დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტების მორიგი სარჩელი შსს წინააღმდეგ 26 მაისის საქმეზე
2012/06/21 14:36:16

თბილისის საქალაქო სასამართლომ რთულ კატეგორიად მიიჩნია ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მორიგი სარჩელი შსს-ს წინააღმდეგ, რომელიც 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს ეხება.  აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 26 ივნისისთვის დაინიშნა.

”ნეტგაზეთის” თანამშრომლების - კონსტანტინ სტალინსკის, თაზო კუპრეიშვილის, ასევე ”გურია ნიუსის” ჟურნალისტ ნატო გოგელიას, შპს ”გაზეთ ბათუმელების”, ”ჩოხატაურის მაცნეს”, ”ახალი ამბების” და ”რადიოცენტრი პლუსის”(რადიო ”პალიტრა”) ერთობლივი სარჩელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დამხარების ცენტრის ხელმძღვანელმა, იურისტმა ნათია კაპანაძემ მოამზადა და თბილისის საქალაქო სასამართლოში 2012 წლის მარტში წარადგინა.

 

ჟურნალისტები და მედიასაშუალებები სასამართლოსგან ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს, გაასაჯაროვოს 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გამო შსს-ს სანქციადაკისრებული თანამშრომლების ვინაობა, ასევე, ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია, თუ ვინ და რა ვადით გაასაიდუმლოვა აღნიშნული  ინფორმაცია.

 

2011 წლის 26 მაისს, თბილისში, ოპოზიციის საპროტეტსო მიტინგის დაშლისას პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად ფიზკიური დაზიანება მიიღეს ჟურნალისტებმა, სპეცრაზმელებმა კი ჟურნალისტებს  სამუშაო აპარატურა წაართვეს, ან დაუზიანეს. აღნიშნულ საქმეზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში შეტანილი სარჩლი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 26 დეკემბერს ნაწილბრივ დააკმაყოფილა და შსს-ს დაავალა ჟურნალისტებისთვის ფიზიკური ზიანის, მედიასაშუალებებისთვის კი აპარატური ღირებულების ანაზღაურება.

 

მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გადაუხდია, რის გამოც ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების ადვოკატი ნათია კაპანაძე აღსრულების ეროვნულ ბიუროს უახლოეს დღეებში მიმართავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად. შესაბამისად, შსს-სგან თანხის ამოსაღებად სააღსრულებო წარმოებაც უახლოეს მომავალში დაიწყება.

26 მაისის მოვლენებიდან მალევე, 2011 წლის 14 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა ბრძანებები,  რომელთა მიხედვითაც, სამსახურიდან იქნა დათხოვილი სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა  ერთი თანამშრომელი, სასტიკი საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური  რვა თანამშრომელს.

 

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ, ჟურნალისტების სახელით, 2011 წლის 1 ნოემბერს შსს-ს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს მიმართა და მოითხოვა შს მინისტრის მიერ 14 ივლისს გამოცემული ბრძანებები, ასევე, შემდეგი სახის ინფრომაცია:

 

  • მიმდინარეობს თუ არა ამჟამად კიდევ მოკვლევა ან/და გამოძიება 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა დაშლის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური წესდების დარღვევის ან/და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო;
  • ჟურნალისტების მიერ სამართალდამცავებისთვის მიწოდებული ინფორმაცია გახდა თუ არა რომელიმე სამართალდამცავისთვის სანქციის დაკისრების საფუძველი და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოვლენილი დარღვევისთვის კონკრეტულად რომელი სამართალდამცავები დაისაჯნენ და რა ფორმით.

 

2011 წლის 24 ნოემბერს ნათია კაპანაძეს ეცნობა, რომ გენერალური ინსპექციის მასალები და მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საიდუმლოს და შსს-ს ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას მას მიაწოდოს აღნიშნული მასალები.

 

 2011 წლის 1 დეკემბერს ნათია კაპანაძემ კვლავ მიმართა შსს-ს და მოითხოვა მითითება, თუ საიდუმლოების რომელ ტიპს მიეკუთვნება ინფორმაცია, ასევე - გასაიდუმლოების აქტი.  იმავე წლის 28 დეკემბერს ადვოკატს შსს-სგან აცნობეს, რომ მის მიერ მოთხოვილი მასალები განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.

 

ნათია კაპანაძემ 2012 წლის 16 იანვარს კვლავ მიმართა შსს-ს ადმინისტრაციის უფროსს ზვიად თავართქილაძეს და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია სახელწიფო საიდუმლოების ძირითადი რეკვიზიტების თაობაზე, ანუ ვინ და რა ვადით გაასაიდუმლოვა აღნიშნული ინფორმაცია.

 

2012 წლის 6 თებერვალს ნათია კაპანაძეს წერილობით განუცხადეს: ”შსს  მინისტრის ბრძანების დასაიდუმლოება განხორციელებულია კონკრეტული მასალის შეფასებისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

რაც შეეხება  დოკუმენტის საიდუმლოების ხარისხს, შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადას და თანამდებობის პირს, რომელმაც აღნიშნა გრიფი, აღნიშნული ინფორმაციის გაცემას, მოქმედი კანონმდებლობა სამინისტროს არ ავალდებულებს" 

 

მოსარჩელე ჟურნალისტები და მედიასაშუალებები თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელით სადაოდ ხდიან ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერებას, ასევე ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების რეკვიზიტების ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.   

 

სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ შსს-ს პოზიციის გამო უაკნონოდ იზღუდება გამოხატვის თავისუფლება. ჟურნალისტთა სარჩელში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 16 თებერვალს ”ტვ 25-ის” ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო თანამდბობიდან გაათავისუფლეს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ჯონი ბაკურაძე, ჟურნალისტს კი სამინსიტრომ ოფიციალურად მოუხადა ბოდიში. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნეევენ, რომ შსს მსგავსი შემთხვევებისას არ უნდა იყენებდეს ორმაგ სტანდარტებს და უნდა გაასაჯაროვოს ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებმაც ჟურნალისტებს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს და კამერები წაართვეს 2011 წლის 26 მაისს. 

 

ნეტგაზეთი 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1755
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია