დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პარლამენტის მშენებლობის პროცესი გაუმჭვირვალედ და სამართლებრივი ნორმების დაუცველად მიმდინარეობდა“
2012/05/28 13:31:31

ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი აღმშენებლობის ხანად მოიხსენიება სახელისუფლებო გამოსვლებში. „ჩვენ ვაშენებთ და გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო“, მსგავსი ციტატები არაერთხელ მოგვისმენია სამთავრობო გუნდიდან და, ალბათ, არაერთხელ მოვისმენთ.

ცნობილია, რომ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე სახელმწიფო უამრავ თანხას ხარჯავს, რომლის შესახებაც ინფორმაცია ნაკლებია.

რა ჯდება რეაბილიტაციის პროცესი ფასადებს მიღმა? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას 23 მაისს ქუთაისში, სახალხო დამცველის ოფისში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეეცადა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ პროექტის „ანგარიშვალდებულება და გამჭირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში მომზადებული კვლევების - „ქალაქ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობა“ და „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“ პრეზენტაცია გამართა.

საია მონიტორინგის განხორციელების გზით შეეცადა, გამოერკვია, რამდენად კანონშესაბამისად და პროცედურების დაცვით ხორციელდებოდა ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობისათვის სამუშაოების შესყიდვა, რამდენად ეფექტურად და მიზნობრივად ხდებოდა გამოყოფილი თანხების ხარჯვა, ხომ არ ჰქონდა ადგილი კანონდარღვევებს.

მონიტორინგის შედეგების ძირითადი საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი და მიღებული საჯარო ინფორმაცია. ინფორმაციის მიღების მიზნით, საია და საია-ს ქუთაისის ფილიალი იყენებდა, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის, ისე სასამართლოს მეშვეობით ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის, რომლებსაც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენდნენ, უნდა ყოფილიყო, ადგილობრივი თვითმმართველობა და ასევე სამხარეო ადმინსიტრაცია, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, მათთვის განკუთვნილი ადგილი „შეუვსებელი“ დარჩა. თუმცა იქ იყო კონტროლის პალატის წარმომადგენელი გიორგი მამრიკიშვილი, რომელმაც ეგრეთწოდებული „მოისმინას“ ფუნქცია შეითავსა.

შეხვედრა პროექტის იურისტმა ნინო ხუხუამ გახსნა, რომელმაც, ძირითადად, პარლამენტის მონიტორინგზე ისაუბრა:

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კვლევა მოიცავს პერიოდს 2009 წლის დეკემბრიდან 2011 წლის ჩათვლით. კერძოდ, იმ დროიდან, როცა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ გააჟღერა პარლამენტის გადმოტანის სურვილი, რასაც მხარი პრეზიდენტმა დაუჭირა - საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ცალსახად გადაწყდა - პარლამენტი აშენდებოდა დიდების მემორიალის ადგილას. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ბევრი რამ ეჭვის გამომწვევია, თუნდაც ის, რომ ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად გაედინებოდა.“

საიას მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, ნათლად არის მითითებული გაუმჭვირვალობის საკითხი, კერძოდ, 75 775 300 ლარი განიკარგა ბუნდოვნად და მაღალი ალბათობით - კორუფციულად, რადგან, მათი თქმით სრულიად გაუმჭვირვალე პროცესი იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს.

„მაშინ, როცა ჩვენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მივმართეთ სასამართლოს, მათი პოზიცია ასეთი იყო, დავების განხილვის ნაწილში ნათლად ჩანს, რომ ყველა ადმინისტრაციულ დავაზე სასამართლო წყვეტს საქმის განხილვას დავის საგნის არარსებობის გამო. ყოველივე აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოს პარლამენტის მშენებლობის პროცესი გაუმჭვირვალედ და სამართლებრივი ნორმების დაუცველად მიმდინარეობდა,“ - აღნიშნავს პროექტის იურისტი მაკა ცერცვაძე.

საია-ს მიერ მომზადებული კიდევ ერთი კვლევა - „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“ - ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისა და განვითარების განხორციელებულ საქმიანობას ეხება. როგორც იურისტთა ასოციაცია განმარტავს, კვლევაზე მუშაობის დროს გამოვლინდა, რომ დამფუძნებლების მიერ ფონდებისთვის წესდებით მინიჭებული უფლებამოსილებები ერთიდაიგივე შინაარსისაა.

„ასევე ჩვენ ვაწყდებოდით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემას. მონიტორინგის განსახორციელებლად ჩვენ მივმართავდით თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს და მერიას, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციას, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს, აგრეთვე იმ ფონდებს, რომლებიც ახორციელებდნენ მშენებლობასა და რეაბილიტაციას. სამწუხაროდ, გამოთხოვილი ინფორმაციის მიღება მთელ რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული. უმეტესად არ მოგვეწოდებოდა, ან მოგვეწოდებოდა არასრულად, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ნაწილი კი ამ დრომდე არ მიგვიღია.“ - აცხადებს ჩვენთან საუბრისას სულხან სალაძე, პროექტის კოორდინატორი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეხვედრაზე კონტროლის პალატის წარმომადგენელმა კომენტარი არ გააკეთა. „მე მაქვს ჩემი უფლებები, ოფიციალური ინფორმაცია რომ გავავრცელო, ამისთვის უნდა მიმართოთ ჩვენს პრესსამსახურს. ჩვენს გაწერილ უფლებაში საერთოდ არ შედის ის, რომ თქვენ კომენტარი მოგცეთ.“ - განაცხადა გიორგი მამრიკიშვილმა.

საია მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში ქუთაისში, ქალაქების ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია-რესტავრაციასთან დაკავშირებული სამუშაოები და ამ პროცესში კვლევის ობიექტის, ფონდებისა და დამფუძნებლების მონაწილეობა, აუცილებლად უნდა გახდეს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების ყურადღების საგანი.  

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1657
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია