დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოცნება, რომელიც ახლა „ოცნების“ ხელშია...
2012/10/29 12:41:54

არასწორია: „ქუთაისის პარლამენტი“, სწორია: „საქართველოს პარლამენტი ქუთაისში“

კარგია, თუ ცუდი? ლამაზია, თუ მახინჯი? მოსახერხებელია თუ არა სამუშაოდ? ხდება თუ არა შენობის სრულფასოვანი ვენტილაცია? მდგრადი და უსაფრთხოა თუ არა ნაგებობა? უნდა იღებოდეს თუ არა ფანჯრები? ძვირია თუ არა შენობა? რამდენი დევნილი დაკმაყოფილდებოდა ამ ფულით? 

კითხვები ძალიან ბევრია... როგორც ყველაფერი ახალი და განსხვავებული, პარლამენტის შენობაც და საპარლამენტო ქუთაისის იდეაც კამათისა და განხილვის საგანი გახდა, და არა მარტო განხილვის, დაცინვისა და ირონიის თემაც...

სატელევიზიო მედიაში, პირდაპირი ტრანსლირების დროს, რამდენჯერმე წამოსცდათ:  „რეპორტაჟი ქუთაისის პარლამენტიდან“... ქვეცნობიერად, ეს მოვლენის დაკნინების მცდელობაა, რამაც საფუძვლიანად გაანაწყენა საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც მოსწონს ფაქტიც და ოცნებაც საპარლამენტო ქუთაისის თემაზე.

თუმცა, ახლა საზოგადოების კი არა, „ქართული ოცნების“ ხელშია „საპარლამენტო ქუთაისის“ მომავალი.

საქართველოს  მერვე მოწვევის პარლამენტმა, კონსტიტუციის ჩანაწერის თანახმად, პირველი სხდომა ქუთაისში გამართა. დიდი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, პარლამენტის სხდომა ჩატარდა და საუბრებმაც „საპარლამენტო ქუთაისის“ ყოფნა-არყოფნის თემაზე სადღაც, უკანა პლანზე გადაიწია.

თუმცაღა, უკანა პლანზე არ გადასულა საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და წრეებისთვის ამ ფაქტის მიერ მოტანილი დისკომფორტი და  შესაძლებლობა:

დისკომფორტი:

პრეზიდენტის ოცნება პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის შესახებ ქვეყანას 360 მილიონი და პარლამენტარებს - დიდი დისკომფორტი დაუჯდათ. ქუთაისის საკითხი ის თემაა რომელზეც ძველი და ახალი უმრავლესობა ერთმანეთს ეთანხმებიან. ფაქტია, რომ არაპრესტიჟულ ქუთაისში გადმოსახლებული პარლამენტარები ერთნაირ დაბნეულობას განიცდიან. ფაქტია, რომ ქუთაისში ცხოვრების იდეა გადასახლებასთან ასოცირდება.

პარლამენტარის, პოლიტიკოსის და წარმატებული პერსონის პრესტიჟი  საზოგადოების სტერეოტიპებში თბილისელობასთანაა დაკავშირებული. რეგიონში, და ისიც ნაცრისფერ ქუთაისში, ჯერ არავინ გამხდარა ცნობადი სახე. ძნელია, შეეგუო აზრს, რომ: „ხარ 150 ნარჩევი პოლიტიკოსის რიცხვში და ცხოვრობ... ქუთაისშიJ)) კაფეში მიდიხარ - ქუთაისში, თეატრში - ქუთაისში, მარკეტში - ქუთაისში... ფუ, რა ბანძობააJ)).“

მიხეილ სააკაშვილის სურვილი და ოცნება - სახელისუფლებო სტრუქტურები და პოლიტიკური ცხოვრება რეგიონებში გადაეტანათ, დღეს დიდ დისკომფორტს უქმნის ყველას, თვით სააკაშვილის თანაგუნდელებსაც კი...  „ნაციონალები“ აღარ მალავენ, რომ ეს მიშას ოცნება იყო და დიდი სიამოვნებით დააბრუნებდნენ პარლამენტს უკან, თბილისში, მაგრამ - სად?  ამ კითხვაზე პასუხი არც უმცირესობას აქვს და არც - უმრავლესობას.

„ქართული ოცნების ლიდერმა“ წინასაარჩევნო პერიოდში დააფიქსირა თავისი პოზიცია საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მიმართ და განაცხადა, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, აქ საკონცერტო დარბაზს გააკეთებდა. არადა, შენობა აშკარად არ გამოდგება საკონცერტო დარბაზად.  თავად შენობა ძალიან დიდია, საპარლამენტო დარბაზი  - პატარა.  მეორე ვერსიით, შენობა ადგილობრივ თვითმმართველობას ან ადგილობრივ უნივერსიტეტს გადაეცემა. გრანდიოზულობის გამო თვითმმართველობისთვის ეს შენობა პატარა აღნაგობის მამაკაცის ტანზე  ექვსჯერ დიდი ზომის მაისურივით იქნება. უნივერსიტეტის ონავარი სტუდენტებისთვის კი მინის შენობა სახიფათო ფუფუნებაა. 

მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეს ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის სიყვარული ექსპერიმენტული თანამედროვე არქიტექტურისადმი. მინის შენობები ორივე ლიდერის „სისუსტეა“. 

პოლიტიკურ ელიტას არაპრესტიჟული ქუთაისი აღიზიანებს, ივანიშვილს კი, ალბათ, მხოლოდ შენობა. „ალბათ“ იმიტომ ვამბობ, რომ რეგიონული ქალაქიდან საპარლამენტო ცხოვრების წარმართვა, წესით, არ უნდა ეხამუშებოდეს „ქართული ოცნების“ ლიდერს. ბოლოს და ბოლოს, 6 მილიარდის კაპიტალს ივანიშვილი ჭორვილადან მართავს და, ვინ ვინ და, მან ძალიან კარგად იცის, რომ 21-ე საუკუნეში კომუნიკაცია არც ისე ძვირი ჯდება როგორც, ეს ქართველ პოლიტიკოსებს ჰგონიათ.

შესაძლებლობა:

ყველა ცვლილება ავტომატურად ნიშნავს არსებული კომფორტის ზონიდან გასვლას. კომფორტის ზონის დატოვების გარეშე შეუძლებელია ცვლილებები და რეფორმები. დღეს საზოგადოების უმრავლესობა „საპარლამენტო ქუთაისს“ დისკომფორტად აღიქვამს, მაგრამ ამის გარეშე არ არსებობს განვითარება და პროგრესი.

დაუმთავრებელი  ექსპერიმენტული მინის შენობა და ახალი „სამთავრობო კვარტალი“ - უფერული ქუთაისის ფონზე  დიდი გამოწვევაა.  საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა, ძალაუნებურად, კერძო კაპიტალის „სამთავრობო კვარტალის“ ირგვლივ კონცენტრაციას მოახდენს. ეს მთლიანად შეცვლის ქალაქის ინფრასტრუქტურას, ბიზნეს გარემოს და საზოგადოების ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში. პროვინციული და უფუნქციოდ დარჩენილ ქალაქში ადამიანებს დეპრესიულ ფონს გაუნეიტრალებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობა.

ცხადია, „საპარლამენტო ქუთაისის“ თემა საკამათოა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ამ დიდი და საკამათო შენობის წყალობით, პოლიტიკური ელიტა ხალხში გავიდა! თანაც, არა საარჩევნოდ, არამედ - სამუშაოდ!

რა დასამალია: ძალიან ბევრს(თანამშრომლებსა და თავად პარლამენტარებს) ეიმედება, რომ ეს  გადასახლება ქუთაისში ცუდი სიზმარივით დამთავრდება და მალე ყველაფერი უკან, თბილისში დაბრუნდება!J))

ნეტარ არიან, რომელნიც ელიან!J))

რა ვქნა და, მომწონს ეს „ოცნება საპარლამენტო ქუთაისზე“, რომელიც ახლა „ქართული ოცნების ხელშია...J))

 

ელისო გოლეთიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3138
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია