დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაცნობი სახე „წრიულიდან“
2012/05/28 13:56:37

ქალბატონ დალი ხუჯაძეს და მის რვასულიან ოჯახს ძალიან უჭირს

ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე არსებულ მადლიერების სახლში, სოციალურად დაუცველი რამდენიმე ასეული ადამიანი, მათთვის განკუთვნილი ულუფისათვის ყოველდღიურად დადის. როგორც თავად ბენეფიციარები აცხადებენ, მადლიერების სახლი მათი ერთადერთი იმედია, იმისა, რომ ელემენტარულ საკვებს, რამდენიმე ნაჭერ პურსა და წვნიანს ოჯახის წევრებს წაუღებენ. მადლიერების სახლში ისინი, წლებია, დადიან და სადილის დაწყებამდე საკუთარ ყოფასა და პრობლემებზე საუბრობენ. „მადლიერების სახლის“ ერთ-ერთი ასეთი ბენეფიციარი ქუთაისელებისათვის კარგად ცნობილი დალი ხუჯაძეა. ქუთაისმა იგი 10 წლის წინ გაიცნო ფრაზით: „გადავიხადოთ სამგზავრო“. ეს ამ ქალბატონის სავიზიტო ბარათია, რომლითაც დღეს მას ყველა ცნობს. ერთი შეხედვით ძლიერი და გამბედავი ქალბატონის მიღმა უამრავი პრობლემით შეწუხებული ადამიანი დგას. მისი სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყება და რვა სულიან ოჯახს სახლში ტოვებს იმის იმედით, რომ  სამსახურიდან დაბრუნებული ლუკმა-პურს მიიტანს.

 

- ქალბატონო დალი, თქვენ თითქმის მთელი ქუთაისი გიცნობთ, რამდენი წელია, რაც ავტობუსში კონდუქტორად მუშაობთ? 

- 10 წლის წინ დავიწყე ავტობუსში მუშაობა. დღესაც მახსოვს ის პირველი დღეები, როგორ მიჭირდა, როგორ მიყურებდა ხალხი. ზოგი არ მენდობოდა და ქვითარს მთხოვდა, ზოგი კიდევ მეუბნებოდა - შენ რატომ უნდა მოგცეთ, მძღოლს მივცემთ ფულსო და ა.შ. თუმცა მალევე ყველამ გამიცნო, დღეს უკვე ყველა კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ. ხალხი როცა ამოდის ავტობუსში უმეტესობას უკვე თქმაც არ უნდა, ისე ამზადებს ჩემთვის მოსაცემ ფულს.

- როგორც გვიამბეთ, რვასულიან ოჯახში მხოლოდ თქვენ მუშაობთ. გყოფნით აქ აღებული თანხა იმისათვის, რომ არჩინოთ მრავალსულიანი ოჯახი?

- მართალი ბრძანდებით, რვასულიან ოჯახში ერთადერთი მე ვმუშაობ. ჩემი ყოველდღიური ხელფასი ხან ოთხი ლარია, ხან კიდევ ხუთი. ძალიან იშვიათად, რომ ექვსი ლარი ავიღო, თუმცა ღმერთის მაინც მადლობელი ვარ, რაღაცას ვახერხებ: ხან პურს ვყიდულობ, ხან - ზეთს, ხან მაკარონს და ასე ვანაწილებ, აბა, სხვა რა უნდა ვქნა. თან მადლიერების სახლის ბენეფიციარი ვარ და აქაც მაძლევენ საკვებს.

- ანუ მადლიერების სახლიდან მიგაქვთ თქვენი ოჯახისათვის საკვები?

- დიახ, ერთი პური მერგება და ქილით წვნიანი, რომ ყოველდღე წავიღო სახლში, ჰოდა, ამ ერთ პურსა და წვნიანს მთელი ოჯახი ელოდება. არაფერი არაა, შვილო, საშუალება და, აბა, რა უნდა ჰქნა.

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, ასევე ფართიც არ გყოფნით. რამდენ კვადრატულ ფართში ცხოვრობთ?

- ძალიან პატარა ფართში ვცხოვრობთ ამდენი სული. ჩემს სახლში რომ შემოხვიდე, ჰოსპიტალში გეგონებათ თავი, ერთადერთი შემოსასვლელში არ გვიდგას საწოლი, სხვაგან - ყველგან. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს - იქნებ რომელიმე პროგრამაში მოვხვდე და რაიმე ძალიან პატარა ფართი მაინც მომცენ, რომ ცოტათი ამოვისუნთქოთ. ერთი შვილი ხომ დაოჯახებულია და ჩემთან ცხოვრობს. ასევე მეორე უცოლო ბიჭი მყავს, 30 წლის, ცოლი რომ მოიყვანოს, სად წაიყვანოს? ჩვენ რაიმე რომ ვიყიდოთ, არანაირი საშუალება არ გვაქვს.

- ასევე, როგორც ვიცით, ოჯახის წევრები ავადმყოფობენ?

- ჩემი ქმარი პირველი ჯგუფის ინვალიდია, ავარიაში მოხვდა. ასევე შვილიშვილს მენინგიტი ჰქონდა და მისი მკურნალობა ძალიან დიდი თანხა დაგვიჯდა, მე კიდევ დიაბეტი მაქვს და ეგაა სწორედ პრობლემა, თორემ  არაფერი რომ არ მჭირდეს, ასეთ დღეში მე არ ვიქნებოდი. თურქეთში წავიდოდი, ან სადმე და, ოჯახმა რომ იარსებოს, იმდენ თანხას მაინც გამოვაგზავნიდი. ახლა „ელ ჯის“ კლინიკაში შვილიშვილი მეწვინა ავადმყოფობის გამო და 150 ლარი მაქვს ვალი, ყოველდღე მირეკავენ და მეუბნებიან, მაინდამაინც სახლში მოგაკითხოთო? მათიც მესმის, თანხა ერგებათ და უნდა მისცე, მაგრამ რა ვქნა, დღეში რომ 4 -5 ლარს აიღებ, როგორ შეიძლება 150 ლარი დააგროვო. იქნებ ვინმე დამეხმაროს, ჩემი უბის მაჟორიტარი ან ვინმე კეთილი ადამიანი და ცოტათი მაინც გამიმართოს ხელი.

 

***

- გულწრფელად გეტყვით: ჩვენ ვინც მოგვმართავს, არავის უყურადღებოთ არ ვტოვებთ, ასევე ჩვენ შეგვიძლია, დავუსაქმოთ მას ოჯახის წევრები. თუ აღნიშნულ ოჯახში მამაკაცებს აქვთ მუშაობის სურვილი, ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით. ამ ოჯახმა ერთხელ მოგვმართა და დავეხმარეთ, ახლაც სიამოვნებით დავეხმარებით,“ - გვითხრა ნიკეას მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ბარათაშვილმა, რომელსაც მივმართეთ შეკითხვით - რაიმეთი დაეხმარებოდა თუ არა რვასულიან ოჯხას.

თუ დეპუტატის დაპირება შესრულდა, ქალბატონ დალისა და მის მრავალსულიან ოჯახს ცხოვრება ცოტათი მაინც გაუადვილდებათ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია