დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„გია ხუხაშვილი - კაცი, რომელმაც მთელი ქვეყანა შეაწუხა...“
2013/01/05 10:07:40

მედია - კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი, ღია წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„ამ წერილის დაწერა სამთვიანმა, უსაფუძვლო თავდასხმებმა მაიძულა, რადგან დამღალა უსამართლო ცილისწამების მოგერიებამ.

2012 წლის სექტემბერში, ანუ ქართველ ხალხსა და სააკაშვილის რეჟიმს შორის გადამწყვეტი ბრძოლის დროს, მე და ჩემმა თანამებრძოლებმა - გიორგი ფოფხაძემ, ლადო ბედუკაძემ, ბორის ფარულავამ, დავით აკობიამ, მერაბ ბლადაძემ, გიორგი ლომიამ და, საერთოდ, „ობიექტივმა," გავასაჯაროეთ ე.წ. ციხის კადრები, ფარდა ავხადეთ უდიდეს დანაშაულს და დარწმუნებული ვიყავით, რომ ქვეყნისთვის მხოლოდ სიკეთე გავაკეთეთ. ამით ჩვენი წვლილი შევიტანეთ ქართველი ხალხის ბრძოლაში დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ.

რეჟიმი დამარცხდა. ცხადია, ძველი ხელისუფლება ჩვენ მადლობას არ გვეტყოდა. არც ახალი ხელისუფლებისგან მოგვითხოვია ჩინ-მედლები, თანამდებობები ან პრივილეგირებული მდგომარეობა. თუმცა, თუნდაც ერთი კეთილი სიტყვის მოსმენა ნამდვილად გაგვახარებდა. იმას ხომ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ კეთილი სიტყვის ნაცვლად, სამთვიანი, „შავი ფიარის" საბურველში გაგვხვევდნენ.

არაფერი დაგვიშავებია. სიკეთის მეტი, არაფერი გაგვიკეთებია. არც არავისგან არაფერი მოგვითხოვია. მიუხედავად ამისა, სამი თვეა გვადანაშაულებენ იმაში, რისთვისაც სახელის დარქმევას თავად ვერ ახერხებენ, ანუ სამი თვეა გვეუბნებიან, რომ... უბრალოდ, ცუდები ვართ, ხოლო რატომ ვართ ცუდები, ამ აზრს ნათლად და გასაგებად ვერ აყალიბებენ. ხან ვანოს აგენტებს გვიწოდებენ და ხან - რუსეთის, შემდეგ ისრაელისა და თურქეთის აგენტებად გამოგვაცხადეს, ხან 2 მილიონის აღებაში დაგვდეს ბრალი და ხან - 5 მილიონის...

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ წუწკი ინტრიგებით ჩვენივე თანამებრძოლი, ლადო ბედუკაძე გადაგვამტერეს. იმედი მაქვს, ბოლოდროინდელი მოვლენების მიხედვით, ბედუკაძე მიხვდა, ვის ინტერესებში იყო მისი ჩვენთან დაპირისპირება, მაგრამ ამ ბრალდებებმა ზიანი უკვე მოგვაყენა და რამდენიმე თვე თავისმართლებაში გაგვატარებინა. არადა, ამ დროის გამოყენება წარმატებით შეიძლებოდა სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის საბოლოო დამარცხებისთვის. ჩვენ ასე ვფიქრობთ. თუმცა, როგორც ჩანს, არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც რეჟიმის საბოლოო გადატეხა კი არა, უფრო ხელსაყრელია ამ რეჟიმის ნარჩენებისგან გარკვეული სარგებლის მიღება.

მაქვს ინფორმაცია, რომ ახლა ჩვენი მეორე თანამებრძოლის (ამჟამად ციხეში მყოფი ბორის ფარულავას) „კარტის გათამაშებას" ცდილობენ. თითქოსდა ფარულავაზე გული შესტკივათ და მის გასათავისუფლებლად იბრძვიან. ფარულავას მშობლებს ესაუბრებიან, რომ ციხიდან მათი შვილის გამოშვება უნდათ და ამ დროს, გულწრფელ და ინტრიგებში გაურკვეველ ადამიანებს (ფარულავას მშობლებს) ჩვენს წინააღმდეგ განაწყობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ბორის ფარულავასთან ციხეშიც შედიან და რაღაცას ჰპირდებიან. სინამდვილეში კი, ჩვენ გვიპირისპირებენ. მოკლედ, სურთ, რომ უკვე ფარულავას (ჩვენს საწინააღმდეგოდ რაიმე ათქმევინონ) და კვლავ გაუგებარ სიბინძურეში დაგვადანაშაულონ.

ხმამაღლა მინდა განვაცხადო და ამას პირველად ვამბობ: ბორის ფარულავას ბედით რეალურად ,ჩვენს გარდა, არავინ დაინტერესებულა. ჩვენ ფარულავას თემაზე ვესაუბრეთ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, შსს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და საჯაროდაც არაერთ ბრიფინგზე განგვინცხადებია, რომ ბრალდების მხარემ უნდა გაითვალისწინოს ბორის ფარულავას წვლილი დამნაშავე რეჟიმის მხილებაში და უნდა მოიძებნოს პატიმრობიდან მისი განთავისუფლების გზები. ეს მცდელობა დღესაც არ შეგვიწყვეტია და იმედი მაქვს, რომ შედეგსაც მივაღწევთ. ორშაბათიდან ბორის ფარულავას საქმესთან დაკავშირებით, „ობიექტივი" ფართო საინფორმაციო კამპანიას დაიწყებს, რაშიც ჩვენი კოლეგებისა და საზოგადოების მხარდაჭერი იმედი გვაქვს.

საინტერესო სხვა რამაა: ვინ დგას ამ ბინძური, „შავი ფიარის" უკან, ვინ გვებრძვის ჩვენ? და რა მიზანი აქვს მას? ის, რომ მედიის ერთი ნაწილის უკან კვლავ ძველი ხელისუფლება დგას და ის ჩვენ გვლანძღავს, არ გვიკვირს. ბუნებრივია, სააკაშვილის რეჟიმი შურისძიებას ცდილობს, მაგრამ მედიის მეორე ნაწილის უკან ვინ დგას?

გულწრფელად გეტყვით, ძალზედ ვფრთხილობდი და ინფორმაციას მუდმივად (არა ერთ წყაროზე) ვამოწმებდი, ვიდრე გია ხუხაშვილს დავასახელებდი, მაგრამ დღეს ღიად ვამბობ: „ობიექტივის" წინააღმდეგ მიმართული „შავი კამპანიის" უკან სწორედ გია( ნოდარ) ხუხაშვილი იდგა და დგას! გია (ნოდარ) ხუხაშვილი, რომელმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენს წინააღმდეგ არა ერთ საგაზეთო სტატიასა თუ ტელესიუჟეტს გაუწია ორგანიზება. ამის გამო, მე საქართველოს მთავარ პროკურატურასაც კი მივმართე, რომ გამოიძიოს „ობიექტივის" წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის საქმე და გამოავლინოს მისი რეალური ორგანიზატორები.

დღეისათვის, ასევე, მკაფიოდ გამოიკვეთა ორი დიდი მოთამაშე: გაზეთი „კვირის პალიტრა" (მთავარი რედაქტორი გიორგი თევდორაშვილი) და ტელეკომპანია „მაესტრო" (დამფუძნებელი მამუკა ღლონტი).

გაზეთი „კვირის პალიტრა" მიზანმიმართულად აქვეყნებს სტატიებს, სადაც (რესპონდენტის სტატუსით) საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც ციხის კადრებთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. ისინი მუდმივად რაღაცაში გვადანაშაულებენ. მე ვესაუბრე„კვირის პალიტრის" მთავარ რედაქტორს. როგორც ამ საუბრიდან გამოჩნდა, თევდორაშვილმა ბრწყინვალედ იცის, რომ ჩვენ ყველაფერში მართლები ვართ, მაგრამ თევდორაშვილს უნდა და ბეჭდავს ასეთ სტატიებს და, როგორც თავად განაცხადა, არც პროკურატურის ეშინია და არც არავისი. ამასთან, საინტერესო ისაა, როგორ ესმის ჟურნალისტიკის პრინციპები გოგათევდორაშვილს. „ჟურნალისტმა კომენტარი ხომ გაგაკეთებინაო?"- მკითხა. ანუ მე, შენი კოლეგა გეუბნები, რომ ჩემზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებ, მოგიწოდებ ტყუილის ტირაჟირება არ მოახდინო და შენ გგონია, რომ თუ ტყუილზე კომენტარს გამაკეთებინებ, ეს ბალანსის და ჩემი სიმართლის დაცვაა?! იძულებული ვარ, გოგა თევდორაშვილსაც პირდაპირ ვუთხრა, რომ მისი გამოცემა „ობიექტივის" წინააღმდეგ მიმართულ „შავ კამპანიაში" მონაწილობს და მოვუწოდებ,- დროულად გააანალიზოს შექმნილი ვითარება და, უბრალოდ, შეჩერდეს.

პრაქტიკულად იგივე საქმეს, მაგრამ უფრო დახვეწილი ფორმებით, ემსახურება „მაესტრო". იუმორისტულ გადაცემაში ხან მატყუარა ბურატინოს შემადარებენ, ხან მე და ბაჩო ახალაიას ერთნაირი ტიპის გმირებად გამოგვაცხადებენ, ხან ბედუკაძეს ჩართავენ პირდაპირ ეთერში და ცალმხრივად გაალანძღინებენ ჩემს თავს. (ხაზს ვუსვამ: სხვადასხვა ძალებმა ლადო ბედუკაძე მხოლოდ წუწკი ინტრიგებით დაგვიპირისპირეს). მინდა დააკვირდეთ, რომ ამ ფონზე, მე, ამ საქმის უშუალო მონაწილე და ორგანიზატორი, არცერთხელ... არცერთ გადაცემაში... არავის მივუწვევივარ. ახსნა სტანდარტულია: გადაცემების პროდუსერები ასე თვლიან საჭიროდ. რასაკვირველია, ვიყავი „მაესტროშიც". შევხვდი მამუკა ღლონტსაც, პროდიუსერებსაც, ჟურნალისტებსაც და ვისაუბრეთ. დამამშვიდეს, რომ მომავალში ასეთი გაუგებრობა აღარ მოხდებოდა, მაგრამ 2012 წლის 31 დეკემბერს ახალი ფოკუსი ჩაატარეს: ციხის კადრებზე ისე ისაუბრეს, რომ მსმენელს ერთადერთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს მე და „ობიექტივს" ამ საქმესთან საერთოდ არ გვქონია შეხება. ციხეში მყოფი ფარულავა კადრების გადაღებისთვის დააჯილდოვეს და იმაშიც კი ვერ, თუ არ გაერკვნენ, რომ ფარულავას კადრები არ გადაუღია. ფარულავას ჩვენ ფარული კამერა გადავეცით, მან აპარატურა ციხეში შეიტანა და აკობიას გადასცა. ამ კადრების ავტორი სწორედ დავით (დათა) აკობიაა. ფარულავა ჯილდოს უდავოდ იმსახურებს, მაგრამ მასთან ერთად აკობიაც უნდა დაეჯილდოებინათ, ბედუკაძეც, ლომიაც და, მე თუ მკითხავთ, საერთოდ, „ობიექტივიც". თუმცა, ჩვენ არავითარ ჯილდოს არ ვითხოვთ. მე მხოლოდ სამართლიანობაზე ვლაპარაკობ... და რა მოხდა? ჟურნალისტებმა არა მარტო დაამახინჯეს ფაქტი (კადრები გადაიღო აკობიამ და არა ფარულავამ), არამედ წაგვშალეს, გადაგვფარეს, გაგვაქრეს, როგორც ამ ისტორიის მონაწილეები.

თუმცა, მთავარი, რისი თქმაც მინდა, სხვაა: მონაწილობენ რა „შავ ფიარში", ბატონი ღლონტიც და ბატონი თევდორაშვილიც არ უფიქრდებიან, რომ ეს უბრალოდ რეპუტაციის შელახვა აღარ არის, არც უბრალოდ ცილისწამებაა, არც უბრალოდ ტყუილია...ის რომ რამდენიმე თვის მანძილზე მიზანმიმართულად გვაზიანებ, ახლა უფრო დიდი ტემპებითა და მოცულობით გეგმავ იგივე საქმიანობის გაგრძელებას, არ გაღელვებს არც სიმართლე და არც კოლეგიალობა, უკვე პირდაპირი დანაშაულია ჩვენს წინააღმდეგ.... ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის არსი სხვა რამეს კი არ გულისხმობს?! იკვრება წრე, რომელიც მზადაა ჟურნალისტური სტანდარტიც დააღვიოს, დანაშაულიც ჩაიდინოს, ზიანიც მოგაყენოს, გულიც გატკინოს, მთავარია დირიჟორს (ამ შემთხვევაში, გია ხუხაშვილს) ასიამოვნოს.

ღიად მოვუწოდებ გოგა თევდორაშვილს და მამუკა ღლონტს: შეჩერდით, შეწყვიტეთ ამ სიბინძურეში მონაწილეობა!

არ მინდა ვიფიქრო, რომ ისეთი სარგებელი გაქვთ გია ხუხაშვილისგან, რომ მზად ხართ მას ადამიანობა და ღირსება შესწიროთ?

მაგრამ ამ წერილით მივმართავ სხვა ჩემს კოლეგებსაც და, საერთოდ, ჟურნალისტურ ორგანიზაციებს: ხმას რატომ არ იღებთ? თუ ვერ ხვდებით, რა ხდება?

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, კონსტიტუციის 42-ე მუხლს და სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს: იქნებ, ამ ვითარებასაც დაუთმოთ თქვენი ყურადღება?

მივმართავ ახლადარჩეულ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს და კვლავ მივმართავ მთავარ პროკურატურას: ბოლოს და ბოლოს, გამოძიეთ ეს ისტორია. გვაქვს თუ არა ჩვენ გარანტია, რომ ამ ქვეყანაში დაცულები ვართ ხუხაშვილებისგან?

და ბოლოს, მივმართავ პირადად პრემიერ- მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ჩვენ ნდობა და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ:

ბატონო ბიძინა, გია ხუხაშვილი არც ქვეყნის მეთაურად და არც არაფორმალურ ლიდერად არ აგვირჩევია და ვერ გაგვიგია, რატომ წყვეტს ჩვენს ქვეყანაში ეს ერთი კაცი ამდენი ადამიანის ბედს? რატომ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, ინტრიგები ხლართოს კახი კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის, თედო ჯაფარიძის, ზაზა გოგსაძის, გიორგი უძილაურის, დემურ გიორხელიძის, დავით მირცხულავას და მრავალი სხვა სახელმწიფო მოხელის, პოლიტიკოსის, ჟურნალისტის, თუ ექსპერტის წინააღმდეგ? ასევე, გაუგებარია, რა ბერკეტებით აკონტროლებს მედიის ნაწილს, რატომ ფლობს ამ ბერკეტებს? უპასუხოდ რჩება კითხვა,- თუ რატომ იბარებს ბიზნესმენებს საკუთარი ორგანიზაციის ოფისში და ბოლოს და ბოლოს, რა ხდება „აღსარებების" იმ ბნელითმოცულ ოთახში, რომელზეც ხუხაშვილი უკვე ღიად საუბრობს. მოტივი, ხომ, მარტივია?! . ახლა გახმაურებულ თემას საჯაროობის ელფერი უნდა შეჰმატოს, თითქოს „აღსარებების" ოთახში უკანონო არაფერი ხდება.

ჟურნალისტური წრეები კი, ფლობენ ინფორმაციას, რომ ამ ოთახებში არც თუ სასიამოვნო პროცესებს აქვს ადგილი. გულწრფელად მაინტერესებს, თქვენს სახელს ამოფარებული გია ხუხაშვილი, როგორ ბედავს ამდენს? და იმაზეც დაგისვამდით შეკითხვას,- იცით, თუ არა, რომ ამ კაცმა მთელი ქვეყანა შეაწუხა? სიამოვნებით შეგხვდებოდით და ჩავწერდი თქვენთან ინტერვიუს, რადგან ვიცი, რომ არასდროს გაურბიხართ ყველაზე მწვავე თემებზეც კი, საჯაროდ და ღიად საუბარს, ამიტომაც თქვენთან ჩაწერილმა ჩემმა ინტერვიუმ (2012 წლის აგვისტო), მაყურებლის რაოდენობის თვალსაზრისით, ყველა რეკორდი მოხსნა... მაგრამ ,ცხადია, თუ ხუხაშვილი „დამბლოკავს" (როგორც სჩვევია), ეს ინტერვიუც არ შედგება.

და ბოლოს, ჩვენ 9 წელიწადი ვებრძოდით სააკაშვილის, რამიშვილის, უგულავას, ადეიშვილისა, თუ მერაბიშვილის ბოროტ ქმედებებს და სამწუხაროა, რომ მხოლოდ ჩვენ კი არა, მთელ საზოგადოებას, იგივე ტიპის ბრძოლა დღეს უკვე გია ხუხაშვილის და, საერთოდ, გია ხუხაშვილობის, როგორც მანკიერი მოვლენის წინააღმდეგ გვიწევს.

ირმა ინაშვილი

მედია-კავშირ „ობიექტივის" ხელმძღვანელი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1730
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია