დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თეა წულუკიანი: „მოვუწოდებ გამგებლებს და ყოფილ დეპუტატებს - გაიაზრონ, რა თანამდებობები უკავიათ...“
2012/12/03 12:30:27

ეს დაკავებები ივანიშვილის რეჟიმის ბოლო გაბრძოლებაა - ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ განხორციელებული დაკავებების მორიგ სერიას.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა, რომელიც ცოტა ხნის წინ პროკურატურამ დააკავა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით წაუყენა, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ნარკოტიკების მოხმარებას ითვალისწინებს, ამჯერად ხელმეორედ დააკავეს - საწვავისა და დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით.

„გამოძიებით დგინდება, რომ თენგიზ გუნავა 2012 წლის 6 ივლისიდან 2012 წლის 22 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობდა და იყო მოხელე. მან 2012 წლის 11 აგვისტოს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიეღო ავტომობილის საწვავის ტალონები და მიეთვისებინა,“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდების თანახმად, მან, მითვისების მიზნით, საქართველოს შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს დაავალა, საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის  დეპარტამენტიდან მიეღო 3000 ლიტრი ბენზინი „პრემიუმის“ საწვავის ტალონები და გადაეცა მისთვის. მიიღო რა მითითებული 6750 ლარად ღირებული ბენზინის ტალონები, თენგიზ გუნავამ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა, არ გამოიყენა სამსახურებრივი დანიშულებისამებრ, არ გასცა დადგენილი წესით - ჩამოწერა და მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ზემოთაღნიშნული საწვავის ტალონები მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

პროკურატურის განცხადებით, თენგიზ გუნავამ, ასევე,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში, კვლავ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 49 500 ლარი და მიითვისა, რითიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„როგორც ჩანს, გუნავასგან არ გამოვიდა არც ნარკომანი, არც კრიმინალი, რომელიც იარაღით დარბის, ამიტომ ახლა გადაწყვიტეს, რომ გუნავა აქციონ იმ ადამიანად, რომელსაც შეუძლია, საბიუჯეტო თანხები მიითვისოს. თენგიზ გუნავა და ის უწყება, რომელშიც ის მსახურობდა, საბიუჯეტო თანხებს ნამდვილად იყენებდა, მაგრამ იყენებდა იმ მიზნით, რის გამოც ის გამოყოფილი იყო. ის ებრძოდა კრიმინალს, ნარკომანიას, ებრძოდა ყველა იმ უკეთურობას, რამაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში იმატა. სწორედ ამიტომ, მაშინ, როდესაც გუნავა მსახურობდა კრიმინალის, დანაშაულის, ძარცვის, ქურდობის რაოდენობა იყო 50%-ით უფრო ნაკლები, ვიდრე დღესაა და ამას აცხადებს კიდეც დღევანდელი შს მინისტრი. ამიტომ მინდა, ვუთხრა შსს სამინისტროსა და პროკურატურის ორგანოებს, ქალბატონ წულუკიანსა და ბატონ ღარიბაშვილს, რომ გუნავასგან ბიუჯეტის თანხის მიმთვისებლის ხატის შექმნა არ გამოვა,“ - განაცხადა კუბლაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები თენგიზ გუნავას დაკავებას თავიდანვე პოლიტიკურ დევნად აფასებდნენ და აცხადებდნენ, რომ მას იარაღი ჩაუდეს, ხოლო ნარკოტიკი მიაღებინეს. სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაზე ბატონი გუნავა თავდებით გაათავისუფლა და წინასწარი პატიმრობა არ მიუსაჯა.  თენგიზ გუნავამ პროკურატურაში მისთვის იარაღისა და ნარკოტიკების  ჩადების ფაქტის გამოძიების მოთხოვნით განცხადებაც კი შეიტანა.

„ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანი იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. მას აღმოაჩნდა თან იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერება. არ შეიძლება, ნებისმიერი ასეთი დაკავების პოლიტიკურად გადათარგმნა. ამასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება პროკურატურის გენინპსპექციის მხრიდან და თუ გამოვლინდა, რომ მსგავს უკანონობას ჰქონდა ადგილი, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ობიექტურები და თანმიმდევრულები ნებისმიერის მიმართ, იქნება ეს ჩვენი თანამშრომელი თუ სხვისი თანამშრომელი,“ - განაცხადა მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების „რისხვა“ კიდევ ერთმა დაპატიმრებამ გამოიწვია. პროკურატურამ ზესტაფონის გამგებელი და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე დააკავა.  გამოძიება მას „ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის“, „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა“ და „სხვისი ნივთის დაზიანების“ გამო ედავება,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

„აღნიშნული დაკავებები ივანიშვილის რეჟიმის ბოლო გაბრძოლებაა, გაბრძოლება თავისი პოლიტური ოპონენტების წინააღმდეგ. ყველა იმ საკრებულოში, ყველა იმ გამგეობაში, რომელსაც ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ვერ აკონტროლებს, ხდება შეთითხნილი ბრალდებების მოპოვება და ამ ბრალდებების საფუძველზე დაკავებები ხორციელდება,“ - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

მისივე თქმით, იმ მიღწევას, რაც ქვეყანამ დემოკრატიული არჩევნების გზით მიიღო, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მიერ განხორციელებულ რეპრესიებით საფრთხე ექმნება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უზრუნველყო, რომ დემოკრატიული არჩევნების შედეგად ხელისუფლება ერთი პოლიტიკური გუნდიდან მეორეს გადაეცა. ძალიან სამწუხაროა, რომ გადაბარების პროცესს შედეგად რეპრესიები მოჰყვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსშია თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში. მაშინ, როცა საფრთხე ემუქრება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია იყო და მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ოპოზიციის კრიტიკას ვერ ეგუება, ამ შემთხვევაში ქართული დემოკრატია, საფრთხის წინაშეა,“ - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.

მსურს, გამოძიებამ დაადგინოს, კახა გეწაძე დეპუტატი იყო, თუ - ხულიგანი, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბარში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი დეპუტატისა და ზესტაფონის გამგებლის, კახა გეწაძის დაკავებას. მისივე განმარტებით, გამოძიების ინფორმაციით, გეწაძემ, სავარაუდოდ,  ჩაიდინა ხულიგნობა და, ასევე, სავარაუდოდ, სახელმწიფოს კუთვნილი ნივთი დააზიანა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი საპარლამენტო უმცირესობის წევრების მიერ გეწაძისა და ლევან გაჩეჩილაძის შვილის საქმეების ერთმანეთთან  შედარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი ბრალეულობების ხარისხი განსხვავებულია.

„პატარა „გრეჩიხა“ არც გამგებელია და არც ყოფილი დეპუტატი. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ გამგებლებს და ყოფილ დეპუტატებს - გაიაზრონ, რა თანამდებობები უკავიათ. ნუ შეუდგებიან წუწუნს და ნუ ადარებენ თავს იმ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებსაც, შესაძლოა, მათი მსგავსი ქმედება ჩაუდენიათ. გამგებლობა და მაჟორიტარი დეპუტატობა უაღრესად საპასუხისმგებლო ფუნქციაა, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც არის უფრო მაღალი ხარისხის, როცა სისხლის სამართალს ეხება საქმე,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმითვე, გეწაძის საქმე მაგიდაზე რამდენიმე დღე ედო და ბრალის დადგენილება მხოლოდ მას შემდეგ შეადგინა, რაც ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდა.

„ბრალის დადგენილება არის ჩემი შედგენილი, რადგან ამას ითვალისწინებს კანონი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის ემყარება მტკიცებულებას, რომელიც არის გამყარებული და აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც სისხლის სამართლის პროცესის ამ ეტაპზეა საჭირო. სხვათა შორის, გეწაძის საქმე, რომელიც გუშინ დაიძრა, 2011 წლის მაისში იყო აღძრული, მაგრამ ყოფილი ხელისუფლების მიერ ის გახლდათ დაკონსერვებული, რადგან მაშინ მეფობდა დაუსჯელობის სინდრომი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ. ახლა მე ვდგავარ და ვასწორებ „ნაციონალების“ შერჩევითი სამართლის დამღუპველ შედეგებს ქვეყანაში,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ზესტაფონის გამგებელი და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე 2007 წელს აქციების დარბევაში მონაწილეობდა.

ამის შესახებ ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში განაცხადა. მისი თქმით, გეწაძე მისთვის ცნობილია არა მხოლოდ როგორც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ან ზესტაფონის გამგებელი, არამედ როგორც 2007 წლის აქციების ჯალათი და თუ მისი საქმის გამოძიება გაგრძელდება, მას 2007 წლის „ცოდვებიც ამოუტივტივდება“.

ბერძენიშვილის განცხადებით, უმცირესობის მხრიდან გეწაძისგან წმინდანის შექმნა მართებული არ არის, ვინაიდან ყველასთვის ცნობილია, რომ ის 2007 წლის აქციების დარბევის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენელს ოპოზიციის მიერ გეწაძის დაცვა ბუნებრივად მიაჩნია, ვინაიდან მისი თქმით, ის მათი ძვირფასი წევრია. თუმცა ბერძენიშვილი ოპოზიციას ნაადრევი განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს, ვინაიდან გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.

„შემიძლია, ვთქვა მხოლოდ ასეთი რამ - თუ დანაშაულის ნიშნები და საკმარისი მტკიცებულებაა, მიუხედავად თანამდებობრივი მდგომარეობისა, ყველა პირის მიმართ შეიძლება,  გამოყენებული იყოს  აღმკვეთი ღონისძიება - იქნება ეს პარლამენტის წევრი, მინისტრი თუ სხვა. ერთადერთი, ვისაც  ვერ დააკავებთ, ეს პრეზიდენტია. მას იმდენად მაღალი ხარისხი იცავს, რომ ვერ დააკავებ. ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის დაკავება კი, თუ მის მოქმედებაში დანაშაულის ნიშნების დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულება არსებობს, შეიძლება. ამდენად, სპეკულირება იმით, რომ თანამდებობის ესა თუ ის პირი პოლიტიკური ნიშნით იქნა დაკავებული, არ შეიძლება. მაპატიეთ, მაგრამ რამდენი გამგებელია საქართველოში? რამდენიმე ათეული. ხოლო დააკავეს ერთი. თუ პოლიტიკური ნიშნით ხდება დაკავება, რატომ არ დააკავეს ხუთი ან ათი?!“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1638
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია