დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნაციონალი“ სტუდენტები ანაკლიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაასვენეს
2012/07/09 13:40:34

„მმართველი პარტიის წევრი ხარ და არჩევნებზე შენი ოჯახის წევრები, მეგობრები ხმას ნაციონალურ მოძრაობას მისცემენ? გსურს, რომ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს და ამისათვის, რაც შეგიძლია, ყველაფერს გააკეთებ? მაშინ, ანაკლიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ჩვენთან ერთად მოდიხარ და დაუვიწყარ დღეებს გაატარებ!“ - მსგავსი ფრაზები გაისმოდა რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის სხვადასხვა ოფისში, სადაც ანაკლიის სასტუმროში წასაყვანი სტუდენტების შერჩევით იყვნენ დაკავებული.

 

როგორც გაზეთი „P.S.“-თვის გახდა ცნობილი, ქუთაისის გარდა, ანაკლიაში დასასვენებლად და დასატრენინგებლად ხონისა და საჩხერის ახალგაზრდებიც იყვნენ. იმერელ ახალგაზრდებს რამდენიმე დღის განმავლობაში უცხოელი ტრენერები ასწავლიდნენ, თუ როგორ შეიძლება გახდე ლიდერი, რა არის საჭირო იმისათვის, რომ გქონდეს ლიდერობის ელემენტები და როგორ შეგიძლია, მართო სხვა.

როგორც ანაკლიაში წასული და იქ დატრენინგებული ახალგაზრდები აცხადებენ, პირველ ეტაპზე 500-მდე ქუთაისელი ჰყავდათ წაყვანილი, მეორე ეტაპს კი სულ რამდენიმე დღეში წაიყვანენ.

გაზეთ „P.S.“-თან ახალგაზრდა, გამოუცდელი ნაციონალები თამამად და გულმოდგინედ ჰყვებოდნენ, თუ როგორ დროს ატარებდნენ ანაკლიაში მმართველი პარტიის დაფინანსებით. თუმცა, „დიქტოფონით“ ჩაწერასა და სახელისა და გვარის დაფიქსირებაზე ისინი უარს აცხადებდნენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ კვლავ დაპირდნენ მსგავსი ტიპის დასასვენებელ კურსებს, ხოლო გაზეთ „P.S.“-თან ჩაწერის შემდეგ კი, შეიძლება, პრობლემები შეექმნათ.

 

- დაახლოებით, რამდენი იყავით ქუთაისიდან და როგორ შეგარჩიეს იქ წასაყვანი ახალგაზრდები?

- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, როგორც ავტობუსში ერთ-ერთმა ჩვენმა კოორდინატორმა აღნიშნა, ქუთაისიდან პირველ ეტპაზე 500-მდე მივდივართო, თუმცა ჩვენს გარდა იყვნენ ხონიდან და საჩხერიდან. ისინიც უხვად იყვნენ. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რა ნიშნით შეგვარჩიეს, დიდი კონკურსი არ გაგვივლია. მთავარი იყო ის, რომ ვიყავით ნაციონალები და ჩვენი ოჯახის წევრები და ახლობლები ხმას მმართველ ძალას აძლევენ, ეს იყო და ეს.

- საჩხერე ახსენე... იქ ხომ, როგორც გამოკითხვებითაა ცნობილი, ძირითადად, ბიძინა ივანიშვილს უჭერენ მხარს. იყვნენ ნაციონალები იგივე რაოდენობით საჩხერიდან, რამდენიც ქუთაისიდან?

- კი, როგორ არა, მგონი უფრო მეტიც იყვნენ საჩხერიდან, რამდენიც გინდა, იმდენია, ვინც მიშას უჭერს მანდაც მხარს.

- თქვენი ანაკლიაში წაყვანის მიზეზი რა იყო, ანუ რით იყავით დაკავებული? 

- პირველ რიგში, ვერთობოდით. იყო ძალიან მაგარი კომფორტი. არც „დუშკაბინაში“ მქონდა ნაბანავები და არც „ჯაკუზში“. ეს ოცნება კი ნამდვილად ავიხდინე. ასევე, გვიტარებდა უცხოელი ტრენერი სემინარებს ლიდერობაზე და ლიდერის ელემენტებზე, რაც ასევე ძალიან საინტერესო იყო. საღამოობით კი ვერთობოდით და ვცეკვავდით, თუმცა მცირე ინციდენტიც მოხდა: ბიჭები ერთ საღამოს მაგრად დათვრნენ და ღამით იჩხუბეს.

- იყო თუ არა თქვენთან ერთად რომელიმე პოლიტიკური ლიდერი?

- მთავარი   ვინც  უნდა    ყოფილიყო,  ის  არ  ჩამოვიდა. პრეზიდენტს ველოდით რამდენიმე დღე. თუმცა, როგორც მერე გავიგეთ, ვერ მოუცლია. სხვა პირებიც იყვნენ, თუმცა მათი სახელები და გვარები ნამდვილად არ მახსოვს.

- მაშასადამე, ეს რამდენიმედღიანი გართობა სრულიად უფასო იყო?

- კი, რა თქმა უნდა, აბა ჩვენ სად გვაქვს მაგის ფული. იცით ერთი ნომერი, ერთი ღამით რა ღირდა? - 220 ლარი. იქ წასულ რამდენიმე ათას ბავშვს ერთი თეთრიც კი არ დაგვიხარჯია, მთლიანად დაფინანსებული იყო ყველაფერი.

- მომავალი ნაკადი როდის უნდა წავიდეს?

- უახლოეს მომავალში. როგორც იქ ამბობდნენ, ანაკლიაში, დაახლოებით, ერთ კვირაში კიდევ ჩავა ახალი ნაკადი.

 

რა რაოდენობის ნაციონალი სტუდენტები იმყოფებოდნენ ანაკლიაში დასასვენებლად, რა ნიშნით შეირჩა ისინი და რა იყო წაყვანის მიზეზი, რა რაოდენობის თანხა გამოიყო აღნიშნული დასვენებისთვის და საიდან?  -  გაზეთ „P.S.“-ს სურდა, ეს კითხვები ქუთაისის ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გიორგი თევდორაძისათვის დაესვა, თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქეთი დეისაძემ გვითხრა, ქუთაისელი ნაციონალი სტუდენტების ანაკლიაში წაყვანის ორგანიზატორი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იყო; უშუალოდ მათ შეარჩიეს ეს სტუდენტები.

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უწევდა აღნიშნულ პროექტს ორგანიზებას, მათ ასევე ქუთაისელი „ნაციონალი“ სტუდენტებიც წაიყვანეს ანაკლიაში. მე მხოლოდ მოხარული ვარ, რომ ქუთაისელი სტუდენტებიც მოხვდნენ ამ პროექტში.“ - აღნიშნავს ქეთი დეისაძე.

არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი. მმართველი პარტია ძალას, დროსა და თანხას არ ზოგავს ახალგაზრდა მხარდამჭერების მოსაზიდად.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1624
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია