიოდე წლის წინ 4000 ევროთი (დაახლოებით 10 000 ლარი) განსაზღვრა და ვერ მივიღეთ, ვინაიდან სააკაშვილის მოსამართლეები უხეშად არღვევდნენ მისი განხილვის ვადებს.

 

თანაც, სააკაშვილს გაფრთხილებული ჰყავდა მოსამართლეები, რომ არა 10000 ლარი, არამედ მხოლოდ 200-დან 400 ლარამდე მიეცათ თითოეული მათგანისთვის.

იმავე 20 ნოემბერს ანალოგიური განცხადებით მივმართე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.

საქართველოს პარლამენტიდან რვა დღეში გამცეს პასუხი. თუმცა ჩემს მიერ განცხადებაში დასმული 4 საკითხიდან მხოლოდ ერთს უპასუხეს და ისიც - გაურკვევლად. კერძოდ, მიღებულ წერილში წერია:

„ბატონო მევლუდ,

პარლამენტის თავმჯდომარე გაეცნო თქვენს წერილს და გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტში, დავით ბერძენიშვილის ინიციატივით, იხილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების კომპენსაციის საკითხები.“

წერილს ხელს აწერს კაბინეტის უფროსი ბექა მიქაუტაძე.

ასეთი არაფრის მთქმელი და არაფრის მაქნისი პასუხი მე არ მაინტერესებდა, რადგან იმავე პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოდან, როგორც იქნა, ბოლოს და ბოლოს (16 თვის დაგვიანებით), მომივიდა გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, მომეცემოდა 290 ლარი, ნაცვლად 10 000 ლარისა. ანუ ზუსტად იმის ფარგლებში, რამდენადაც სააკაშვილი ცდილობდა ჩვენს გაბაიბურებას. მაგრამ ვინაიდან ახლა სხვები ისხდნენ მთავრობაში, მე განმეორებით მივმართე დავით უსუფაშვილს განცხადებით 2012 წლის 30 ნოემბერს და ვთხოვე, გამოეყოთ საპარლამენტო კომისია განცხადებაში ჩემს მიერ დაყენებული ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად.

დღემდე ამაოდ ველი პასუხს.

თუმცა უკვე აღარც ველი, რადგან 18 იანვარს ტელეფონით ველაპარაკე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსს - ბექა მიქაუტაძეს, და, მიუხედავად ჩემგან ბევრი ახსნა-განმარტებისა (რაც გამომდინარეობდა იქიდან, რომ 50 დღის განმავლობაში ვერ მივიღე მათგან პასუხი), მან მთლად გადამიწურა იმედი, განმიცხადა, რომ „წერილობით პასუხს ვერ მოგცემთ, ასეთი წესი გვაქვს ჩვენო“.

შემდეგ ტელეფონით დავუკავშირდი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომლის აპარატის უფროსმაც იგივე მითხრა. უფრო სწორად, მითხრა, რომ ისინიც ვერ დამეხმარებოდნენ ამ საქმეში.

პასუხი ვერ მივიღე ვერც პრემიერ-მინისტრის კანცელარიიდან, რის გამოც 23 იანვარს პირადად ვესტუმრე მათ. შიდა სატელეფონო ხაზით საუბრისას, იქ მომუშავე ქალბატონმა - ნატალია ბოდოკიამ მითხრა, შენი განცხადება განხილულია და ჩადებულია საქმეში უპასუხოდ, ანუ საქმე დაიხურაო. როცა მე დაჟინებით მოვითხოვე წერილობითი პასუხი, მან გადამამისამართა წერილების განყოფილების უფროსთან - მამუკა ასათიანთან, რომელმაც, ისევე როგორც ბექა მიქაუტაძემ, კატეგორიული უარი განმიცხადა ჩემს განცხადებაში დასმულ საკითხებზე წერილობითი პასუხის გამოგზავნაზე. ასევე არც სიტყვიერად გამცა რაიმე პასუხისმაგვარი. მხოლოდ ერთი მითხრა, რომ „სახელმწიფოს უჭირსო“, ე.ი. 10 000 ლარიანი კომპენსაციის მიღების იმედი რეპრესირებულებს არ უნდა გქონდეთო.

ვცადე, მაგრამ ვერ დავუკავშირდი სამთავრობო კანცელარიის უფროსს - მაია ცქიტიშვილს. როგორც მითხრეს, ის მოქალაქეებს არ ხვდება, ანუ ხალხისთვის არ სცალიაო. მოკლედ, როგორც ვხედავთ, დღევანდელ პარლამენტსა და მთავრობაში, ისევე როგორც წინანდელში, „დაუწერელი კანონები“ მოქმედებენ თურმე.

იმავე დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა ჩემი სარჩელი კომპენსაციის შესახებ და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (290 ლარის მოცემის თაობაზე) უცვლელად დატოვა.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლე მანანა ჩოხელმა 15 წუთში დაამთავრა საქმის გარჩევა და, მიუხედავად იმისა, რომ მე მრავალ საყურადღებო ფაქტზე გავამახვილე მისი ყურადღება, სხდომის მდივანს იქ არაფერი ჩაუწერია.

ახლა ხშირად იძახიან: ესენი სააკაშვილის მოსამართლეებია და მიტომ არჩევენ საქმეებს არასწორადო, მაგრამ, თვითონ რომ საერთოდ არ გცემენ პასუხს, ესეც სააკაშვილის ბრალია?

სააკაშვილი რომ გაიძვერა და ყაჩაღია, ამაზე მე სხვისი სწავლება არ მჭირდება, მაგრამ ნუთუ აქ მარტო სააკაშვილია დამნაშავე? ეგებ, ორივენი ერთად მოქმედებენ დღეს ხალხის გასაღლეტად და ტყუილად გვიჩვენებენ სპექტაკლებს?

ორიოდე დღის წინ ტელევიზიებით არაერთხელ გადმოსცეს, რომ დღევანდელ სამინისტროებსა და სამთავრობო კანცელარიაში უამრავი თანხა რიგდება პრემიების სახითო. მათ შორის - ფინანსთა სამინისტროში, რომელიც მე მოპასუხედ (ანუ მოწინააღმდეგედ) მედგა სასამართლოში და მიმტკიცებდა, ქვეყანას უჭირსო, - მხოლოდ ორ თვეში, უზარმაზარი ხელფასების გარდა, კიდევ 800 000 ლარი გაინაწილეს ზედმეტად. უარესი მომხდარა სამთავრობო კანცელარიაში, სადაც ხელფასებს ზევით, მხოლოდ დეკემბრის თვეში, 20 დღეში, სამჯერ გასცეს თანამშრომლებზე პრემია (თუ დანამატები). მათ შორის სამთავრობო კანცელარიის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა, ხელფასს ზევით, 20 დღეში, 12 390 (თორმეტიათას სამასოთხმოცდაათი) ლარი წაიღო შინ. ასევე უზარმაზარი თანხები ჩაიჯიბეს კანცელარიის სხვა თანამშრომლებმაც. ახლა კი გასაგებია ჩემთვის, თუ რატომ არ სცალია კანცელარიის უფროსს მოქალაქეებთან შეხვედრისთვის. ამდენ ფულს ხომ დათვლა უნდა, შემდეგ - შოპინგები და ხარჯვა.

არ ვიცი, რით დაიმსახურა ამ ხალხმა ასეთი ყურადღება ივანიშვილისგან როცა ელემენტარულ პასუხს ვერ ვიღებ მათგან, რაც უდიდესი სახელმწიფო დანაშაულია. ვინაიდან, წერილს თუ პასუხს არ სცემ, საქმეს ხომ სულ არ გააკეთებ? ან ეგებ ზუსტად იმიტომ აძლევენ მათ ამ არამ ფულს სამთავრობო და სახელისუფლებო სტრუქტურებში ასეთი რაოდენობით, რომ არაფერი გააკეთონ, ანუ პასუხიც არ გასცენ ხალხს? არადა, იმავე სატელევიზიო გადაცემებში, სადაც ამ აღვირახსნილობებზე იყო საუბარი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი აცხადებდა, რომ დღე და ღამე ვმუშაობთო, 19 საათზე კანცელარია არ იკეტება, შაბათ-კვირასაც აქა ვართო.

არც გამიკვირდება ქალბატონი მაიასაგან: მეც რომ თვეში ათასობით ხელფასს მაძლევდნენ და 12-13 ათასამდე პრემიას, შინ რა წამიყვანს?

აი, ასე უჭირს თურმე დღეს ჩვენს სახელმწიფოს! თვითონ ათი ათასობით ლარებს იღებენ თვეში, ჩვენ კი გადასახლების მთელი პერიოდისათვის 290 ლარს გვიწერენ. არადა, ისიც სადაა! მაგ 290 ლარზე მეტი დაგვახარჯვინეს უკვე ამ საქმეების გაჭიანურებასა და სირბილში, ამ ორის წლის მანძილზე.

დამეთანხმებით, ალბათ, რომ ამოდენა თანხებს თანამშრომლებზე ტყუილად არავინ დაარიგებს, თუ მათ რაიმე დანაშაულებრივი საქმეები არ გააკეთეს და ზემდგომებმა მილიონები არ წაიღეს სახლში. ჰოდა, გაუჭირდება სახელმწიფოს, აბა, რა იქნება?

მოკლედ, ვერ გაიგებ, რა გზას დაადგე კაცი! სტრასბურგმა გადაწყვეტილება გამოიტანა, ესენი კი მაინც არ ასრულებენ. ისევ სტრასბურგს რომ მიმართო, იციან მათ, რომ 5-6 წელი ეს საქმე არ გაირჩევა. არადა, ამ ფულის (290 ლარის - 10000-ის მაგივრად!) აღებაც ხომ დიდი შეურაცხყოფაა ადამიანისათვის, რომელიც შუა აზიაში თუ ციმბირში იყო გადასახლებული ტყუილუბრალოდ და, მთლიანი თუ არა, ნახევარი სიცოცხლე მაინც ჩატოვა იქ!

და ბოლოს, სხვების არ ვიცი, მაგრამ თუ მე ცოცხალი გადავურჩი ამ სისხლისმსმელებს, ვეცდები, ისევ მივმართო სტრასბურგს. რას იზამ, უმისოდ ხომ ჩვენში საქმე არ წყდება. ანდა, ავიღებ იმ თანხას, გავყოფ სამად და გავუგზავნი შევარდნაძეს, სააკაშვილს და ივანიშვილს!

 

მევლუდ ბობოხიძე,

1951-1953 წლების

რეპრესიების მსხვერპლი

ქ. წყალტუბო

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია