დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახა კალაძე: „ჰესების მშენებლობის პროგრამა გაგრძელდება“
2013/02/05 13:26:32

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების განვითარების სამინისტრო ენერგეტიკის სექტორის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობას იწყებს. მინისტრის კახა კალაძის  განცხადებით, ქვეყანაში ენერგეტიკული სტრატეგია არ არსებობს და შესაბამისი  ბალანსიც კი არ გაკეთებულა 2006 წლის შემდეგ.

 

ენერგეტიკის მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ზოგადად, ის ფაქტი,  რომ სამინისტრომ დაიწყო  მუშაობა ენერგეტიკის განვითარების  გრძელვადიან სტრატეგიაზე და ამაში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოცდილი სპეციალისტები, ენერგეტიკოსები. მისივე თქმით, სტრატეგიის ფართომასშტაბიანი განხილვა დაიწყო  და მომავალშიც გაგრძელდება. გაზეთი „P.S.“ (პოსტსკრიპტუმი) გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების განვითარების მინისტრ კახა კალაძესთან.

 

- ბატონო კახა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც მინისტრი ბრძანდებით. თქვენი შეფასებით, ყველაზე მთავარი გამოწვევა რა არის დღევანდელ ენერგეტიკულ სისტემაში?

- გამოწვევებს რაც შეეხება,  ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ  ქვეყანა  იყოს ენერგოდამოუკიდებელი, დაცული იყოს ენერგოუსაფრთხოება. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, ენერგოდამოუკიდებლები არა ვართ. საამისოდ ძალიან ბევრი მუშაობა იქნება და იქნება საჭირო. ის რესურსები, რაც ქვეყანას გააჩნია, მე მაქვს მხედველობაში ბუნებრივი რესურსები, ჰიდროელექტროსადგურების განვითარების კუთხით და ახალი სიმძლავრეების მიღების კუთხით, - ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ავითვისოთ და გამოვიყენოთ, მაგრამ ამას ხაზგასმით ვამბობ, ეს ყველაფერი თვალდახუჭულად არ უნდა გაკეთდეს, მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული გარემოს დაცვის სტანდარტები, რომელიც ისე უნდა იყოს გაკეთებული, როგორც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებს შეეფერება. 

- ანუ, ჰესების მშენებლობის პროგრამა ისევ გაგრძელდება?

- რა თქმა უნდა, ჰესების მშენებლობის პროგრამა გაგრძელდება. ამის თაობაზე არსებობს გაფორმებული მემორანდუმები, მაგრამ, სინამდვილეში, მიმდინარეობდა მხოლოდ 3-4 ჰესის მშენებლობა. ტყუილია, რასაც სააკაშვილი და მისი გუნდი ამბობდა, რომ თითქოს ორმოცდახუთი ჰესის მშენებლობა მიმდინარეობდა. გაფორმებულია, ზოგადად, ურთიერთგაგების მემორანდუმები, სადაც მიმდინარეობს პროექტების შესწავლა და არა მშენებლობა.

- მოგეხსენებათ, ელექტროენერგიის  ტარიფი შემცირდა,  გაზის  ტარიფების შემცირებაზეც თუ მუშაობთ?

- გაზის ტარიფებს რაც შეეხება, მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით და  უახლოეს  მომავალში  გეტყვით  ამის თაობაზე. ეს პროცესი  გაიწელა,  მაგრამ  ეს  მარტო  ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან არსებობს გაფორმებული კონტრაქტები წლების განმავლობაში. ძალიან მალე ვეტყვით  მოსახლეობას,  არის თუ არა შესაძლებელი გაზის  ტარიფის შემცირება და - რამდენით. ელექტროენერგიის ტარიფებს რაც შეეხება, შევძელით და მოვახერხეთ ის, რომ სამნახევარი თეთრით შეგვემცირებინა. ეს იყო ის მაქსიმუმი, რაც ორი თვის განმავლობაში ჩვენ  მოვახერხეთ. მაგრამ მემორანდუმი სამი თვით არის გაფორმებული, ესეც ჩვენი თხოვნით იყო  ამ კომპანიებისთვის, რომ სამი თვით გაგვეფორმებინა, რათა კიდევ დეტალურად შევისწავლოთ ეს საკითხი. ჩვენ თუ დავიწყებთ საუბარს, თუ რატომ მოხდა  ჰიდროელექტროსადგურების გასხვისება, რომელიც „ენერგოპროჯორჯიამ“ შეიძინა, რა ფასში მოხდა ეს ყველაფერი,  იყო ეს მისაღები ფასი, არ იყო ნორმალური, - ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და, შეიძლება, ძალიან ბევრ პრობლემას წავაწყდეთ. იქნება ბევრი სადაო საკითხი ლონდონის არბიტრაჟში, ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის ამოწევა და განხილვა. ასე რომ,  ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა „ენერგოპროსთან“ და „ტელასთან“ და ზუსტად ამ კომპანიების ამონაგების ხარჯზე მოხდა ტარიფის შემცირება და არა - საინვესტიციო ვალდებულებების ხარჯზე.

- ოპონენტები ხშირად ადანაშაულებენ  „ქართულ ოცნებას,“ რომ ის  ვერ ასრულებს დაპირებებს და ამიტომ გადაჰყვა პოლიტიკური ნიშნით დაჭერებს...

- ეს არის იმ ბინძური პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც სააკაშვილი  და  მისი გუნდი ეწევა. მინდა გითხრათ, რომ ყველა დაპირება, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაცემული აუცილებლად შესრულდება და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ამას გრძნობენ. ნაციონალურ მოძრაობას ჰგონია, ამ უაზრო განცხადებებით ადგილს დაიმკვიდრებს ქართულ პოლიტიკაში.  მე ვიტყოდი,  რომ ისინი არიან გაკოტრებული პოლიტიკოსები, მათ ძალიან ბევრი დააშავეს ქართველი ერის წინაშე ამ ცხრა  წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, პასუხი უნდა აგოს მიხეილ სააკაშვილმა. მან  ჩამოაყალიბა ეს რეჟიმი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში მძვინვარებდა და ოჯახი არ არსებობს საქართველოში, რომელსაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი არ შეხებოდა.

- ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გათავისუფლებას რა პოლიტიკურ შეფასებას მისცემდით?

- თვითონ ირაკლიმაც თქვა და პრემიერმაც ისაუბრა, რომ საკმაოდ  მძიმე საუბარი  ჰქონიათ,  მეტს ვერაფერს ვიტყვი. უშუალოდ გათავისუფლების ფაქტს რაც შეეხება, მე ვთვლი, რომ ირაკლის ძალიან  საპასუხისმგებლო  და  მნიშვნელოვანი სამინისტრო აქვს ჩაბარებული, მე ვიტყოდი რომ საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი, და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი დრო დარჩება იმისთვის, ეს პრობლემები რაც ქართულ ჯარშია, აღმოფხვრას და უფრო დააჩქაროს ჩვენი გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში.

- და ბოლოს, ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანაზე რას იტყვით?

- ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანას მივესალმები, იმიტომ, რომ მსოფლიოში ქვეყანა არ არსებობს, სადაც პარლამენტი დედაქალაქში არ იყოს. მე ვთვლი,  რომ პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს. თვითონ იმ აშენებულ შენობას რაც შეეეხება, რომელშიც 340 მილიონია გადახდილი, ეს არის გადაყრილი ფული. თქვენ შეგიძლიათ მიბრძანდეთ პარლამენტში  და  ნახოთ,  როგორი  ხარისხია, როგორ არის იქ ყველაფერი გაკეთებული. ასე რომ ვთქვათ, ჯერ არ აშენებული და დამთავრებული პარლამენტი  ჩამოინგრა კიდეც.  ძალიან ცუდად არის გაკეთებული, ძალიან ბევრი კითხვა იქნება მანდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ხდებოდა არამიზნობრივად, იხარჯებოდა თანხები, ერთი ადამიანის ახირებაზე იყო ყველაფერი დამოკიდებული, რაც ნამდვილად მიუღებელია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია